სალამი სანდროს!
ქრისტე აღსდგა.
არ გრცხვენია, სანდრო, უნდობლობა რომ შემომწამე? როდის იყო, უნდობლად რომ გიყურებდი. დანარჩენ ლექსებს თუ გთხოვდი არა იმიტომ, რომ მეშინოდა მათი დაკარგვა. არა, ეს არ მაშინებს, ვინაიდან საამისო ღირებულებას არ წარმოადგენენ ისინი. გწერდი იმიტომ, რომ ხანდახან ვფიქრობდი მათ გაზეთში მოთავსებას. მეტი არაფელი. ეს არაფელია.
სერგომ მითხრა, რომ სანდრო ძლიერ გლახათ არისო. რატომ არაფელს არ მწერ, სანდრო, მერე შენ ჯანმრთელობაზე? მომწერე უსათუოდ. გარწმუნებ, ეს მე ძლიერ მაინტერესებს _ როგორც შენ ახლო მეგობარს. სხვათა შორის, გუშინ გაიხსნა მწერალთა ყრილობა. რა კარგი ქენით, რომ არ ჩამოდით. ასეთი სიცარიელე და სრული უბადრუკობა სულის და გონების ჯერ არც ერთ ყრილობაზე არ მინახავს. რა კარგია, რომ უცხო არავინ ესწრება ამ ყრილობას! კარგათ და მოხდენილათ დაახასიათა ერთ სიტყვაში ვანიჩკამ: ეს გამოქცეულთა (бъженцы) ყრილობაა. თავმჯდომარე კი (გომართელი) სელტერასკით შერეულ ღვინოს გავსო. მოხსენება გააკეთა გამგეობის მხრით კ. მაყაშვილმა. ძლიერ უფერული და უშინაარსო. შემდეგ სარევიზიო კომისიამ, რომელმაც გააქარწყლა სრულიად გამგეობის მუშაობა: აღნიშნა საშინელი დაუდევრობა. უსისტემობა ანგარიშების წარმოებაში და სხ. გამგეობა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. ვართაგავამ ისარგებლა და გაილაშქრა `ახალგაზრდების~ წინააღმდეგ. ფედერალისტებმა რეპლიკების ზვინი დასდგეს. ჩააცივდნენ `ქიმერიონს~. გლახა შთაბეჭდილება შეიქნა. იხსნა გამგეობა ისევ აკ. პაპავამ, რომელმაც საუცხოვო სიტყვა სთქვა. თითქმის ერთი საათი ილაპარაკა. გაფანტა სრულიად შთაბეჭდილება. არ ვიცი, პაპავა რომ არ ყოფილიყო, როგორ დაძვრებოდენ. ტიციანს სრულიად არ სცოდნია ლაპარაკი. პაოლომაც ვერაფერი სთქვა. ასეთი იყო გუშინდელი დღე. დღეს მეორე სხდომაა დანიშნული. ახლა ჩვენ განწყობილებაზე, სანდრო. ამას შენ შეინახავ შენთვის. გწერდი წინეთაც და ახლაც გეუბნები, ვერ შეურიგდი ტიციანს, რომელიც გაჩერებულია წინ და არ აძლევს არავის გასაქანს. უკმაყოფილო ვარ ამით არა მარტო მე, არამედ ყველა აქ მყოფი გარდა მართლაც კლაკიჴრ ლეონიძისა. მე, მართალია, ამ უკმაყოფილებას შენს მეტს არავის არ ვეუბნებოდი. უკანასკნელმა ტიციანის მიერ ნაკარნახევმა წერილმა დაურღვია სულის სიმშვიდე ზოგიერთ ჩვენს ბიჭებს. განსაკუთრებით აღელვებულია კოლია. ნაწყენია ძლიერ ვანიჩკა და სხვები. მე, სანამ ეს წერილი დაიბეჭდებოდა მანამდი მქონდა ლაპარაკი ვანიჩკასთან. მქონდა სწორედ იმ თემაზე, რაზედაც შენ გწერდი წინა წერილში და გეუბნებოდი: ის რაც ახალი და რევოლიუციონური იყო ჩვენში ამ ჯგუფის ხელში, დღეს იმავე ბანალობად გადაიქცა. მე მგონია, დრო არის, ახალი გზების