შალვა აფხაიძის დღიური, 23 დეკემბერი, 1919 – 2 იანვარი, 1920 – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 23.12.1919-02.01.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26947-2-ხ.

გამოცემა :

ჩანაწერები

შალვა აფხაიძის დღიური, 23 დეკემბერი, 1919 – 2 იანვარი, 1920

23 დეკემბერი, [1919].

საოცარი ერთფეროვნებით მიდიან ეს დღეები. მიდიან ასე, რომ არ ტოვებენ შესამჩნევ კვალს. ისე მოველი რაღაც არაჩვეულებრივს, სენსაციურს! ნაცვლად ამისა მევლინება რიტმიული დენა. მომწყინდა ასეთი რიტმი! საერთოდ ყველაფერი მომწყინდა. განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ გამწყობილების რკალში ვარ მოქცეული. მგონია, ეს არის ჩემი მისწრაფებათა შემოდგომის ნაცრისფერი დღეები. ო, ღმერთო! აი, რომ დავჯდები ჩემთვის მარტო და დავფიქრდები; თითქოს კრიალოსანის სათუთი კაკილები, ათამაშებდა ჩემ თითებში წარსული ნათელი დღეები. რა კარგი და სხივოსანნი იყვნენ ისინი. რაოდენი გატაცება და რელეგიური ექსტაზი იყო მაშინ ჩემში. აი, ჩემ წინ, მოწყენილ ნისლიდან როგორც მოჩვენება, თითქოს ქვითინებს ჩემი საყვარელი პეტროგრადი. ჩემი პეტროგრადი! რამდენი ტკბილი და ნეტარი განცდებია შენთან დაკავშირებული! არც ერთი ქალაქი, მშობლიურ ქალაქებს შემდეგ, ისე არ მყვარებია, როგორც პეტროგრადი. მისი მოწყენილი, მუდამ ნისლიანი და იდუმალი სახე ისე ეწყობოდა ჩემ ღრმა მელანქოლიურ ხასიათს და პირველად პეტროგრადში დავიწყე თავისუფალი ცხოვრება. პირველად პეტროგრადში დავინტერესდი წმინდა პოლიტიკურ საკითხებით. და მხოლოდ ამ ნიადაგზე გამოითალა მზიანი დღები. რას არ ვოცნებობდით! რა მიზნები არ გვეხატებოდა წინ! განთავისუფლებული და ბორკილ აყრილი ხალხი! სარდაფებიდგან ბრწყინვალე ქუჩებში გამოსული შავი მწკრივები, რომლებიც გაუტეხელ ენერგიით და ფანატიკური რწმენით გადალახავდენ არსებულ წყობილებას და კრძალვით შეაღებდნენ კარებს ახალ ქვეყანაში. და ამ ნიადაგზე მუშაობა რაოდენ ბედნიერებად მიგვაჩდა. აი, თითქოს გუშინ მოხდაო, ისე ცოცხლად და ხალისიანად დგება ჩემ წინ ერთი სურათი: ჩემი ოთახი. დიდი, საუცხოვო ოთახი. ვზივართ მე და სიმონიკა ყაუხჩიშვილი და ლიტოგრაფზე ვბეჭდავთ, ღიმილით სახეზე, პროკლამაციებს. ხვალ გამოსვლა იქნება უნივერსიტეტში. ხვალ გამოსვლა იქნება მთელ ქალაქში. შეირყევა ეს ჭაობი. და როგორი შიშით და მეშჩანური კრძალვით უყურებენ ამ დღეს პატარა კაცუნები. ამზადებენ ხვალისთვის ყველაფერს. ბევრი გარბის ქალაქიდან. ჩვენ კი გამოვალთ ნევის პროსპეკტზე და იქ შეუერთდებით ჩვენ ძმებს – მუშებს – მომავალის მჭედელთ და ვიტყვით ჩვენ სიტყვათ. რა საუცხოო სურათია. რა ნეტარი მოგონებაა. და შემდეგ მეორე დღეს პროკლამაციების გადაყრა. ნევის პროსპეკტზე გამოსვლა და დემონსტრაციის მოხდენა. ცხენოსან „გოროდოვების“ გარს შემორტყმა და დაჭერა. და განა გვაფიქრებდა ჩვენ ეს დაჭერა? პირიქით ბედნიერებათ მიგვაჩნდა. და ბევრი სხვა ასეთი სურათები კინემატოგრაფიული სიჩქარით მისი ჩემ წინა. მაგრამ უდიდესი გატაცება, ენერგიის დაჭიმვა ეს ხომ 27 თებერვალს მოხდა. და ამ დღეების წარმტაცი ეპიზოდებიც მიკრავენ თავს და თავაზიანათ მივლიან გვერდში. მომავალი სამოთხედ გვეხატებოდა. გვეგონა, რომ მოკვდა ძველი მსოფლიო დრო-მოჭმული და უნიადაგო. გვეგონა, რომ შევედით ახალ ქვეყანაში, განახლებულ წყობილებაში. გვეგონა რომ მოხდა სრული გარდატეხა კაცობრიობის საერთო სვლისა. გვეგონა, რომ მოხდა რევოლიუცია სულისა… ვინ იცის კიდევ რა გვეგონა. და დღეს… დღეს მხოლოდ ამ მოგონებებით ვირთობ თავს. და ამ უკმაყოფილებაზე, მისწრაფებათა განუხორციელებაზე ფეხს იკიდებს და ძლიერდება ჩემი რომანტიული განწყობილება. ფრთებს შლის რომანტიული სიყვარული რევოლიუციის დღეებისადმი, რომლებიც სავსენი იყვნენ იმედებით.  და ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მინდა სულ მოვშორდე ამ მეშჩანურ ქვეყანას. ღმერთო! ნეტავი შემეძლოს და წამიყვანა ახლა სხვაგან, იქ, სადაც იწვის სამსხვერპლოზე ხალხის სული, სადაც მთელი ერი ბრწყინვალე ხალისით და წვალებითაც ეზიარება მიმავალ საერთაშორისო რევოლიუციას, სახეში მაქვს რუსეთის სინამდვილე.

მე მიუხედავად იმისა, რომ არ ვეკუთვნი მათ პარტიას, განსაკუთრებულ პატივსა ვცემ მათ. პატივსა ვცემ, ვინაიდან მათ ხელში არ შეგინებულა, როგორც ეს ბევრს გონია, კულტი რევოლიუციისა, ვინაიდან მხოლოდ მათ შესძლეს ცეცხლის მოკიდება და გადაწვა ხავსიან წარსულისა. მხოლოდ მათ შესძლეს თეორიიდან პრაქტიკაში გადასვლა. ეს კი უდიდესი რაინდობაა და თავგანწირვა. თუ ბოლშევიკებმა აღიარეს ერის უფლებები, მაშინ უეჭველია, ჩემი სიმპატიებიც გაიზრდება და შეიძლება კიდევად მივემხრო მათ საბოლოოთ. დღეს დღეობით კი მე არ მაკმაყოფილებს არც ერთი ჩვენში მომქმედი პოლიტიკურ პარტიის პროგრამები. არ მაკმაყოფილებს მათი რევოლიუციონური ფრაზეოლოგია და რეფორმატიული საქმიანობა. ჩვენში გამეფებულია სრული მეშჩანიზმი. მე მწამს მხოლოდ ერთი მუხლი: საქართველოს უფლებების დაცვა. ამ საკითხში კი ვენდობი იმ პარტიას, რომლის წევრათაც მე ახლა ვირიცხები – სოც. ფედერალისტებს. იმ პარტიას კი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღო არა როგორც მისი ორგანიული, ლოღიკური მოთხოვნილებით, არამედ კომბინაციების შემთხვევითი შეჯგუფებით, ვერ ვედობი. მენშევიკებმა, მე მგონია, მიიღეს საქართველოს სუვერენობა არა როგორც ისტორიული უსამართლობის გამასწორებელი ნაბიჯი, არამედ პირად, სუბიექტურ, პარტიული თავმოყვარეობის წყალობით. ყოველ შემთხვევაში, დღეს დღეობით ჭეშმარიტი ქართველი რევოლიუციონერი, მოვალეა, არ გაილაშქროს იმ მთავრობს წინააღმდეგ, რომლის დროშასაც აწერია საქართველოს დამოუკიდებლობა…

