ოქტომბრის რევოლუციამდე საბჭოთა უკრაინის საუკეთესო პოეტი იყო სიმბოლიზმის და მისტიკურ-რელიგიურ განწყობილებათა ტყვე. მისი პოეზია ავსებული იყო წმინდა მარიამით, მადონებით და უკრაინის წარსულის რომანტიული განდიდებით. რუს სიმვოლისტების დიდმპყრობელურ-ნაციონალისტურ მესიანიზმს იგი უკრაინულ მესიანიზმს უპირისპირებდა. „ბელი, ბლოკი, ესენინი, კლუევი, – წერს ტიჩინა ერთ ლექსში, – ღაღადებენ: რუსეთი, ჩემი რუსეთიო. მე კი ვიტყვი, დგას ასჯერ ნაწამები კიევი და ორასჯერ ჯვარცმული მე“.
ტიჩინას სწამდა, რომ უკრაინას მოევლინებოდა თავისი მოსე და აღთქმის ქვეყნისაკენ წაიყვანდა მას, მაგრამ მალე დაინახა, რომ ეს ახლად მოვლენილი მესიები – პეტლურა, სკოროპადსკი და სხვ. – გერმანული იმპერიალიზმის მეტისმეტად პროზაული აგენტები იყვნენ – და პოეტში – მის სოფლმხედველობაში და შემოქმედებით მეთოდში – ხდება უდიდესი გარდატეხა. ეს უკანასკნელი შესანიშნავია იმით, რომ ტიჩინას მსგავსად პროლეტარულ რევოლუციასთან მისულ მრავალ პოეტებისა, არ გაუვლია რევოლუციისადმი მიძღვნილ საერთო-დეკლამაციურ „სიმღერების“ პერიოდი. მან იმ თავითვე შესძლო სრულფასეულ შემოქმედებით ეპასუხებია უკრაინაში დატრიალებულ ოქტომბრის ქროლვისათვის. და მისი პასუხი აღსავსე იყო ახალი რიტმით, მოძრაობით, დიდი ოსტატის პათოსისთ. მისი ლექსები – „მოედანზე“, „როცა ცხენიდან იგი მოწყდა“ დიდი ხანია ცნობილია ყველა წერაკითხვის მცოდნე მშრომელ უკრაინელისათვის.
პოეტმა გამოიყვანა თავისი პოეზია დეკადენტურ ინტელიგენციის და კულაკურ ნაციონალისტების მომსახურეობიდან და რევოლუციის რეალისტურ ხელოვნების გზებს დაადგა. „ვიღას უნდა რახიტული სონეტები და სიმღერებიო – ამბობს იგი – რა საცოდავია ის, ვინც ტრიოლეტებით მუშის გამოკვებას ფიქრობსო“. ჩინია წერს, რომ პარტიას დიდ სიმაღლეებისაკენ, დიდ პერსპექტივებისაკენ მივყევართ, რომ ჩვენ მოსვენებას არ ვაძლევთ სტრატოსფეროს და ატომის ბირთვს, რომ მეტალურგიის დომნებთან ერთად იზრდება ახალი ადამიანები და ღატაკები ჩუჯდნენ მეცნიერებას. პოეტისათვის ოდესღაც ნაროდნიკული შარვანდედით მოსილი სალიანსტვო (გლეხობა) სოციალისტური ინდუსტრიის კადრებს ავსებს: გლეხის გოგონა ოლესია კულიკი მოხუც დედამის დაუკითხავად ტრაქტორისტთა კურსებზე მიიპარება. ახალი უკრაინის სიბრძნე რკინა-ბეტონის დღეებსა და შრომაშიაო – ამბობს ტიჩინა.
ტიჩინას შემოქმედება თავისუფლად და უშუალოდ მიდის მასებში, რადგან მისი სტილი, მისი ენა არ არის ლაბორატორიულ-ხელოვნური, არამედ უხვად სარგებლოს ხალხური ენის საუკეთესო ელემენტების მონაცემებით და იმავე დროს გამდიდრებულია დიდი ოსტატის ორგანიული და ღრმა მუსიკალობით. მისი „ჩემი დღიურიდან“ და „ვცხოვრობთ კომუნით“ ერთ და იმავე დროს ლექსიცაა და პროზაც, მაგრამ შესრულებული არაა გაცვეთილი „ლექსი პროზით“: აქ მიგნებულია ახალი ინსტრუმენტალობა, ახალი ოსტატობა.
დრამატიულ პოემაში „სკოვოროდა“ ტიჩინას აღებული აქვს მე-18 საუკ. უკრაინაში მომხდარი გლეხთა აჯანყება (კოლიივშჩინა), სადაც, ბარიკადის ორთავე მხარეზე, სხვათა შორის, ვხედავთ თავად ხერხეულიძეს და მის წინააღმდეგ აჯანყებულ ყმას ვახტანგს. ერთერთ მოქმედ პირს – მემამულე ქალს, ტიჩინა მონოლოგში ასეთ რეპლიკას აძლევს: „მაშ თქვენ დავით გურამიშვილი ხართ? ძალიან კარგი! ეს კი მსოფლიო მოქალაქ გრიგო – მოხუცი სკოვოროდა გახლავთ. გაიცანით! ხხა! ქართველი პოეტი, თავადი, მემამულე, დევნილთა მფარველი და ჩვენი მოხეტიალე, სოფლის ფილოსოფოსი…“
ტიჩინა გადათარგმნილია რუსულ, პოლონურ, ჩეხურ და სხვ. ენებზე. ჩვენი მკითხველისათვის კი სავსებით უცნობია ეს პოეტი, რომლის მნიშვნელობა სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს და რომლის ათვისება უსათუოდ ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს ჩვენი პოეტებისათვის და ლიტერატურული საზოგადოებრიობისათვის.
ალი არსენიშვილი
„ლიტერატურული გაზეთი“, 1934, 30 დეკემბერი, №32, გვ. 2.