კალიგულა, აშორდია და გაფრინდაშვილი – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 26.11.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6814-4-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

კალიგულა, აშორდია და გაფრინდაშვილი

ავ კალიგულამ ცხენს კონსულის მისცა წოდება.

ვაძლევ ქიმერებს მე – პოეტი აზნაურობას.

ვაძლევ ყალბ სიგელს თვით გომბეშოს – თუ მეცოდება.

სიამით ვუსმენ ვასსალების ბნელ ხმაურობას.

 

ვარ აშორდიას მოციქული და თანაბარი.

მახინჯი სახე გავასაღე მშვენიერ კერპად.

მიყვარს საშინელ სინამდვილის ავი ზღაპარი,

მაგრამ დაისი ავირჩიე ბრწყინვალე ღერბად.

 

ჩემი ქვეშევრდომ ქიმერების რიცხვი დიდია,

სამეფოს მაინც ვაძლიერებ – ყოველთვის ხარბი.

ჩემი ოცნება, როგორც ქვაბი ცეცხლზე ჰკიდია –

მასში სიზმრებთან იხარშება სასტიკი ძღარბი.

 

ბევრ ამაყ ჭლექებს და ზურმუხტებს მე ავატირებ.

სიმზედ მიჯაჭვულ არომატებს გავხდი მაღალ სარდლებათ.

გავხდი მარგალიტს ოფელიად. ჭინკებს, სატირებს

ჩემ სარკეებში კვლავ მოელის გასამართლება.

 

ცეცხლის თეატრში აკვნესდება ფარდა წითურებ

როგორც მარკიზებს გამოვიყვან ჭრელ მორიალებს –

გავშლი სიგელებს და საომარ მემორიალებს –

ვით ოდიშელი მთელ ქვეყანას გავაბითურებ.

 

პირველი თოვლი, 26 ნოემბერი, 1920 წელი