დღეს ვნახე სასახლეში გალაქტიონ ტაბიძე. ჩვეულებრივი წყნარი, რაღაც მისტიური ხმით მესაუბრა. მე ძლიერ პატივსა ვცემ გალაქტიონს. მწამს მისი პოეტური ინტუიცია. მითხრ,ა რათ არ სწერ არაფელსო და როდესაც მე მიუგე, რომ ჯერ უმჯობესია ცოდნის შეძენა და მერე წერა თქო, მან მომიგო: „მე ვკითხულობდი შენ წერილებს და ძლიერ მომწონდაო. თუ სხვებს აქვს უფლება წერის და თავისი გვარის მოწერა, ამის უფლება უეჭვლეად შენცა გაქვსო“. ალბათ ასეთი კომპლიმენტით ჩემი სიამოვნება უნდოდა. არ ვიცი! შეიძლება გულწრფელიც იყო. ყოველ შემთხვევაში, სხვის გულში ხელის ფათური არ ვარგა. მე მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავ. დაახლოვებით საღ. 7 ½ საათ. წავედი თამარისთან. დაპირებული იყო ნინა, რომ წავიდოდით კინოში. რაღაც განსაკუთრებული სიამოვნებით მივდივარ ყოველთვის თამარისთან. რაღაც გამოუთქმელი განცდა მესტუმრება ხლმე, როდესაც თამარისკენ წავალ. ასე მგონია, იქ დამხვდება უდიდესი ნეტარება, რომლის ფასი არასდროს არ მიგრძვნია. ხშირათ ვფიქრობ და ვაკეთებ ამ გრძნობის ანალიზს, მაგრამ ვერ დავანაწილე პატარა ელემენტებათ. რატომ მიხარია იქით წასვლა? რათ ივსება გული თეთრი იმედებით? არ ვიცი. ალბათ არის ვიღაცა – მიზეზი ამ განცდებისა! ვერ გამოვერკვიე. ეს კი ვიცი, რომ მინდა ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთშიაც ვიყო თამარისთან. ღმერთო! ასეთი წმინდა მეგობრული სიყვარულით არავინ არ მყვარებია. რა საუცხოვო ადამიანია! შემიძლია მე ოდესმე გადაუხადო სამაგიერო პატივისცემა იმ გავლენისათვის, რომელიც მოახდინა თამარიმ ჩემზე? საერთოდ მე ამ ოჯახს ყველაზე უფრო მეტ პატივს ვცემ და მიყვარს. წარმოიდგინე, დიომიდეს ოჯახზედაც კი. არაფელს ვამბობ ჩემ შინაურ ოჯახზე, რომელიც არას დროს არ მყვარებია მამას გამოკლებით განსაკუთრებული, თავდავიწყებული სიყვარულით. ო, რა უბედური ვარ! უბედური ვარ იმით, რომ ჩემი ჩემდამი ოჯახის სიყვარული რაღაც ავათმყოფურია, არა ნორმალური. მიზეზი? ჰე! მიზეზი, ალბათ საფლავში ჩამყვება. მხოლოდ ეს კი არის, რომ მიზეზი მქონდა ამისა. და მთელი ჩემი სიყვარული, რომლითაც ასე დაჯილდოებულია ჩემი გული, მე გარეშე ოჯახზე გადავიტანე. ყოველთვის გამოუთქმელ სიამოვნებას ვგრძნობ პატარა შალიკას ცოცხალ თვალებს ან და ქეთუშას შავგრემან, ქართულ პროფილს რომ დავინახავ. რაღაც ისე ვგრძნობ ჩემ თავს ამ ოჯახში, თითქოს ჩემ საკუთარ მშობლებში ვიყო. არასდროს არ გამომიცდია დედის სათუთი ალერსი, და ნაზი მოფერება, მაგრამ წარმოვიდგენ კი  ყოველთვის, როდესაც შევალ და შევხედავ ყოველთვის მხიარულს და მოსიყვარულე მარიამს. მისი თეთრი, ჭაღარა თმები და ნათელი სახე რაღაც დედობრივი სითბოთი მეგებება ყოველთვის. და თამარი! თამარი კი რაღაც არაჩვეულებრივია. ალბათ ასეთია დის სიყვარული. და ყოველთვის ისე უყურებ, როგორც ჩემ უფროსს დას. და, მეგობარი, ამ სიტყვის ნამდვილი და გაურყვნელი შინაარსით, აი რა არის თამარი ჩემთვის. იგი ერთად ერთი ქალია, რომელმაც წმინდათ მიიღო ჩემი მეგობრობა. და მეც ჩემი მხრით უსაზღვრო პატივსა ვცემ თამარის. არასდროს არ შემიძლია, მაზე რაიმე ცუდი წარმოვიდგინო. და როდესაც მე ერთმა ჩემმა „მეგობარმა“ მითხრა, რომ მგონი ამ და ამ კაცს მოსწონდა თამარიო, რაღაც გასაოცარი სისწრაფით შემძულდა ეს კაცი. ღმერთო! ნეტავი თუ იქნება ისეთი წუთი, როცა მე დავივიწყებ თამარის მეგობრობას? მწამს დროის ცვალებადობა, მაგრამ არ მინდა ეს ვიწამო. მაშინ ადამიანს არ ექნებოდა უფლება მიემჩნია ცხოვრებაში რამე წმინდათა-წმინდათ. და თუ მე რაიმე მიწერია მომავალში, მოვახერხე პატარა დაღის დამჩნევაც კი ქართულ აზროვნებაზე, ამაში უდიდესი დამნაშავე იქნება თამარი. რომ ამის გავლენა არა, ალბათ მე კვლავ ქუთაისის წუმპეში ვიქნები ჩაფლული ახლაც და ალბათ რომელიმე სამიკიტნოში ღვინით გაჟღენთილი.  მართლა მე მივეცი თამარის სიტყვა, რომ ერთად ერთი ნაკლი, რომელიც მე უეჭველად მახასიათებდა, ღვინის სიყვარული, მოვიშორო თავიდან და მე შევასრულებ ამ სიტყვას. იმდენი ნებისყოფა კი მაქვს, რომ თამარის სურვილი შევასრულო. მისი სურვილი კი ჩემ კეთილდღეობას მოითხოვს. მე ამაში ერთ წამითაც არ შემდის ეჭვი. და როგორც ყოველთვის, ამ საღამოთიც მხიარულად წავედი თამარისთან. ეს მხიარული ორკეცდება იმითაც, რომ იქ იქნება ნინა. შემდეგ წავალთ კინემოში. ნინა! ღმერთო, რა ცოცხალია, რაოდენი სიმხიარულეა ამ საუცხოვო ზღაპარში!

