პანი მოკვდა. გაიმარჯვა ქრისტიანობამ. მაგრამ პოეზია მთელი საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა მითოლოგიური სახეებით, თუმცა არ სჯეროდა ეს მითოლოგია.
ავრორა, არტემიდა, ათინა, გება, ზევსი, აპოლონი, გელიოსი, ნეპტუნი, ორფეოსი, ევრედიკა, აქილესი, ჰერაკლი, ნიობეა, მშვენიერი ელენე, პარისი დიდხანს ამშვენებდენ პოეზიას და დიდ სამსახურს უწევდენ მას.
მითი თანდათან გადაგვარდა.
ქრისტიანობამ დაიპყრო ხელოვნება. დადებითი გავლენა ქრისტიანობის განსაკუთრებით განიცადა მხატვრობამ. ნამდვილი ჭეშმარიტი მხატვრობა შექმნა ქრისტიანობამ (რაფაელი, მიქელ ანჟელო, ლეონარდო და სხვები). დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ არის ქრისტიანობის ენციკლოპედია. ხუროთმოძღვრებაში ქრისტიანობამ შექმნა გოტიკა (Notre Dame). მთელი რომანტიზმი ქრისტიანობით არის წარმოშობილი (ძიება ცისფერი ყვავილის).
შეიძლება ითქვას, რომ ელლინურმა მითოლოგიამ მეტი სახეები და სახელები მისცა პოეზიას, ვიდრე ქრისტიანობამ. ამ შემთხვევაში პოლიტეიზმი უფრო ნაყოფიერი გამოდგა პოეზიისთვის, ვიდრე მონოტეიზმი. ქანდაკების და პოეზიის განვითარებაში ელლინურმა მითოლოგიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, როგორც მხატვრობის განვითარებაში ქრისტიანობამ. ყველაზე უფრო დიდი მითი ახალი დროის იყო ქრისტე. ქრისტიანობის პირდაპირი გავლენით დაიწერა „ღვთაებრივი კომედია“, მისტერიები, კლოპშტოკის „მესსიადა“, მილტონის „დაკარგული და დაბრუნებული სამოთხე“, დოსტოევსკის რომანები. ქრისტიანობამ შექმნა თავისი საკუთარი მითოლოგია, რომელმაც გაამდიდრა ხელოვნების შინაარსი და აღმოაჩინა მარადისობის პერსპეკტივა.
თანამედროვე პოეზია ნაკლებათ ხმარობს წარმართულ და ქრისტიანულ სახეებს. დღეს პოეზია ქმნის რეალურ სახეებიდან სიმბოლოებს, ქმნის ახალ მითებს. წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ დაკარგა თავისი კავშირი ჩვენ შეგნებასთან და პოეტიც სხვა ობიეკტებს ეძებს თავისი შემოქმედებისთვის. ძველი მითები არავის არ სწამს, იმავე დროს ჩვენ გვინდა მითი, ჩვენ გვწყურია მითი.
დღეს პოეზიაში თვალსაჩინოა ერთი ხაზი, ერთი ტენდენცია, რომელიც თანდათან უფრო პოპულიარული ხდება.
ძალიან დიდხანს პოეტების ბიოგრაფია, მათი ცხოვრება და პიროვნება ნაკლებათ აინტერესებდა მკითხველ საზოგადოებას და თვით პოეტებს. მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო პოეტის შემოქმედებაზე.
პოეტი თავის შემოქმედების გარეშე იდგა. დღეს კი პოეტის პიროვნება ინტენსიურ ინტერესს იწვევს, იწერება ცალკე მონოგრაფიები და პიესები ჩატერტონზე, პუშკინზე, შექსპირზე, სადაც მათი ცხოვრების ყოველი დღე და წელიწადი შესწავლილია მათ შემოქმედებასთან ერთად. ძალიან გვიან მიხვდენ, რომ ლირი, მაკბეტი, ჰამლეტი, არიელი და კალიბანი შექსპირის ორეულები არიან.
ხშირად პოეტის ცხოვრება ორიგინალურია არა ნაკლებ, ვიდრე მისი პოეზია.
ტყვილად იკარგებოდა პოეტის ბიოგრაფია და სახელი.
თანამედროვე პოეზიას სურს გამოიყენოს პოეტის ბიოგრაფია და მისი მაგიური სახელი, რომელიც არის მისი შემოქმედების სარკე და ეკვივალენტი.
