ძველი დარბაზი – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1930-იანი წლები

ადგილი : ბათუმი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26944-9-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ძველი დარბაზი

19 იანვარია.

ვანიჩკა შენთვის გამორჩეულ დღეს მთვარე დაბნელდა. გათბობდეს და გწვავდეს მზე. ჩემი გულის ამ ნაწილს გთავაზობ შენ ნიშნად ღრმა სიყვრულისა შენდამი.

 

ძველი დარბაზი

ჭერ მაღალი დარბაზი,

მოლხენილი ნოხებით,

ხმა გაბმული სიმღერა,

ჩასირმული ჩოხების.

 

სისხლს აქცევენ კედლიდან

ხმალი, თოფი, აბჯარი

და მოოჭვილს ჩარჩოში

წინაპარი ჩამჯდარი.

 

გრძელი სუფრა გაშლილი,

ბროლაში ნისლი ჩამჯდარი.

ფარჩიდან აფრენილი

ხოხობთა ნიაღვარი.

 

შუბლს აგრილებს დარბაზში,

სიო ბრწყინავს ქათიბთა.

გულზე მარჯნის ნათება

ჭაბუკთა თვალებს თიბავს.

 

აღგზნებულან თითები

ზედ დამდნარნი თარზედა.

და მღერიან ლექსები

რაინდების გვარზედა.

 

ლეკური და სახელი

თქმული ვერცხლის ქოშით,

ჩერო გადმოფენილი

მჭვინვარ ყურის ბოლოში.

 

ბუდეშურით, ატმებით

ანთებულნი ვაზები,

ცახცახებენ სუფრაზე

თქმული მუხამბაზები.

 

რაღად გინდა ხვალის დღე,

თუ კი ჰკივის ფარ-ხმალი

ხელს ამშვენებს თასი და

სუფრას – რქების ჭახანი.