თამარისთან მივედით. იქ დამხვდა ტარასი და მისი ძმა. არ ვიცი, რატომ, და მე ძლიერ მერიდება ტარასის. რა ვიცი, შეიძლება მას არც კი სიამოვნებს ჩემი იქ მისვლა. არ მიცნობს ასე ახლო. მე კი მიყვარს ტარასი. კარგი ადამიანია. ეკუთვნის იმ გამონაკლისთა ჯგუფს სამხედრო პირთაგან, რომელსაც კავშირი აქვს საზოგადოებრივ აზრთან, და ხალხთან. ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელნი არიან და ამიტომ მიყვარს ტარასი. არ მინდოდა შესვლა, მაგრამ ნინას მოთხოვნით შევედი. მთელი საღამო მოწყენილი ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ უცხოთ ვიგრძენი თავი. თამარი არ იყო სახლში. მოვიდა შემდეგ ავათმყოფი. ლოგინში ჩაწვა. კინემოში ვერ წავედით მე და ნინა. სადღაც ნინა წავიდა. მე მეგონა, რაღაც საქმეზე გავიდა გარეთ და ისევ დაბრუნდებოდა. აღარ დაბრუნდა. გული დამწყდა. თამარი უკეთ დავტოვე. ღმერთო, კარგათ ამყოფე თამარი. ხვალ ვინახულებ დილით. გავიგებ როგორ არის თამარი. სახლში მივედი და აქ სერგო დამხვდა ავათ.

24 დეკემბერი.

დღეს დილით თამარი უნდა მენახა და გამეგო მისი მდგომარეობა, მაგრამ ტარასი ვნახე და მან გადმომცა ყველაფერი. შემდეგ გზაში შევხვდი თამარა რუხაძეს და მასთან ვილაპარაკე დიდ ხანს. მთელი ორი საათი თითქმის ვმუსაიფობდით სოფიკოზე. კარგი ადამიანი იყო ძლიერ სოფიკო და მისი დავიწყება ძნელია. შემიძლია, მართლაც მთელი დღეობით მის შესახებ ვილაპარაკო და არ მომწყინდება. იშვიათი ქალიშვილი იყო საწყალი და ყველას გულში სიბრალულს იწვევს მისი სიკვდილი. მე ახლაც კი ვერ შევრიგებივარ ამ აზრს, რომ სოფიკო მოკვდა. ასე მგონია, ქუთაისში არის და ხან და ხან წერილიც კი მინდა გაუგზავნო. როგორ მაბრაზებს ის საყვედურები, რომლებიც მე მომდის ქუთაისიდან ნაცნობებიდან. მისაყვედურებენ: რათ არ დაესწარი სოფიკოს დასვენებასო. თითქოს ამით შეიძლებოდეს ადამიანის პატივისცემის გამოხატვა! დარწმუნებული ვარ, ძლიერ ცოტა (სულ 5-6 კაცი) იგრძნობდა ისეთ სიმწუხარეს, როგორიც მე ვიგრძენი სოფიკოს გარდაცვალებით და არასდროს არ წაიშლება ჩემ გულში მისი ხსოვნა, როგორც უმაგალითო პატიოსანი და ჭკვიანი ქალიშვილისა. საღამოს მინდოდა თამარისთან წასვლა. მაგრამ ამგვარმა გარემოებამ დამაკავა. ერთი ის, რომ მერიდება ყოველ დღე სიარული. შეიძლება, ამით ვაწუხებ მას. რაც უნდა იყვეს, ოჯახის პატრონია. ოჯახს კი ყოველთვის აქვს თავისი სპეციფიური მოთხოვნილებანი. რომ ეს მორიდება არ მაკავებდეს, ალბათ ყოველ წუთში თამარისთან ვიქნებოდი, ვინაიდან არსად არ ვატარებ დროს ისე სიამოვნებით, როგორც მასთან. მაგრამ არის მეორე მიზეზი, შეიძლება ამ მომენტში უმთავრესიც, რომელიც მე მაკავებს და არ მიშობს თამარისთან. ღმერთო! ნეტავი არ არსებობდეს ეს მიზეზი! ან ისე შეიცვლებოდეს, რომ სხვა შედეგს მომცემდეს. აი, ეს მიზეზიც. ვიცი, თამარისთან იქნება ნინა. მე გადაწყვეტილი მაქვს, თუ შევძელი, ერთი ორი კვირით მაინც არ შევხვდე მას. საკვირველი გადაწყვეტილებაა! მაგრამ მას აქვს მტკიცე გასამართლებელი საფუძველი. მე ყოველთვის განსაკუთრებულს სიამოვნებას ვგრძნობ მას რომ შევხვდები. იგი ასე მეჩვენება, როგორც მფარველი ანგელოზი. მინდა, პირდაპირ დავიჩოქო ხოლმე მის წინაშე და ვილოცო ისე, როგორც ჩემ ხატზე. არასდროს არ მიგრძვნია სიცოცხლის სიძვირფასე ისე, როგორც ახლა. თამარის სიყვარულს დაემატა ნინას უსაზღვრო პატივისცემა. ნინა! რამდენ რამეს მეუბნება ეს სიტყვა და ყოველთვის მის კისერზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარი მეჩვენება ვაზის ჯვარად, რომელმაც სასწაულებრივ იმოქმედა ჩემზე. მე ვრწმუნდები, რომ დასაბამი მთელი მსოფლიოსი, პირველი სუბსტანციები არიან სიყვარული და სიძულვილი. ძველი ელინური, კერპთთაყვანისმცემელი ფილოსოფია მიხვდა ამ სიბრძნეს, და მისწვდა გასაოცარი სიმახვილით და სისწორით. ეს დუალისტური პრინციპი სრულიად ეგუება მსოფლიოს მშენებლობას. სიყვარული – რომელიც აერთებს ყველაფერს და ქმნის ახალ მოვლენებს. სიყვარული – რომელიც გამოხატვაა შემოქმედებითი ენერგიისა და რომელიც არის პირველი დედა მსოფლიოსი, სიყვარული – რომელმაც ქაოსიდან გამოჰკვეთა გარკვევით შემოხაზული სახე მსოფლიოსი. სიყვარული – რომელიც აძლევს აზრს და მიზანს ჩვენ სიცოცხლეს. სიყვარული – პრიმატი ყოველი ჩვენი მოქმედებისა, რომელიც წინასწარ უსწრებს ჩვენ ყოველგვარ შემოქმედებას. ო, ვინ იხილა შენი ბრწყინვალება და თვალისმომჭრელება სრულებით და უშუამავლოთ? ვინ გახდა ბედნიერი და იწამა შენი განუსაზღვრელი ძალა? და როდესაც ასე ხშირად ვხმარობ სიტყვას, ღმერთო, მე ყოველთვის შენი ბინდიანი სახე მაქვს მხედველობაში. მე ყოველთვის მორწმუნე ვარ შენი დაუსრულებელი ძალის და მე ვერ წარმომიდგენია ერთი წუთითაც კი ჩემ ცხოვრებაში, რომ არ ვყოფილიყავი დამწვარი შენი უხილავი ცეცხლით, რომელიც უმხურველესი და უწმინდესია ყოველთა ცეცხლთა. მე ვერ წარმომიდგენია ისეთი შეწუხებული წუთი, რომ ჩემი მარტოობა, ჩემი წვალება და სევდა მაინც არ მყვარებოდეს. მაგრამ მე არ მიხილავს უშუამავლოდ შენი ძვირფასი სასახლეები, შენი მარმარილოს კოშკები. არ დამისვენებია წუთითაც კი შენ ზღაპრულ სამეფოში – ვინაიდან მეშინია შენი ცეცხლის, შენი დამწვარი ლოცვების, და ახლაც როდესაც ვგრძნობ, რომ მოვდივარ შენი დარბაზის კარებისკენ, მე ნაცვლად იმისა, რომ შემოვაღო ეს კარები და ვიხილო სიცოცხლის სრული სილამაზე და სრულმყოფელობა, მე თავს ვღუნავ და მოკრძლებით მინდა დავბრუნდე უკან… უკან… შეიძლება გადავიჩეხო ამ უკანასკნელში დიდ ხრამში? არ ვიცი, მოსალოდნელია. მინდა, უკან წამოვიდე ახლაც. ო, ეს შეიძლება! როდის იქნება შენი დასასრული? აი, სწორედ ამიტომ მეშინია ნინასი! მეშინია რაღაც მისტიური შიშით. მეშინია, ეს გატაცება, ეს სიამოვნება არ გადაიქცეს დაუკმაყოფილებელ წმინდა სურვილათ, რომელიც გახდება წყარო ჩემი დაუსრულებელი ტანჯვისა და შემდეგ… შეიძლება, უკვე გადაიქცა. არ ვიცი. ამას ეს ორი კვირე დამანახვებს. თუ შევძელი თავის შეკავება ეს სიმპტომატიური მოვლენა იქნება. თუ არა და ჯვარს დაუწერ ჩემ არსებობას. თუმცა, ვინ იცის. ტანჯვაში ჰპოვა ხო ჩემმა საყვარელმა და ინტიმურმა ოსკარ-უაილდმა გადახალისება და სულის ამაღლება. ტანჯვაში განიბანა ხომ იგი და შექმნა მთელი ტანჯვის ფილოსოფია, ნაცვლად ესთეტიური ფილოსოფიისა. სისულელეა! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეც შევქმნი ახალ ფილოსოფიას ტანჯვისას, მაგრამ მე შემიძლია ხომ, გავინაწილო უკვე არსებული აზრები და განცდები, როგორც იმპერატიული კატეგორიები.