ძებნისა, საკითხის სხვანაირად დაყენების. ყოველ შემთხვევაში, რაც არსებობს, მისი გაღრმავება. საერთოდ საჭიროა, ვეუბნებოდი ტიციანის მიერ შექმნილი რუტინის გადალახვა. ეს შეიძლება ასე თუ ისე ამ ჯგუფიდან გამიჯვნით. და სხ. ამაზე, თუ ჩამოვედი, ვრცლად მოგელაპარაკები. ვანიჩკაც დამეთანხმა. რას იზამ, სანდრო, ვანიჩკას მეტი აქ არავინ მყავდა. მე საკითხს ვაყენებდი და ვაყენებ ახლაც წმინდა პრინციპიალ ნიადაგზე და აქედან გამოვდივარ. დავსახეთ პატარ პატარა გეგმები. ლეონიძის წერილი ბომბასავით გავარდა – და კოლია გადმოისროლა ჩვენსკენ. რა თქმა უნდა, გულწრფელად გეუბნები, სანდრო, ამ წერილისათვის სრულიად არ მიმიქცევია ყურადღება. ის არაფელს არ მეუბნება. ეს კი არის, რომ ბევრს ატკინა გული. მართალი გითხრა, ამით გვინდა ვისარგებლოთ და ერთგვარი საზღვარი დაუდვათ ამ ორ პიროვნებას. დამეთანხმე, სანდრო, შეუძლებელია ასეთი დიქტატურა ჩვენ წრეში. არავინ არ სწამს ტიციანს. სწამს ერთი პაოლო და გრიგოლი. ჭიჭოკაზე წერილს როგორ დავწერო (თუ ძმა ხარ, ნუ ეტყვი). ასევე და უფრო ალმაცერ თვალით უყურებს კოლაუს. მეორე მხრით მას უნდა ყავდეს უკან ლაშქარი და სარგებლობდეს მათი რიცხვით. ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვემართა პაოლოსათვის და გვეთქვა: თუ არ შეცვლით თქვენ ჩვენდამი დამოკიდებულებას, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩამოგშორდეთ და სხ. გუშინ საღამოს შევხვდით პაოლოს და ტიციანს და ვანიჩკამაც უთხრა ყველაფერი. სასაცილოდ აიღეს. მაგრამ ეს არ არის საინტერესო. ახლა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ დღეს. მივცეთ თუ არა ხმები. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქ, ყოველ შემთხვევაში, ტიციანს არ მივსცეთ ხმა. საერთოდ აღარც თვითონ არიან ახლა მაინც და მაინც ბრძოლის გუნებაზე. გუშინ, მაგალითად, გვითხრეს, ჩვენ აღარ შევალთ გამგეობაშიო _ ვინაიდან ეს არც საჭირო არის და არც ამხანაგებს უნდათო. ამას კი ხედავენ ჩვენ მოქმედებაში და აგრეთვე თქვენ მოქმედებაში, რომ არ ჩამოდით. საერთოდ თქვენმა უყურადღებობამ აქ გავლენა მოახდინა მათზე. გაიგეს, რომ შენ ძლიერ ნაწყენი ყოფილხარ, მგონი, უკანასკნელ წერილზე. და პაოლომ თავისი იმერული ხრიკები გააცხოველა; ეუბნება ტიციანს: რა თქმა უნდა, შენ არაფელ შუაში ხარ, მაგრამ ის წერილი მაინც არ უნდა დაბეჭდილიყო, სანდროს ჩვენთვის კარგის მეტი არაფელი არ უქნია და რას ერჩითო, რა საჭირო იყო ჩემზე იმდენი წერა, როცა სულ ერთი ლექსი მაქვს მოთავსებული და სხ. ამან გამოიწვია დიდი გაცხოველება ბაასის. ტიციანმა იმართლა თავი იმით, რომ ეს რა ჩემი ბრალია, ლეონიძემ რაცხა დასწერაო. ერთმა სთქვა: საკვირველია, რათ აქვთ ასეთი პრეტენზიები ცირეკიძეს და