კრძალვით იღება ეს ჩემი კარი
და შემოდიხარ წამწამთ შრიალით.
მესმის ხმა უცხო თაფლივით წყნარი
და საყურეთა ოდნავ წკრიალი.
აიმართები უჩადროთ ახლოს,
სვეტი სინათლის მადგება შენი.
თითქოს ეს სახე ოდეს მენახოს,
გამოქცეული სამცხედან შველი.
აანთე წუთით ცხელი ოცნება,
ფრთიან ტალღების დამეც ხალისი.
ორ მანდარინის პატიოსნება
არის სტუმარის დიასახლისი.
შენ მოტეხილო, ჰაიშე, მზიდან,
კლარჯეთის ნაძვის ფშინავ სუნელით,
და რაც წარსულში სევდა გიზიდავს,
ფორთოხლის ბაღში ჩაჰქრა მარადის.
ნაზ მანდარინის ჭავლათ იღვრება
შენი სხეული და შენი გული,
მოგონებაშიც თანდათან ჰქრება
ჩადრი და მთვარე ზედ ანთებული.