გიორგი ლეონიძეს
ამოდის მთვარე და მიხარია,
ისე წააგავს ტფილისი მთვარეს.
თითქოს იცინის ვერაზე ქარი
და ვითვლი ცაზე თამარის თვალებს.
მაინც რა არის ეს შორი ველი.
ტკბილი შეხვედრა ცხელ სტანიცაში.
ასე მგონია: სასწაულს ელის
და ესენინიც ჩნდება ზეცაში.
ახლა ანაპას ვარ ვენერასთან.
და ჩემ გაჩენას უფალს ვუმადლი.
გულო – ეს ღამე როდემდის გასტანს!
თავო – ნაკურთხო კაბერნეს მადლით!
თითონ მთვარე შლის პუშკინის ფურცლებს.
თითონ სტრიქონი ღვრის უცხო მზის თვალს.
ძვირფას ქალებში ხსოვნა ვერ უძლებს
ბაღჩისარაის ქართველ დედოფალს.
ყირიმ-გირეი, ბაღი ტავრიდა,
სადაც ცრემლების სცემს შადრევანი.
საქართველოზე, მალულ ჯავრიდან,
მღეროდა ერთხელ ქალი მხევალი.
ო, რათ გაეკრა ცას ეს ხსენება.
აფეთქდა გული, გული ლაღუმი.
იყო ეს ლექსის გამოჭენება
თუ სევდამ წარბი გადამიღუნა?
მაღალ ტალღებზე ჩამოჯდა მთვარე
ღამე სიხარულს თუ დავაფარე,
დღე ხომ გამითბობს სისხლს ყურძნის წვენით.
მოყვება ნაპირს თეთრი ცისკარი
რომ მოგიტანოს უბით სალამი.
ჩემო ყამირო გულის ფიცარო,
ვარსკვლავთ ნაჟურო შესმულო ჯამით.