საკვირველია! რატომ ხდება ასე? თითქმის ყოველთვის თუ სახლში, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ნინას სახე მეჩვენება. წიგნს თუ ვკითხულობ, ისე ნაზად გადაშლის შავ სტრიქონებს და გამოანათებს იქიდან თეთრი, საოცარი კბილებით. და იცინის. მუდამ იცინის. თუ დავდივარ, მომესმის რაღაც ყრუ სიმღერა. თითქოს მორცხვად დგას იგი და იმღერის. გარკვევით ვხედავ მის სახეს და გარკვევითვე მესმის მისი ხმები. თუ ვზივარ და არაფელს არ ვაკეთებ, ისე უმიზნოდ უყურებ კედელს, აქაც მისი სახე ასვენებს თვალებს. თუ გზაში მივდივარ ყოველ გამვლელში ის მელანდება – თითქოს ყველანი გადაქცეულან ნინად. მე მადლიერი ვარ ჩემი წარმოდგენის სიძლიერის, რომელიც მაძლევს საშვალებას, როდესაც მინდა, მაშინ ვიხილო სასურველი სახე.

დღეს აღარ წავედი თამარისთან. ღმერთო! რას იფიქრებს თამარი! ავათ ვარ და არ მნახაო. რომ იცოდეს, როგორ მინდა მისი ნახვა. მაპატიებდა.

10 საათი იქნებოდა, სერგომ დაიძინა და მე სულ მარტო დავრჩი. სულ მარტო! რა მეშინია ამ სიტყვის. სიკვდილისაც იმიტომ მეშინია, რომ მარტო ვიქნები საფლავში. არც ერთი სიტყვა არ მძულს ასე, გარდა სიცარიელისა.

მარტო დავრჩი და მაგიდასთან დავჯექი. მინდოდა, წიგნი მეკითხა. წიგნის მაგივრად თვალებიდგან სრულიად უნებლიედ ცრემლები წამომივიდა. ო, ჩემო ახლო მეგობრებო, წმინდა ცრემლებო! მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს მე, ქალბატონებო, მარტოობის დროს. ისე მოფრინდებით, მომხსნით რაღაც დიდ მძიმე ლოდს და განმათავისუფლებთ ტანჯვისაგან. ჩემო ცრემლებო! მოდით ჩემთან ყოველთვის მარტოობის დროს და თქვენ მომიალერსეთ.

დღეს ვნახე პაოლო და მითხრა პარასკევს მოდი მწერალთა კავშირის კრებაზე და ვიქეიფებთო. ეს ხდება ქიმერიონის გახსნის წინა დღით. მე რა თქმა უნდა არ წავალ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მიუხედავათ იმისა, რომ ყველას ვაფასებ მათ, მაინც ვერ მოვეწყვე. ისიც, რასაკვირველია, საქეიფოდ არ წავალ.

25 დეკემბერი.

საკვირველი სიზმარი ვნახე წუხელი. რომლის შინაარსი ვერ გამოვიტანე. მახსოვს მხოლოდ, რომ ვნახე თამარი და ნინა. ბევრი ვიწვალე. რომ გამომეღვიძა, რაღაც დიდი წვალება ვიგრძენი. ო, როგორ მიყვარს ეს სიზმრები, ეს ქვეცნობიერი ცხოვრება დღით დაღლილ სულისა. მე მინდა, შევქმნა მთელი ცხოვრება სიზმართა, მაგრამ ამაზე შემდეგ. დილით ავდექი გვიან და პირდაპირ უნივერსიტეტში წავედი. იქიდან თამარისთან შევედი, მინდოდა, გამეგო მისი მდგომარეობა. ვნახე მარიამი, რომელმაც გადმომცა ყველაფერი და მითხრა, საღამოთი შემოიარეო. ღმერთო! როგორ მინდა, მწყურია მათი ნახვა, მაგრამ არ შემიძლია. ჩემ თავს ძალა უნდა დავატანო, რომ არ ვინახულო. მომეცი ძალა და შეძლება ამ სურვილის განსახორციელებლად.

