შალვა კარმელი – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, №4

სტატიები, შემოქმედება

შალვა კარმელი

ქალაქში, სადაც მწვანე ნავალებით დადის როდენბახის მელანქოლია და ღამის ძაღლებს თვალებით დააქვთ გადაშენების სევდა, გარდაიცვალა პოეტი, რომლის სულში გადასული  იყო  წმინდა ანგელოსის ეკლესიის ჟრუანტელი და იდუმალი შიში მისი დატოვებულ საფლავების. შალვა კარმელი, რომელიც გავდა სანთელს,  მაღალ კუბოს წინ დანთებულს, იყო პოეტი თაფლის სინაზის და მოწყენის.

იანვრის ცივ დღეებს გაჰყვა პოეტი, რომელიც დადიოდა როგორც მოჩვენება და წაიღო თან ახალი პოეზიის კვარი და საცეცხლური.

შალვა კარმელი, ახლგაზრდა ქარვის გამოხედვით. მას ფილტვებით დაჰქონდა ოქროს და შემოდგომის მიწურულ დღეების მელანქოლია. ის იყო თითქოს გედი ვილიე-დე-ლილის ბაღში გაზრდილი, რომლის ციურ სიმღერაში ისმოდა დატეხილი და შორეულში გადასული ხმები. მე ახლაც მაწუხებს მისი თქმა ლექსის:

„გადმოკიდულა ციდან

სემირამიდის ბაღი,

გულია ერთი ციდა

და მთის ოდენა თაღი“.

ეს იყო თქმა თითქოს საიქიო ინტერვიორის. ეს არის ლექსი Mis Lea Lees ჭლექით დათრთვილული. და პოეტი იყო რაინდი ქალბატონ ტუბერკულოზის უმთავრესად.

მართალია, ხშირად აათამამებდა იგი ლექსს ბაბილონიდან მოტანილ ყალბ ორიენტალიით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დეკორაცია, უფრო ხშირად ბუტაფორია, რომლის ფონზე ყოველთვის  ისევ ტუბერკულოზის ბაცილები ქსოვენ იმ უფსკრულს, რომელშიაც ყველაფერი იღუპება.  „ბაბილონი“ – რომლიდანაც გადმოდიან ცრემლები და მგლოვიარე დები ჭლექიან პრინცის, დარჩა როგორც ორანჟერეია ორხიდეების, რომელშიაც ეძებდა პოეტი მივიწყებულ ბინდებს.

და ნახულობდა  მოწყენილ სკამებზე ჩამომჯდართ შორეულ ქალბატონებს. ის გრძნობდა ჭლექს შინაგანი სინათლით და წამებული ნერვებით.

„თითქოს გავცივდი თოვლში ღარიბი:

დანესტიანდა ფილტვის კედარო,

შენ, ჩემო ლანდო, ვის ეყვარები,

გზა დაკარგულო მუნჯო მხედარო!“

დიდხანს ატარა მან ეს დანგრეული „კედარო ფილტვის“ და უყურებდა უიმედო მოლოდინით მის სრულ დაშლას. „აღარ მეღირსა განკურნება ჭლექიან ფილტვის“ – ტიროდა ის ლექსებით. მაგრამ დროს და საზოადოებას სხვა გული აქვს და სხვა მორალი. მხოლოდ ჭიათურის მრეწველთა საბჭოს დახმარებით (გადმოგვცა პატარა თანხა) გახდა შესაძლებელი მისი აბასთუმანში გამგზავრება. თითქოს იგრძნო პოეტმა მოახლოვება დასასრულის და აქ ამღერდა განწირულ სტრიქონებით:

„გადასდე შუშა წამლით, ფხვნილები

გავყვეთ ფრინველებს ტყეში რქიანებს.

შორი ქალაქის ქვაფენილები

მაინც დაგვცემენ ჩვენ ჭლექიანებს“.

და მიაშურა ქუთაისს, რომელიც იყო მისთვის მეორე სახე  „მკვდარი ბრიუგესი“. დედის კალთაში გააყოლა სული საფიჩხიის გრძელ ქუჩას, როცა მისი ოთახის ფანჯარაზე ცვიოდენ თოვლის სათუთი ნაფლეთები. სიკვდილის წინ ერთი სიხარული წაიღო, რომ იხილა უკანასკნელი მოწყენა თოვლის და მისი სიწმინდე. იყო ნათელი, ჩუმი და თოვლის ფიფქებმა გააცილეს მისი პროცესია.

ახალ პოეზიას, რომლის რიგებშიაც ის თავიდანვე დადგა, მოაკლდა პოეტი მოცემული ტალანტით და მზიანი მომავალით. ძნელია ამჟამად რაიმეს თქმა მის პოეზიაზე, როცა წინ არის სახე ახლო ადამიანის და გინდა იტირო დაგუბებულ ცრემლებით.

შალვა აფხაიძე

გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 4