დღეს პოეზიაში საბერძნეთის ღმერთების ადგილს იჭერენ პოეტები. ჩატერტონი, რემბო, ბესიკი, მაჩაბელი, გოფმანი, ვილიე დე-ლილ ადან არა ნაკლებ აღაფრთოვანებენ პოეტის ოცნებას, ვიდრე ზევსი და აპოლონი, აფროდიტე და ათინა. წინანდელი პოეტები – გარდაქმნილნი დროის და სივრცის ჯადოქარობით უნდა გახდენ არა მარტო დრამატიულ და ეპიურ, არამედ ლირიკულ სახეებათ.
თუ წინათ პოეზიაში იყო აპოლონი, ახლა არის გიოტე, თუ წინათ იყო მედუზა და გორგონა, ახლა არიან ედგარი და მალდარორი, არის სიფილისი და ბოგემა.
თუ წინათ პოეზიაში იყო ოლიმპი, ახლა არის წიწამური, ბირნამის ტყე, თუ წინათ იყო სცილლა და ხარიბდა, ახლა არის მაკადამი, თუ წინათ იყვნენ აქილესი და ჰერაკლი, ახლა არიან ოფელია და ჰამლეტი. ის, რასაც მე ვამბობ სრულიად არ არის მოულოდნელი. აქ არის პირდაპირი ანალოგია ყოფილ ფაქტებთან. წინათ პოეტი – შთაგონებული იყო ელლინურ და რომაულ ღმერთებით და გმირებით, ახლა ის შთაგონებულია წარსულ პოეტების ფანტასტიურ სახელებით. წინათ პოეტი შთაგონებული იყო ორფეოსით და ევრედიკით, ახლა კი შთაგონებულია ბეატრიჩეთი და ალიგიერით. „ღვთაებრივ კომედიაში“ ვირგილიუსი ბეატრიჩესთან ერთად მომქმედი პირია.
ღმერთების ადგილს იჭერენ პოეტები და ძველ ანტიურ გმირების ადგილს იკავებენ ახალი გმირები (ოფელია და ჰამლეტი).
ამნაირად იქმნება ახალი მითოლოგია, რომლის გმირები არიან არა ღმერთები, არამედ პოეტები და მათგან შექმნილი მანეკენები.
სრულიად არ არის საჭირო, რომ პოეზია ამოიწუროს პოეტების სახელებით, ეს სახელები, როგორც მითები, ძვირფასია, მაგრამ პოეტს შეუძლია შექმნას ახალი მითი (აშორდია, ირრუბაქიძე, ელენე დარიანი, ორპირი). ახალი მითის შექმნა უფრო ძნელია და მას მეტი ღირებულება აქვს.
ლირიკამ უნდა გამოიყენოს ყველა საოცნებო სახელები: ისტორიული, გეოგრაფიული და ლიტერატურული, ქალაქების, ძვირფასი ქვების სახელები და შექმნას ამ სახელებიდან ახალი მითები.
II
პოეტის სახელი ანათებს ლირიკაში, როგორც მეტეორი. ეს შეიძლება ყველაზე ადრე იგრძნო ტეოფილ გოტიემ – პირველმა პარნასელმა და ბოდლერის მასწავლებელმა. ლეგენდარული სახელები, როგორც ქიმერები სდარაჯობენ პოეზიას. ასეთი სახელები, როგორც ბართლომეს ღამე, საფირონი, პათმოსი, ერესეфესერ, სტრადივარიუსი, კალიოსტრო უფრო აღვიძებენ და ახელებენ ფანტაზიას, ვიდრე დიდი ურაგანები. საჭიროა სახელი. უსახელო და უავტორო პოეზია პრიმიტულია. ახალი მითოლოგიის შექმნაში დიდი როლი ითამაშეს „ყანწელებმა“. სახელების პოეტიკა და ახალი მითოლოგიის პრინციპები შეგნებულად აღიარა და გამოაცხადა პირველად ამ სტრიქონების ავტორმა (წერილი: სახელების მაგია – „მეოცნებე ნიამორები“ – წიგნი მეექვსე; ლექსები: „ჯვარისწერები დაისში“, „დაისი მესამე“).
ყანწელები ხშირად ახსენებენ ლექსებში ფრანგი პოეტების სახელებს, რადგანაც ქმნიან ახალ მითოლოგიას.