სხ. მაგრამ ამ წერილზე უნდა გითხრა შემდეგი. როგორც დანამდვილებით გავიგე, ერთი თვის განმავლობაში ეფერებოდა ტიტე ლეონიძეს, დაწერე რამეო. ბოლოს მანაც ერთი თვის განმავლობაში წერა და როგორც იქნა დაათავა. ისიც გადასცა ტიტეს და მას როგორც უნდოდა, ისე შეაკეთა. გოგლას არასფრის გულისათვის არ უნდოდა დაბეჭვდა და ამ ნიადაგზე, მგონი, შელაპარაკებულან კიდევაც, მაგრამ ბოლოს დაიბეჭდა მაინც. და სწორედ პირველი ნომერი აიღო ხელში და არა მეორე, სადაც მათი არაფელი არ იყო. ასეა საქმეები. გუშინ საღამოს დიდ ხანს გვქონდა ლაპარაკი. თქვენი არ ჩამოსვლა ძლიერ სწყინთ. მაგრამ ეს ძლიერ კარგია. თუ შიგნით არ არის ერთგვარი ოპოზიცია, ისე მეტის მეტათ გავლიან თავს. ახლა მათ საღამოზე. მე, რა თქმა უნდა, არაფელი დმოკიდებულება არ მაქვს მასთან, მგრამ თუ მწყინს, მწყინს იმდენად, რამდენათაც სხვა თავის ამხანაგებს არ გაუწიეს ანგარიში. მოგეხსენებათ, რომ ქიმერიონში მათ დიდი ვალი ქონდათ. ბოროტი ენები ამბობენ (ეს შენ შეინახე სანდრო), ჯვარი ქიმერიონის ფულით დაიწერა ტიციანმაო. მაგრამ ეს არაფელია. ამ ვალების გასასტუმრებლათ გამართეს საღამო. გახსოვს სანდრო პაოლოს გამოსვლები ქუთაისში ვიღაც სპეკულიანტების წინაამღდეგ. ამის შემდეგ `ქიმერიონში~ იმავე სპეკულიანტებს დაუწყო არშიყობა, ოღონდაც კი აუქციონში ფული აეღო. საღამოს არ ქონია სრულიად არავითარი იდეური მხარე. აიღეს დაახლოვებით 100 ათას მანეთამდე. გამართეს მთელი ჯგუფის სახელით და ფული კი ორმა გაიყო. გაისტუმრეს თავის ვალები. დანარჩენი კი კარტში წააგეს. იმის მაგივრად, რომ შენთვის `შვილდოსნის~ საჭიროებისათვის გამოეგზავნათ ერთი ხუთი ათასი მანეთი მაინც, კარტში წააგეს. არ ვიცი რამდენად დასაშვებია ეს ამხანაგებს შორის. ესეც უთხრა ვანიჩკამ. ვერაფელი ვერ უპასუხეს. საკითხის მიფუჩეჩება აირჩიეს. და რამდენი სხვა ასეთი მაგალითები. სერგომ გაკვრით მითხრა შენი გადაწყვეტილება, სანდრო. შენ ახლა სწორედ არ უნდა დატოვო ეს საქმე. სწორედ ეს უნდა ამ ჯგუფს. ყვირილით და რეკლამით მოკლეს ბევრი და მოკლავენ სხვებსაც. მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ: უჩვენოდ არაფელი არ გაკეთდება. და რომ დამტკიცდება, რომ თუ ისინი არ იქნებიან, ისედაც შეიძლება რამეს გაკეთება, მაშინ დარწმუნებული ვარ, მეტ ანგარიშსაც გაგიწევენ. მე მგონია, რომ ჟურნალის გამოცემა ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც უნდა განაგრძო. ჩვენ აქ რაღაც გეგმები გვაქ დასახული მატერიალური წყაროს აღმოსაჩენად. დაგეხმარებით ყოველივე მხრით. შენ ოღონდ გამოგვიგზავნე მანდატი ერთგვარი. დავიღალე წერით, თორემ კიდევ ბევრი მინდოდა მომეწერა.
სალამი ყველას.
(ყველაფერი შენთვის შეინახე, სანდრო, ჯერჯერობით).
შენი შალიკო