შემდეგ წავედი სხვა და სხვა წვრილმან საქმეებზე. როგორ მინდა ვიმაცადინო! როგორ  მინდა, შევავსო ის დანაკლისი, რომელიც მე მომცა ამ ორმა წელიწადმა. ორმა მღელვარე წელმა. რას არ ვფიქრობდი, რას არ ვოცნებობდი. მეგონა, 22 წლის გავათავებდი უნივერსიტეტს. მეგონა, ამ რიგად, რომ საკმაო დრო დამრჩებოდა კიდევ სამაცადინოთ და დავრჩებოდი უნივერსიტეტში. მაგრამ გაიარა 22 წელმა და მე მხოლოდ ოცნებად მქონდა კიდევ უნივერსიტეტის დასრულება. და დიდმა რევოლუციამ ხომ სულ ამირია გზა კვალი ისე როგორც უმაგალითო საერთაშორისო ომმა. სრულიად მომწვიტა იმ საგანს, რომელიც მე მაინტერესებდა და გადამაგდო იაფ-ფასიან ბროშიურებში. და არი წელი ეს თითქმის მთელი საუკუნე თავის მნიშვნელობით ბროშიურებს და იაფ-ფასიან პროპაგანდას მოვანდომე. მართალია, მქონდა ლამაზი წუთები, ეს იყო, როცა ჩემი სიტყვა საქმით მინდოდა დამემტკიცებია, მაგრამ მე მაინც მგონია, მე მეტს გავაკეთებდი და მეტ სარგებლობას მოვიტანდი, რომ ჩემ დარგში მემუშავა. და ახლა იმედებ გაცრუებული, შრომას გადაჩვეული ვიტანჯები მით, რომ ასე ჩამოვრჩი ჩემ საგანს. და შემეძლო კი რამე გამეკეთებია. და ვფიცავარ ჩემ წმინდათა წმინდას, როგორც კი შევატყობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რომ დავიწყებ ჩაფლას ვიწრო ობივატელურ წუმპეში, რომ მე ვერ გამოვიჩენ საზოგადოებრივ მუშაობის უნარს, იმ წუთსვე მოვიკლავ თავს. არაფელი არ მძულს ისე, როგორც ეს მეშჩანიზმი. და ერთად ერთი თვისებაა მშვენიერი ნინასი, რომელიც პატარა ჩრდილს აყენებს ჩემ სიამოვნებას. ეს არის ნინას შიში და მოკრძალება მეშჩანური აზრის და მორალის წინაშე. მგონი, ამ საკითხის გარშემო კიდევაც ვაწყენიე ნინას. ერთ ერთი ბაასის დროს ცრემლებიც კი მოუვიდა თვალებზე. რა შვენოდა ეს ცრემლები, თუმცა სიბრალულს იწვევდა იგი ჩემში. ნეტავი, მქონოდა იმის შეძლება, რომ ეს ცრემლები ამეკინძა მშვენიერ კრიალოსანად. ხშირად დავისვენებდი მისი თითებში ათამაშებით.

იმაზე ვლაპარაკობდი, მე ძლიერ მინდა, ახლა გამოვასწორო ჩემი დანაკლისი, მაგრამ ამის შეძლება არა მაქვს. სახლში ავათმყოფი წევს, და როდესაც კი ავიღე წიგნი ხელში, იმ წუთშივე მოვიდა ვინმე ამხანაგი. ეს ერთი ორი კვირაა, აგერ აღარ მიმაცადინია. მიზეზი ჩემ გარეშეა. ალბათ მომავალ თვიდან მარტო ვიცხოვრებ და შემდეგ ვეცდები, ამოვავსო ის სიცარიელე, რომელსაც მე ვგრძნობ ჩემში. საღამოთი ვერ მოვითმინე და თამარისკენ წავედი. მინდოდა, ის ქუჩა მაინც დამენახა შორიდან, რომელშიაც იგი სუნთქავს და დადის. და წავედი იქით ჩემ თამარისკენ. ჩემ თავს ძალა დავატანე და არ შევუხვიე მის სახლში. რაღაც გარინდებული, თითქოს გონება დაკარგული წავედი სადღაც. მივდიოდი, მაგრამ საით არ ვიცოდი. მივდიოდი ისე უმიზნოდ. პატარა ხნის შემდეგ კასოს ოთახში გავჩდი. ძლივს გამოვერკვიე. ცივო ოფლიც კი შემდენოდა შუბლზე და დაღალულმა, ნელად მოვიწმინდე იგი. მინდოდა თავის დავიწყება და კასოსთან პოლიტიკაზე ჩამოაგდე ლაპარაკი. ბაასი მენშევიკების აგრარულ რეფორმებზე ჩამოვაგდეთ. ო, ეს მენშევიკები რევოლუციის სამარცხვინო დეზერტირები, სოციალიზმის ინვალიდები როგორ ჩაეფლენ ამ წვრილ ბურჟუაზიულ პოლიტიკაში. როგორ ვიწროთ შემოფარგლეს თავისი სოციალური რეფორმები. როგორ გაამასხარავეს ყველაფერი. ცხოვრება მოითხოვს უჩვეულო გაქანებას და ნების სიძლიერეს. ცხოვრება მოითხოვს რადიკალურ გარდაქმნას და მენშევიკები გზა-კვალ დაბნეულნი არიან. აკეთებენ იმას, რაც მხოლოდ სიხარულს გამოიწვევს ბურჟუაზიულ წრეებში. მენშევიზმი უნდა მოკვდეს, მაგრამ უნდა მოკვდეს ბუნებრივი სიკვდილით. და ეს მოხდება მაშინ, როცა იგი სავსებით ამოსწურავს თავისავე თავს. ეს კი მალე მოხდება. მის მემკვიდრედ მე მელანდება ბოლშევიზმი, როგორც ახალი სიტყვა, როგორც ახალი გაგება ცხოვრების მიმდინარეობისა და ახალი მოძღვრება. ბოლშევიზმის მიკრობები, როგორც გადამდები სნეულება უსათუოდ მოედება მთელ აღმოსავლეთს და აზიას. ბოლშევიზმი ერთად ერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, სრულიად გადაახალისოს მთელი მსოფლიო და ახალი ნორმები ჩაუყაროს მას საფუძვლად. „ისტორია გამეორდება“. აზია, რომლის პოტენციაში არის დაგროვილი ეს ახალი ენერგია, რომელიც თხოულობს გაშლას და ამოძრავებას, კვლავ ითამაშებს განუსაზღვრელ როლს. კვლავ დაიკავებს დირიჟორის ადგილს. ევროპამ უკვე ამოწურა თავი. მისცა კაცობრიობას ის რისი მიცემაც შეეძლო. მე და კასო თითქმის ვერთდებით დღევანდელ მომენტის შეფასებაში. კასოდან გვიან გამოვედი. მართლა, დღეს ვნახე ოლია გზაში. მითხრა, რომ 29 გამოვცხადდე სასამართლოში. ღმერთო, როგორ გამოიცვალა ოლია. ყოველთვის, როდესაც მას შევხედავ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდები. მეკარგება ყოველგვარი იმედი და ხალისი. ნუ თუ ასე უნდა გამოიცვალოს ადამიანი. მახსოვს ოლია – ცოცხალი, ხალისიანი, დაუდგომელი, თვალებში რომ ცეცხლი უკრთოდა, მახსოვს ოლია – გიჟი. ახლა კი რამდენი მწუხარება არის მის თვალებში. რა მოღლილი და დაქანცული სახე აქვს! რამ გამოცვალა ასე კარგი ოლია. საერთოდ მთელ ამ თაობას ეტყობა დაღლილობა, სიბერე, მოდუნება. ცეცხლი, ცეცხლი ყველაფერს თანამედროვეს.

ნუ თუ ნინაც ისე მოიწყენს ოდესმე, ისე ჩაქრება მის თვალებში ღვთიური ცეცხლი? როგორ მინდა თამარის და ნინას ნახვა. ხვალ უსათუოდ დაურეკავ ტელეფონით ნინას. მის ხმას მაინც გავიგონებ. ესეც დიდი ნუგეში იქნება. დაურეკავ უსათუოდ.

დღეს დავწერე ერთი სონეტი. ეს ლექსი მე მომწონს. ვწერდი და მელანდება სულ ნინას სახე. მებადება ეჭვი, ეს ხომ არ არის ჩემი „Maria“, რომელსაც მე ასე ღვთიურ მოწიწებით ველოდი და დავეძებდი ყველგან? ქუჩაში, ტაძარში და სახლებში? ჩემო წმინდა Maria, შემიწყალე მე შენზედ ერთგული მლოცველი. წმინდაო! წმინდაო! წმინდაო!

