ძველი ხატების დიდ მინანქრებში
კვდება ტფილისი ქართლის დიდება.
და მოგონებას ქვების ნამქერში
ჩემი თვალები გაეკიდება.
ო, საქართველო, მინდა მივმართო
დარღვეულ სხეულს, ჩემს მიწას-დობილს:
შენ ამ სივრცეში იწვები მარტო,
ვინ შეგიფარებს აქ არ შენდობილს?
ღამეებს მიაქვს დღის მწუხარება.
და მოჩვენება ცხელი ისანის.
გადაავიწყდა ტფილისს ხარება:
ჩვენც ერთმანეთი გადავიცანით.
აქ საოცარი იწვის ხველება,
ცრემლთა ტბა არის თვალების უპე.
სანდრო! გვაწუხებს საშინელება,
ბაღლიჯოს სრესა, შმორი და წუმპე.
შემოგვეჩვია ქარი სოველი.
გვიანი სპლინი ობით ნალესი.
შემოღამებას კრთომით მოველით.
იქნება ჯვარცმა უმწვერვალესი.
პილიგრიმები. უდაბნო ცხელი.
ნინო წარმართი და კლეოპატრა.
სანდრო! მეძახის შენი სახელი.
და საფიჩხია კვლავ მომენატრა.