ამ ახალი მითოლოგიის მასკარადში „ყანწელებს“ დიდი გაბედულობით შეჰყავთ ერთმანეთი (პაოლო იაშვილის ლექსი – ალი არსენიშვილს). შეიძლება ეს პირველი მაგალითი იყო მსოფლიო პოეზიაში, როდესაც პოეტებმა მოინდომეს პირადი მეგობრობის გაზღაპრება, როდესაც პოეტებმა გარდაქმნეს ინტიმობა პოეზიათ და თავის ინტიმურ გრძნობებს მისცეს უნივერსალური ლირიკის ხასიათი (ქალდეა, „თფილისის ხერხემალი“). ინტიმობა არის ხაზი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს „ყანწელებს“ მსოფლიო პოეზიაში. ტიციან ტაბიძის სონეტი „ვალერიან გაფრინდაშვილი“ არის ახალი მითოლოგიის შედევრი. იგივე ითქმის პაოლო იაშვილის სონეტზე: „ტიციან ტაბიძე“. სონეტის დრამატიზაცია უთუოდ „ყანწელების“ დამსახურებაა.
კოლაუ ნადირაძემ შექმნა პოეტის – მანეკენის მითი.
„ყანწელების“ პოეზია (კოლომბინა – ნინა მაყაშვილი, ტანიტ, ალკა, მიწიშვილის ჩიბის) არის ბრწყინვალე განთიადი ახალი მითოლოგიის, რომელიც შემდეგში მეტ განვითარებას მიიღებს: შალვა აფხაიძე თავის „ეპიტაფიაში“ იგონებს ყანწელების სახელებს სიკვდილის წინ. სერგო კლდიაშვილმა წერილის პოსტსკრიპტუმი გადააქცია მინიატიურათ და აღსარებათ, რომლითაც ის მიმართავს „ძვირფას სანდროს“ (სანდრო ცირეკიძეს). ქართული მინიატიურის უნაზესმა მოცარტმა – სანდრო ცირეკიძემ გამოაცხადა სათაური შემოქმედების სინონიმათ, სათაური, როგორც სახელი, როგორც პოეტურ შემოქმედების კალეიდოსკოპი.
გიორგი ლეონიძემ დასწერა „ყანწელების“ გენეალოგია, სადაც მოცემულია გვარების ესთეტიკა და ქიმერიადა.
მაჩაბელი – უგზო-უკვლოდ დაკარგული შემოდის პოეზიაში, როგორც მითი.
თავისმკვლელები – საგანელი, გრიშა აბაშიძე – ქართული პოეტური მითოლოგიის გმირები არიან. როგორც ტომას ჩატერტონმა გამოიგონა მე-14 საუკუნის პოეტის – როულეის მითი, ისე ერთმა თანამედროვე პოეტმა გამოიგონა ელენე დარიანის მითი.
ქართულმა პოეზიამ უნდა შექმნას რუსთაველის მითი.
ყანწელები არ უცდიან მომავალ პოეტებს, რომელნიც გააზღაპრებენ მათ, როგორც ღმერთებს და გმირებს და თვითონ შეჰყავთ პოეზიაში ერთმანეთის პიროვნება, როგორც პოეტური სახე, თვითონ ქმნიან ერთმანეთის მითებს და სიმბოლოებს. მათი იდეალია фანტასმაგორია და მითი.
ბოდლერმა დასწერა მთელი გამოკვლევა ცნობილ ოპიოфაგზე – დე-კვინსიზე და მხოლოდ ტიციან ტაბიძემ შეიყვანა პოეზიაში დე-კვინსის ყვითელი მალაელი („ბირნამის ტყე“). დიდი გაბედულობის შედევრია ეს მოჩვენება: „და ოფელიამ თვალი მოავლო, ვალერიანმა გამლეტს გაარტყა“.
„დაისების“ ავტორმა მოიწვია თვითონ დე-კვინსი დაისების მასკარადში (მოხეტიალე პარადიზი).
ფრანგი პოეტები ყანწელების ლექსებში მეორე დაბადებას და მეორე ყოფნას განიცდიან სიკვდილის შემდეგ.
ეს ახალი მითოლოგია არის და უეჭველად იქნება ძლიერი საშვალება ახალი პოეტური სახეების, სიმბოლოების, მითების და ახალი პანთეონის შექმნისათვის.