26 დეკემბერი

მთელი დღის განმავლობაში გარდა ერთი გამონაკლისისა, უსიამოვნო განცდები მყავდა სტუმრად. დილითვე საოცარი და მოულოდნელი ამბავი შევიტყე. კოწია ლორთქიფანიძეს თავი დაუჭრია წუხელის. ძლიერ გამაკვირვა კოწიას საქციელმა. რამ აიძულა, თვითმკვლელობის აკტი ჩაედინა? თუმცა მეც გამომიცდია ჩემ თავზე, რომ ხშირად ისეთ ხასიათზე ხარ, რომ გრძობ დაუკმაყოფილებლობას ყოველ მხრივ, თითქოს გეცლება ყოველივე ნიადაგი და მიექანები ძირს. და გაგიელვებს თავში საშინელი აზრი თავის-თავის მოკვლისა. არის ისეთი წუთები, როდესაც სიცოცხლეს ეკარგება ყოველივე ფასი და მიმზიდველობა და მზათა ხარ მოკლა იგი. საშინელებაა! ბოლოს და ბოლოს ხომ სულ ერთია! ხომ მაინც მოკვდები. ამ შემთხვევაში, მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ სიცოცხლის უფლება აქვთ მხოლოდ რჩეულთ, მათ ვინც მაღლა დგას „ობივალტენშჩინაზე“, ვისაც აქვს უნარი შემოქმედებითი მუშაობისა. მაგრამ ძნელია, რა თქმა უნდა, თვით კრიტერიუმის გამოძებნა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ რჩეულთა გამოსაყოფად და უდიდესი მიღწევა კულტურისა დაგვირგვინდება მაშინ, როდესაც ადამიანი შეიგნებს, რომ იგი ზედმეტი ბარგია ცხოვრებაში, როდესაც იგი შეიგნებს რომ მის მოვალეობას შეადგენს სწრაფი თვითმკვლელობა. რა თქმა უნდა ასეთ მოსაზრებას არ ქონია ადგილი კოწიას მოქმედებაში. მე უფრო მგონია, რომ ეს იყო ერთი უბრალო ჟესტი. მას ალბათ სურდა ჟესტი ლამაზი გამოსულიყო, მაგრამ მისდაუნებურად იგი კურიოზული გამოდგა. ლამაზი ჟესტი და პოზა ცხოვრების სტიმულია, მაგრამ მის გამოკვეთას სჭირია გაბედული და ელასტიური ხელი. როგორც ჩანს, კოწიასაც ეს კლებია. მისი წინასწარი მზადება სასიკვდილოდ ფსიქოლოგიურად გაუმართლებელია სამსხვერპლოზე დასაწვავად გამზადებულ ადამიანისათვის.

დღეს ვიყავი დამფუძნებელი კრების სხდომაზე. სხდომა ფრიად საინტერესო გამოდგა. უკეთესი იქნებოდა, მენშევიკებს რომ დაემტვრიათ ისეთი სარკე, რომელიც სავსებით აქვეყნებს მათ მახინჯ სახეს. ყოველი დღე მარწმუნებს იმაში, რომ ამ ხალხმა დაჰკარგა სრულიად სოციალისტური სინდისი. ეჭვი მეპარება, მართალნი ხომ არ არიან ანარქოსინდიკალისტები თავის მტკიცებაში, რომ პარლამენტარიზმი რყვნის რევოლიუციონერის ბუნებას, მიყავს იგი კომპრომისებზე და შემდეგ არიგებს წვრილ ბურჟუაზიულ სულისკვეთებასთანაო. ყოველ შემთხვევაში, მენშევიკები სრულიად ამართლებენ ეჭვებს. თეორიაში კიდევ მოსჩანდა მათი სოციალისტური აჩრდილი. პრაქტიკულმა მუშაობამ ეს აჩრდილიც კი გააქრო, და როგორც შენგელაიამ სთქვა, სრულიად გააშიშვლა. როგორც სჩანს, ძლიერ გაუტკბათ ადგილები. დღევანდელმა საკითხმა დღეს ერთხელ კიდევ დაადასტურა. საკითხი საერობო არჩევნების გადადებას ეხებოდა. მენშევიკები მოითხოვდენ არჩევნების კიდევ გადადებას და ასაბუთებდნენ ვითომ და სახელმწიფოებრივი ინტერესებით. ცხადია, უკანასკნელი მათ უფრო ნაკლებათ აინტერესებთ, უფრო იმის ოცნებაში არიან, თუ როგორ შეინახონ თავისი უმრავლესობა. აზრი და შინაარსი მათი წინადადებისა ეს არის, მაშინ როდესაც მას რევოლუციონერ ფრაზეოლოგიაში ხვევენ. ეს დემოკრატია მათ თვალში რაღაც თვალთმაქცად გადაიქცა. ნამდვილად დემოკრატია არის სოც. დემ. ბიუროკრატია. უკანასკნელი მართლაც მოითხოვს გადადებას არჩევნებისას, ეს ადვილი ასახსნელიც არის. მაგრამ მე უფრო მაკვირვებს ჩვენი ფრაქციის სამარისებური დუმილი. მაშინ როცა ნაც. დემოკრატებიც კი, თავი რომ დავანებოთ სოც. რევოლ. ებღაუჭებიან დემოკრატიულ პრინციპს, და მისი სახელით მოითხოვენ არჩევნების იანვარში დანიშვნას და ასეთი მოთხოვნილებით აჭერიებენ გამოცდას სოც. დემოკრატებს, ჩვენი ფრაქცია ბრწყინვალედ სდუმს. არც ჰო-ს ამბობს და არც არას. რაშია საქმე! რამ მოადუნა ეს ხალხი ასე? რამ ჩააქრო ასევ მათში რევოლუციონური ცეცხლი? რამ მოხიბლა ასე ეს ფრაქცია, რომ ხმას არ იღებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხის გარჩევის დროს? მიკვირს! ასეთი საქციელი ჩემში ტკივილს იწვევს. საშინელ სულიერ ტკივილს. საჭიროა უსათუოდ მეორე რევოლუცია, რომ მოხდეს სრული გადახალისება, ძალების ახალი გადაჯგუფება, რომ მოხდეს სულიერი აღფრთოვანება ხალხისა. მე არ მაკმაყოფილებს ჩვენი ფრაქციის ასეთი ინერტიული მდგომარეობა, ორ სკამზე ჯდომა. ან ჰო, ან არა. ასეთია ლოღიკის სიძლიერე. ასეთია დღევანდელი ცხოვრების ფილოსოფია და აზრი. შუაზე მდგომი უეჭველად დამარცხდება. ეს რუსეთის სინამდვილემ დაამტკიცა. ილუზია არის, თითქოს საქართველოში საშუალო ხაზი იყვეს გამეფებული… სიტყვით. საქმით კი მარჯვენა ხაზი თამამად იკარგება სივრცეში. სოციალისტურ ნიღაბის ქვეშ კეთდება ბურჟუაზიული საქმე. დღევანდელ სოციალურ კონსტრუქციის და ძალთა დამოკიდებულების ხანაში ეს მარჯვენა ხაზია და არა შუათანა. მტკივა გული ჩვენ ფრაქციაზე. რაც უნდა იყვეს, ამ პარტიაში აღვიზარდე, ამ პარტიას ვემსახურე, რაც ძალი და ღონე მქონდა, რაც შემეძლო.

