შეინძრა ფიცხლად ხმალი კედელზე,
აბჯარს სალამით მიუალერსა.
და გაახსენდა ზეიმი ველზე,
ხელი, რომელმაც მკერდზე ალესა.
შეინძრა ფიცხლად მეორედ ხმალი,
დასწვდა შაშხანას, დასცა ჭახანი.
და თეთრი ძუა, სისხლი შემხმარი
აინთენ როგორც მთვარე ახალი.
კარი შევლეწე გუდამაყარის
ჩავკაფე მტერი მე დარიალის,
გზას მოჰყვებოდა მწვანეთ ნაყარი
ცა ვარსკვლავების; ჩემივე ელვა.
რამდენჯერ სისხლში ჩამქრალა პირი,
რამდენი ხმალი ჩემზე დაფშვნილა.
აუ, წარსულო, შენ შემოგყვირი,
ნუ თუ ბრძოლათა წავიდა დილა?
როდის ჩამრეცხავს ღამე სოველი
და გასაშრობად გაკრული ქარში.
შურისძიება გულის მწოველი,
ჩასრიალდება ჩემსა ქარქაშში.
როდის იქნება მომხვდება ღვარათ
ჩემი პატრონის ხმა ვაჟკაცური.
შეატყდეს სიტყვა პირზე მომდგარი,
ვინც დამაზანტოს, სისხლ არ გასცუროს.
ხმალო, იელვე – მესმოდეს უნდა –
მკერდი შეაპე მრისხანე მტერის,
ვინც ძველი გზების მტვერმა გაგუდა
და ასჯერ დაკრულ სიმღერებს მღერის.
– არ დაგწვავს ჟანგი, ხმალო, იყუჩე,
გდარაჯობს ფხიზლად პატრონი შენი,
ბრძოლის დროც მოვა ეკვეთე ურჩად
და გულის კარი მტერს შეაფშვენი