რუსული პროზა – Blue Horns

ავტორი : ალი არსენიშვილი

თარიღი : 1924

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „დროშა“, 1924, №12

სტატიები, შემოქმედება

რუსული პროზა

1. ილია ერენბურგი

თავისი პირველი სასწაულის მოვლენით – პუშკინით – რუსული პროზა უკვე ევროპის დახვეწილ სტილთა სიმფონიაში შედის. დიდ-ტანიან ინგლისურ „საოჯახო რომანის“ ბატონობის დროს საკვირველია პუშკინის ტაციტისებური ლაპიდარობა, მისი დასრულებული მოკვეთილი ოსტატობის გენია. რუსული ენა მასში იღვიძებს ისეთის ძალით და მოჭარბებულ დუღილით, თითქოს ყველა თავისი ხმების ერთად მოსმენა სურს. „ბელკინის მოთხრობები“ და „პიკის ქალი“ – რადიოაქტივობით სავსე ტანაგრის ჭურჭლებია. პუშკინის პროზამ მოხიბლა პროსპერ მერიმე, რომელიც თავის ნოველლებს სვანურ კოშკებივით აგებდა, რომ მისი ავტორობა და ადამიანობა არსად გამოჩენილიყო. ესთეტიურმა მომენტმა აქ სიყვარულით ჩაკირა ატეხილ ჰარმონიის პირველი სალამური გალის კათოლიკურ სკეპსისთან და  მგრძნობელობასთან. პუშკინმა მისცა რუსულ პროზას სტილის კონსტიტუცია, უანდერძა მას ის შესაძლებლობა, რომელიც მთელი საუკუნის დიდ მდინარეებს ეყოთ სათავედ.  გოგოლის სიცილი, ბოლოს გოიას კლიტით ჩაჭედილი, ტურგენევის სილამაზე, დოსტოევსკის წვალება (надрыв) – იმალება პუშკინის გენიაში. გერმანის სახე „ჩემი სინდისის ტირილი“, ვედრება – „ღმერთო, ნუ მომასწრებ სიგიჟეს“, თავმჯდომარის სადღეგრძელო („ქეიფი ჟამიანობს დროს“) – ეს დისჰარმონიული ხმები – დოსტოევსკის სინდისის გენიის პირველი, ჯერ კიდევ უხვი მზით განათებული ამღვრევაა.

დიდმა მე-XIX საუკუნემ უმძაფრესი ინტელექტუალური დიფერენციაცია გამოიწვია. დაიკარგა ძველი ელისნისტური სინტეზი, საშუალო საუკუნეთა რელიგიის მონისტური ტერორიც სასიკვდილოდ დასჭრა საფრანგეთის რევოლუციამ, გაჩაღდა აზრის, სილამაზის, სოციალურ და ყოველგვარ ბრძოლის ლაბორატორიების განცალკევებული და გააფთრებული მუშაობა. მაგრამ საერთო კავშირის გარეშე ხანგრძლივი ყოფა შეუძლებელია: დრო და დრო კაცობრიობა სწირავს თავის რჩეულებს სინტეზისათვის. იგი ცდილობს, მათში შეადუღოს საკუკუნეში გაბნეული წუხილი მთლიანობის. მას უნდა გამეფებულ გათიშვის ქაოსში ვისიმე ძლიერმა ჭკუამ და სინდისმა გამოისყიდოს საერთო ცოდვა სიცალიერისა. ასეთი დიდი სინტეზისათვის წამების მიმღები არიან – ფლობერი, ტიუტჩევი,  დოსტოევსკი,  ილია ჭავჭავაძე.

დოსტოევსკი – ახალი რუსეთის ინტელექტუალური და ეტიური სინტეზია. იგი ბაზაა, რომელშიაც მოქცეულია რუსეთის  თავისებური და განუმეორებელი ისტორიის ტკივილები. ევროპულ რომანის ტიტანები – ბალზაკი, ფლობერი, ზოლა – მე-XIX საუკუნის სოციალურ ყოფის არქიტექტორებია, რომელთაც მარმარილლოს გრანდიოზული „კაცთკომედიის“ შენობები ააგეს. ისინი ეძიებდნენ თავის დროის ადამიანის გარემოს, წვრილმან ვნებებს და მემკვიდრეობის კანონის ზოლებს. დოსტოევსკი, ალბად, უკანასკნელი გენიაა, რომელიც შექსპირივით თავის გრანდიოზულ სულს ყოფს გამძაფრებულ პიროვნებათა რიგად და მათ პორტრეტებში ტიციანის მედიჩების ძალით გვაძლევს ხან ჩაადაევს (ივანე კარამაზოვს), ხან განდეგილს (ზოსამას). იგი რუსეთის რევოლიუციის წინასწარმეტყველადაა აღიარებული, მაგრამ ივანე კარამაზოვი თითს თითზე არ დაჰკრავს ქვეყნად ცის მეუფების დამყარებისათვის, რადგან მას არ სწამს ჰარმონია, თუ ერთი ბავშვიც კი სტირის სადმე – და ასეთ ჰარმონიაში შესასვლელ ბილეთს დიდის მოწიწებით უკანვე უბრუნებს ღმერთს. ქრისტეს მოჩვენებამ სამუდამოდ გაბზარა დოსტოევსკის სული და შიგ დაასადგურა ადამიანის ბუნების დაეჭვება და გაორება.

