სანდრო ცირეკიძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26099-53.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

სანდრო ცირეკიძეს

გამარჯობა სანდრო!

მივიღე შენი წერილი. მადლობა ღმერთს, რომ შენც ცოცხალი ყოფილხარ. მე კი შემიშინდა. რომ იცოდე, სანდრო, როგორ შევშინდი, შენი სიჩუმით კი არა, ჩემი ავათმყოფობით. ერთი კვირის წინ სერიოზულად გავხდი ავათ. ბევრმა სიარულმა მაწყინა და მიმატა გულის ტკივილმა. 13 ნოემბერს კრება გვქონდა გამგეობის. სხვათა შორის, ამ კრებაზე ცოტა აღელვებული ვიყავი და როდესაც მოვედი სახლში, საშინელი ტკივილები ვიგრძენი, მთელი ღამე არ დამეძინა, გადავწყვიტე, რომ ვკვდებოდი, ცოტა გვერდიც მეტკინა და ამან სულ გადამიწყვიტა იმედი. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, შევიტანე თხოვნა გამგეობაში და სამსახურში განვეთავისუფლებიეთ, და განვთავისუფლდი მეორისაგან, გამგეობამ კი… კვლავ გამიტაცა. მინდოდა, ექიმთან მივსულიყავი, მაგრამ ერთი კვირე გადის აგერ და ჯერ კიდევ ვერ მოვიცალე მისვლა. ეხლა შედარებით კარგათ ვგრძნობ თავს. გული, თუ არ ვიარე ბევრი, არ მტკივა. მხოლოდ წელის ტკივილი შემრჩა. ერთხანს გადავწყვიტე წასვლა ქუთაისში, ეხლა კი ჯგიროთ ვარ. 9 დეკემბრისთვის ვმართავთ საღამოს და ეხლა იმის სამზადისში ვართ. მაინც და მაინც ბევრი დრო არ მაქვს. სხვა აქ ჩვენ და სამხედრო მედიკებს შორის განხეთქილება მოხდა. 17 ნოემბერს მოვიწვიე პირველი კრება, და ბევრი კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ თითქმის ერთხმად, მედიკები არ მივიღოთ ჩვენ ორგანიზაციაში. ძალიან გამწარებულნი არიან. მიზეზები ბევრ ნაირნია, ვნახოთ, როგორ ხასიათს მიიღებს საქმის მსვლელობა. სხვა მე რას ვშობი? ვინ მიყვარს? მე ეხლა ვამზადებ მოხსენებას ბარათაშვილის შესახებ. ჩემს მეტი ჯერ ჯერობით არავინ არ ამზადებს. ძალიან დაინტერესებულნი არიან ქალები ჩემ მოხსენებით და უნდათ დასწრება. თუმცა გარეშე პირებს არა აქვთ ნება ჩვენ სამეცნიერო წრეში სიარულის, მაგრამ იმ საღამოსათვის აიღეს უკვე ნებართვა. საღამო განსაზრახული გვაქ 30 ნოემბერს. ძალიან მეშინია. ვიცი წინ და წინ, რომ უკმაყოფილებით შეხვდებიან მოხსენებას. ბარათაშვილის კულტი ჩვენში ძლიერია. ბარათაშვილის პოეზია, ჩემი ფიქრით, ფორმის სრული დაცემაა, ჩვენ ვტკბებით ბესიკის ლექსის ტეხნიკით, ბარათაშვილი კი უძლურია თავის ლექსის ტეხნიკით. ხომ მეთანხმები? მერე მე მგონია, რომ ბარათაშვილს და იმ დროს შორის, რომელშიდაც იგი ცხოვრობდა არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ბარათაშვილისთანა პოეტი შესაძლებელია მოვლენოდა საქართველოს მაშინაც, როდესაც იგი უხვად სუნთქავდა თავისუფლების ჰაერს. ამაშიდაც ხომ დამეთანხმები, სანდრო? აქ კი ვიცი, ეს დებულება გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას და სხვა ასეთი კითხვები კიდევ მექნება. მერანის შესახებ, მაგ., მაგრამ ამაზე შემდეგ. ასეა, სანდრო, საქმეები. ისე წავიკითხე უკვე       ა. ბელის წერილები სიმბოლიზმზე, ანენსკის `Книга отражений~. აპოლონის ნომრები, სადაც დაბეჭდილია ანენსკის წერილები `Русская лирика~,  გიპიუსის ლექსები (მშვენიერია), ვკითხულობ ეხლა ბალმონტს, ბრიუსოვს და წავიკითხე ბლოკის `ბალაგანჩიკი”, `ნეზნაკომკა~ და სხ. ლირიკული პიესები. ძალიან მომეწონა. ვკითხულობ კიდევ ედგარ პოს მოთხრობებს. ეს წიგნები ყველა შევიძინე კიდეც.

ვინ მიყვარს? არავინ, გული ისევ ცარიელია. და ალბათ ასე ჩავალ საფლავსა შინა, რომ… წუხელი იყვნენ ჩვენთან ლიდა ცინცაძე (ხომ იცნობ?) და დოდიკა. ბევრი ვიცინეთ, ვიტირეთ 12 საათ. და მერე გავაცილეთ. სანდრო, ეხლა შენ მომწრე ვრცლად როგორ ხარ? რას აკეთებ? ვინ გიყვარს? ვინ გძულს და სხ.

მე ეხლა აღარ ვმსახურებ ჯერ ჯერობით. მალე კი შევუდგები ისევ. სანდრო წერილი მომწერე უნივერსიტეტში. რადგანაც აქიდგან გადასვლას ვაპირებთ. აღარ მოგვწონს ოთახი.

ჩვენ უნივერსიტეტში კარგა ხანია პოლიციელები სდგას, მად როგორ არის საქმეები?

მართლა, გამახსენდა ვანიჩკას ლექსი. რომ წაიკითხავ, ჯერ არ მოგეწონება, მიტომ რომ მხოლოდ სიტყვების გროვა გეგონება. კომენტარიებს რომ გაუკეთებს, მერე დიდებულია. მართლა მე და ვანიჩკამ ერთ საღამოს წავიკითხეთ ერთად გაფიზის ლექსები და ორივე გამოვტყდით, რომ იმ საღამოს მივიღეთ საუკეთესო ესთეტიური დატკბობა. მართლაც რომ დიდებულია. გირჩევ წაიკითხო, სანდრო, მოთავსებული `Рускიй въстник~, 1874 г., том 109. Мотивы Гафиза, Прахова. ეხლა ნახვამდის.

ერთი ხუთჯერ ვიყავით მე და ვანიჩკა ადელგეიმზე. დიდებულათ თამაშობს. ეხლა ვაპირებ სობინოვზე წასვლას. მომიკითხე ნაცნობები.

 

შალიკო

[პეტერბურგი]