ხვალ მოელიან აკაკი ჩხენკელს. საინტერესოა ძლიერ მისი ჩამოსვლა და სასურველიც. მის თვალწინ გადაიშალა გერმანიის რევოლუცია და უეჭველია იგი შესაფერი ცოდნით და გამოცდილებით იქნება აღჭურვილი და უსათუოდ ჩაებმება ჩვენ შინაურ მშენებლობაში. მართალია, იგიც მენშევიკია, იგიც ამ პოლიტიკას განაგრძობს, შეიძლება, უფრო მარჯვენა გეზიც დაიჭიროს, მაგრამ ეს პიროვნება მაინც მიყვარს.

არის პიროვნებები, რომელთა აზრს არ იზიარებ, მაგრამ მაინც გიყვარს. ამის მიზეზია პიროვნების პირადი ღირსება და მიმზიდველობა. აკაკი კი ამით დაჯილდოებულია. და მით უფრო მიყვარს ეს პიროვნება, რომ შეიძლება მას უწოდო პირველი ეროვნული გმირი. მან პირველმა გაარღვია კედლები შიგნიდან მენშევიკურ ცრუ კოსმოპოლიტიზმისა და საჭირო და ღირშესანიშნავი ადგილი მიაკუთვნა ეროვნულ საკითხს. მან პირველმა მენშევიკებიდან აღიმაღლა ხმა დაჩაგრულ უფლებების აღსადგენად. ამიტომ მიყვარს აკაკი და მიხარია მისი ჩამოსვლა. ბევრ ახალ ამბებს და შთაბეჭდილებებს მოიტანს ევროპიდან. ნეტავ აქ დარჩებოდეს სულ. ერთი კულტურული და მომზადებული პირი მაინც ეყოლებათ ჩვენ მენშევიკებს.

როგორ დავაშავე დღეს. გადაწყვეტილი მქონდა, დამერეკა ნინასათვის ტელეფონით, მაგრამ ვერ მოვახერხე. ოთახში სხვები იყვნენ და ამ გარემოებამ შემიშალა ხელი. როგორ მინდოდა კი მასთან დალაპარაკება, მისი ხმის გაგონება. ო, აღარ შემიძლია, ხვალ უსათუოდ წავალ თამარისთან. ღმერთო, რას ფიქრობს თამარი. ალბათ დარწმუნებულია, რომ შალიკო არ არის მეგობარი, თორემ ჩემ ამბავს მაინც შეიტყობდაო. რა ვქნა! ძლიერ მინდა ნახვა! არა, ხვალ უსათუოდ წავალ და ვნახავ. თეთრ ყვავილივით გაიწვდის ჩემი წმინდა ლოცვა ხელებს ამ საყვარელ სახლისკენ და შებრძანდება შიგ. ვნახავ თამარის და ნინას. ეს არაჩვეულებრივ სიამოვნებას მომგვრის. ო, იმედებო! ყოველ დღე რომ მეახლები ხოლმე. ვნახავ პატარა ქეთუშას და შალიკას. ვნახავ მარიამს და გამეხარდება. უსათუოდ ვნახავ. ვერ ვასრულებ ჩემ სიტყვას  და გადაწყვეტილებას. რას ნიშნავს ეს? სამი დღეა აგერ არ მინახავს ისინი და ასე მგონია, სამი საუკუნე გავიდა თქო. რა ნელა და ზარმაცად მიდიან ეს დღეები? ჩქარა, ჩქარა წადით. ჩქარა მოდი, ხვალინდელო საღამოვ! მოგელი მოკრძალებით, მოგელი ტანჯვით.

დღეს ერთი სიამოვნების წუთიც გამოვცადე. ეს იყო ღამით. მარტო ვიჯექი სახლში. სერგო ქუთაისში წავიდა, წიგნს ვკითხულობდი. მოულოდნელად შემომესმა ნაცნობი სიმღერა, ნაცნობი მოტივი. ეს ის არია არის, ნინა რომ მღერის. და თვალწინ წარმომიდგა ცხადათ, გარკვევით ნინას ნათელი და ამ დროს მორცხვი სახე. მღეროდა. ღმერთო, რა სიამოვნება ვიგრძენი. სრულიად შეუმჩნევლად ცრემლები წამომივიდა თვალთაგან. ჩემი თავის შემრცხვა და სწრაფად მოვიწმინდე. რა კარგია ნეტარების ცრემლები! როგორ ასვენებს ადამიანს. ცრემლები, რომელნიც სიტკბოებას გაჩუქებენ. წამების ცრემლები. ნეტავი შემეძლოს თქვენი ღირსეული დაფასება. საოცარია ქვეყანა! მე აქამდის უნებური, ნეტარი ცრემლები. და რამდენი ტირის ასეთი ცრემლებით ამ წუთებში? დალოცეთ ყველამ ეს ხშირი, ძვირფასი სტუმრები ჩვენი თვალებისა! თამარი და ნინა! ჩემი დაუსრულებელი და მთრთოლვარე საღამო თქვენა ამ მარტოობის ოთახიდან.

27 დეკემბერი

დღევანდელი დღე საოცარ ღარიბულად იყო მორთული. მას არ ახასიათებდა არც აბრეშუმის სამოსი, არც ბრჭყვიალა ბრილიანტები. არ მიყვარს ასეთი დღე. ჩაიარა ჩუმად, ისე, თითქოს არც კი არსებობდა. ერთიც კი არ შემოუხედია ჩემთვის. მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით წარსულო დღე, რომელიც არას დროს არ დაბრუნდები, რომელიც არას დროს მოაწყენ ჩემ თვალებს შენი სიღარიბით. მშვიდობით სამუდამოთ. დღეს უნდა წავსულიყავი ჩემ თამარისთან. გადაწყვეტილი მქონდა. უნდა მენახა ამდენი ხნის უნახავი თამარი და ნინა, მაგრამ ვერ წავედი. უმთავრესად იმიტომ, რომ სახლში არ იყვნენ. გოლოვინსკის პროსპეკტზე დავინახე თამარი და ნინა, ღმერთო როგორ გამეხარდა. როგორი განცდა ვიგრძენი! რა ვქნა, რომ ვერ გამოვარკვიე ეს გრძნობა. როგორ ვიტანჯები. ნეტავი მისი სურათი მაინც მომცა, რომ ცქერით მაინც დავიკმაყოფილო თავი. ღმერთო, როგორ მეშინია ამ გრძნობის. დამიფარე შენ მოულოდნელ ხიფათისაგან. ეს კი ასე არის მოსალოდნელი, ბოლოს და ბოლოს ვრწმუნდები, რომ ან ჭკუაზე შევიშლები და თვითმკვლელობით დასრულდება ჩემი სიცოცხლე. როგორ მეშინია სიკვდილის. და ამიტომ მინდა, მივაჩვიო ჩემი თავი მის აუცილებლობას. ამით აიხსნება ისიც, რომ ასე ხშირად ვფიქრობ ამ უკანასკნელ დროს თვითმკვლელობაზე. ვის რათ ვუნდივარ? ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, ჩემი ხსოვნა რომ შეინახოს გულში. ისე გავქრები სულ… სულ. არა ჯერ არ მინდა სიკვდილი. ჯერ ხომ არ ყოფილა ისეთი წუთი ჩემ ცხოვრებაში. როცა უფლება მქონოდეს მეთქვა: ახლა კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. მე მინდა, ერთი ასეთი წუთი დავიჭირო. მე ვერ ვარ თამარის კარგი მეგობარი. ის ყოველთვის მეუბნება თავის გულის ნადებს, შლის თავის ინტიმურ ქვეყანას. მე კი არაფელს არ ვეუბნები. მეგობარმა მეგობარს ხომ ყველაფერში უნდა გამოუტყდეს, რომ მიცეს საშვალება დახმარებისა. ჩვენ შორის კი ასე არ არის. როგორ მინდა, რომ ჩემი მეგობრობა დაუმტკიცო თამარის. მე ყველაფერს მოვიმოქმედებ მის გულისათვის. ვფიცავარ ყველაფერს, რომ ყოველგვარ საფრთხეში ჩავიგდებ თავს, თუ ამას თამარის მდგომარეობა მოითხოვს. ასევე ნინას გულისათვის. ღმერთო! რა საშინელი განცდაა, როდესაც არ გაქვს საშვალება მეგობარს – მეგობარმა დაუმტკიცო. მეშინია, მეშინია, ჩემი გული ზღვად არ გადაიქცეს და მევე არ ჩავიხრჩო შიგ.