თანამედროვე კაცობიობამ აპოკალიპსის დღეები ნახა. ალბად, არც ბიბლიის რყევებს ჰქონდა ჩვენი დღეების დაუდგრომელი პათოსი და ჯერ კიდევ დაუცლელი პოტენცია. დიდმა გრიგალმა გადაურა რუსეთს, დაიმსხვრა ესთეტიზმის კანონიზაცია, დიდმა ქმედითმა რღვევამ დაასამარა მისტიურ-ანარქისტული, დეკადენტური „მე“-ს გაუთავებელი და მტკივნეული ანალიზი.

„И наконец увидишь ты,

………………………………….

Что через край перелилась

Восторга творческаго чаша,

Что все уж не мое, а наше

И миром утвердилась связъ“.

(1912)

ბლოკი მოელოდა, რომ რევოლიუცია გარდაქმნიდა ადამიანს. იგი საერთო სულის ფერისცვალების წინ გრძნობდა თავს. ბლოკი მწვერვალამდის აყვა საშინელ და მაღალ დღეების აღმართს. და იქ სკვითურ მაგრამ ჰარმონიით სავსე ყიჟინით დაითრო სული. „თორმეტი“ კიდევ იმითია საკვირველი, რომ მოვლენათა ცეცხლშია დაბადებული. ბლოკი არ ყოფილა რევოლიუციის „თანამგზავრი“, როგორც პილნიაკი და ერენბურგი. მასში რევოლიუცია ყოველთვის იყო და მაღალ ყვავილად აღმოცენდა იგი „თორმეტის“ ქარში.

სულ სხვა ბუნებისაა ილია ერენბურგის შემოქმედება. მისი ცხოვრების და მწერლობის გზა ნაწყვეტებისაგან შესდგება. ევროპის კაფეებში მუდმივი მოხეტიალე, უნივერსალურ ბოგემის წევრი, ერენბურგი თავის პროტოტიპს ჰპოვებდა წინად ფრანსუა ვიონში, რომლის „პატარა და დიდი ანდერძი“ ცინიკურ ჰამლეტის მონოლოგებია. ერენბურგი სპობს ტრივიალურ თარგმანების ტრადიციას და „წყეულ პოეტების“ მომდევნო პოეტების ინტიმურ სახეს გვაძლევს თავის „საფრანგეთის პოეტებში“. რევოლიუციამ შეაწყვეტინა მას რითმიული სიტყვა და აზიარა პროზას.

თუ ბლოკი განსახიერებაა ალიოშა კარამაზოვის და ჰკოცნის რუსეთის მიწა, ერენბურგი გაამერიკანებული ივანე კარამაზოვია, ფელეტონის ფილოსოფოსია, ახალი ბარუხ სპინოზა. მისთვის სულ ერთია, რომელი ქვეყნის ქარია მის გარშემო. მიწა მას არც კი უნახავს. მიწა მისთვის კაფეს ბეტონის იატაკია. მას არა სცხია რა რუსეთის ლიტერატურის დიადი იდეალიზმის. ერენბურგმაც განიცადა რევოლიუცია, მაგრამ მისი განცდა ნივთიერი სენსუალიზმია, იგი არ ელის რევოლიუციის ცეცხლისგან სულიერ გარდაქმნას, იგი ხარბადაა მოწყურებული ახალი ქვეყნის მხოლოდ ნივთიერი პლანის ნახვას, მისი ჯერ უჩვეულო „კომფორტის“ ყნოსვა ეჩქარება. ერენბურგი თავის მიწას არსად არ ეყუდნის. რუსეთი, მისი რევოლიუცია, მისი სფინქსის სახე მას დიდათ აინტერესებს, აღელვებს კიდეც, მაგრამ თითქოს „უცხოელს“, რასაკვირველია, ერენბურგი არა ჩვენი დროის სინტეზისთვის რჩეული. თანამედროობა, ალბად, ჯერ კიდევ შორსაა საამისო არჩევანისაგან. ჩვენ ჯერ კიდევ მეტად დაგლეჯილი ვართ წინააღმდეგობათა ამბოხებით. მაგრამ ერენბურგი უსათუოდ ერთი მიჯნაა იმ ჰარმონიის გზისა, რომლის მოჩვენებულ ბოლოში ჩვენი დაწყვეტილი დღეები ნახავენ მიუწდომელ სინტეზის დიდ მორიგ ილიუზიას.

ალი არსენიშვილი

ჟურნალი „დროშა“, 1924, 12

Facebook
Twitter