შალვა აფხაიძის დღიური, 5-6 იანვარი, 1935 – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1935

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26465-1-ხ.

გამოცემა :

ჩანაწერები

შალვა აფხაიძის დღიური, 5-6 იანვარი, 1935

05. 01. 1935

მე და ნინა ვიყავით კინოში – ფერად სურათებზე. ძლიერ მომეწონა. რა სიმაღლემდე მიდის კინოტექნიკა – პირდაპირ გაოცებას იწვევს. როდის გააკეთებენ ჩვენში ასეთს სუფთა და დაწმენდილ ფილმს – ტექნიკურად. შინაარსისა და იდეური დატვირთულობის მხრივ ხომ ჩვენ გაცილებით მაღლა ვდგევართ. რა პერსპექტივები აქვს გაშლილი კინოს, როგორი საფრთხით ემუქრება იგი თეატრს, განსაკუთრებით თეთრი ტილოს ალაპარაკების შემდეგ! მაგრამ არა მგონია, როდესმე მან დაიჭიროს თეატრის ადგილი. თეატრი ხელოვნებაა, კინო – უფრო ხელოსნობა, თუმცა მასიური და დიდი ემოციონალური ზეგავლენის გამტარებელიც, აგიტატორიც. სულ სხვაა მაინც ცოცხალ ადამიანს რომ უყურებ თეატრში, ისმენ უშუალოდ მის ხმას, გესმის მისი სუნთქვა, უშუალო მონაწილე ხარ მისი ამაღლების, დაცემის. არა, თეატრი სულ სხვა რამ არის. მას კინო ვერასდროს ვერ შეცვლის, რა გინდ არ უნდა განვითარდეს.

06. 01. 1935

 ნაშუადღევიდან ვიმუშავე მნათობში (1-9 ნომრებში) მოთავსებულ ლექსებზე ბიბლიოგრაფიის დაწერაზე. გადავიკითხე ლექსები და შემდეგ შეუდექი სათითაოდ პოეტების გარჩევას. მაინც მომეწონა ს. ჩიქოვანის ზოგიერთი ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოეტური კონცეპცია და ხერხები სრულიად სხვა სამყაროდან არიან. მომეწონა ტ. ტაბიძის „ორდენოსან საქართველოსათვის“. დიდი სტილის ლირიკული ლექსია.

ეს უკვე ახლობელია ჩემთვის. მხოლოდ მეტისმეტად ტვირთავს ისტორიზმით. ტელეფონით მელაპარაკა სერგეი დავიდიჩი. მელაპარაკა მის „შემოდგომის აზნაურებზე“ როგორ მაინტერესებს რა გამოვა ამდენი ნაწვალები და ნაჯახირევი კომედია! თუმცა სერგოს გემოვნების მჯერა.