28 დეკემბერი.

ღმერთო, რა მომხიბვლელი იყო დღეს ნინა! როდესაც დავინახე, მეგონა, მშვენიერ ზღაპარს ვისმენდი. ასეთ სახეს მხოლოდ ზღაპარში თუ აგიწერენ, ან სიზმარში თუ ნახავ. თითქოს ორი ღამე იყო დამალული მის თვალებში და თეთრი კბილები… ვის შეუძლია, ასწეროს თავმომწონეობა მისი კბილებისა? ნინა! რომ იცოდე, როგორი წამებით იტანჯება შენს გარშემო ერთი ადამიანი. საცოდავი და საწყალი, რომელსაც არა აქვს ბედი დაიმსახუროს შენი ერთი ღვთიური შეხედვა. ო, ვინ იქნება ის ბედნიერი, რომელსაც შენ მიანათებ და გააბრწყინებ შენი სათუთი სახით. ნეტავი იმას. როგორ შევნატრი. წუთით გამოანათა და ისევ გაქრა ნათელი. სადღაც წავიდა. მთელი საღამო საშინელი მოწყენილი ვიყავი თამარისთან. რატომ არ ვიცი. ნეტავი, შემეძლოს რომ ეს მოწყენა გავაკრა მარტოობის ჯვარზე, ჩამოვიშორო თავიდან. თამარისთან მოვიდენ სტუმრები. მინდოდა წამოსვლა. ვეღარ გავჩერდი. ტარასიმ აღარ გამომიშვა. და ისე კვლავ მოწყენილი ვიჯექი მუმიასავით. რას იფიქრებს ეს ხალხი. უზრდელი ვეგონები ალბათ. შემდეგ დაბრუნდა ნინა. პატარა ხნით ვუცქირე. შემდეგ ვეღარ გავუძელი ბრწყინვალე მზეს და თავი ჩრდილს შევაფარე. წამოვედი სახლში. მინდა, ჩრდილიდან ვუცქირო მის აჩრდილს, ხსოვნას. მოვედი სახლში და ბევრი ვიტირე. და ცოტა გულზე მომეშვა.

დღეს სხვათა შორის ჩამოვიდა დავით კლდიაშვილი ქუთაისიდან, და რომ მეძინა ოთახში შემოვიდა. იშვიათი მოხუცია. როგორ უყვარს ახალგაზრდები. უნდა დაესწროს ქიმერიონის გახსნას. გუშინ ყოფილიყო პირველი საზეიმო სხდომა მწერლების. სხდომა შესაფერ დროს ტარებით დაეგვირგვინებიათ. მიუხედავათ იმისა, რომ მითხრეს უსათუოდ მოდიო, მე არ წავსულვარ. მეზარება ასეთ ბანკეტებზე სიარული. მით უმეტეს მეზარება უშინაარსო რეკლამები. მე ვეცდები, ჯერ შევავსო ჩემი დანაკლისი. შემდეგაც მოვასწრებ ასპარეზზე გამოსვლას. გრ. ცეცხლაძემ მთხოვა, რომ დამეწერა რამე მისი ჟურნალისთვის. მე უარი უთხარი. ასე სჯობია. შემდეგ ვეცდები ზოგიერთი კათაკმევლის ტაძრიდან გაძევებას. ჩვენ ტაძარში კი, პოეზიაში ბევრი კათაკმეველი არის შემოსული. ეკლესიას სჭირია დაწმენდა. ბევრს სჭირია ნიღაბების მოხსნა და მათი რეკლამის გამოფენა სააშკარაოზე. ჩემი პირველი მიზანი ეს იქნება.

29 დეკემბერი.

მთელ ამ დღეს ჯვარი დაუწერე. უმნიშვნელოდ და სრულიად უკვალოდ გარდაიცვალა იგი ჩემ მოწყენაში და მშვენიერ, თოვლის მსგავსი ქალწულის ოცნებაში. არ ყოფილა ახალი ფერები არც ტანჯვაში, არცა სიხალისეში. ეს კი პირდაპირ მოუთმენელია.

30 დეკემბერი.

დღეს ასხვაფერდა უფრო პოლიტიკური ცა. დაეტყო პატარა გამოცოცხლება დამფუძნებელ კრებას, უკეთ რომ ვთქვათ სოც. დემ. მენშევიკურ უსახო ლაბორატორიას. პირველად ამ სესიაში გამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე. მართალია, სრულიად არ ვიზიარებ მენშევიკურ ტაქტიკას, მაგრამ ღრმა პატივს ვცემ ამ მოციქულებრივ სახეს. მგონია, იგია ცენტრალური ფიგურა და განსახიერება ქართული სულისა და გაუმჟღავნელი მიზნებისა. იგი არის სინიდისი ქართველი დემოკრატიისა, მეშჩანურ და წვრილ ბურჟუაზიულისა. ყოველ კლასს ყავს თავისი მიზნების გამომსახველი პიროვნება. ასეთია ლენინი რუსეთში და ტროცკი. ეს ორი უზარმაზარი ცეცხლი, პროლეტარული შეგნებით განსჭვალილნი, რომელნიც წვავენ ძველ ბურჟუაზიულ ქვეყანას და თითონაც იფერფლებიან ამ ზღვაში. არასდროს არ ყოფილა ისეთი აშკარა და ცხადი პიროვნების მნიშვნელობისა ისტორიულ პროცესში როგორც ახლა. ავიღოთ თუ გინდ იგივე ნოე. დარწმუნებული ვარ ჩვენი მენშევიკური პარტია, დაიყოფოდა ნაწილ-ნაწილად და ფრაქციებათ, რომ ნოეს პიროვნება არ აერთებდეს მათ. ნოეს პატივისცემა და ავტორიტეტი ამაგრებს შემაერთებელ ძაფებს და ასუსტებს გამთიშავ ძაფებს და ასეც უნდა იყვეს. მართალია, ცდება ნოეს რევოლუციონური სინიდისი, მაგრამ იგი მაინც გულწრფელია. რასაც აკეთებს, აკეთებს ხალხის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მისი შეგნებით. ეტყობა, რომ ამ ბოლო დროს მოღლილია. ამ საღამოსაც ვერ დამალა თავი მისმა მოღლილობამ. ძლიერ სუსტი იყო მისი მოხსენება მომარაგების სამინისტროს და იუსტიციის და სამხედრო სამინისტროების დაარსების შესახებ. არ იყო სავსებით გადაშლილი ის მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს ეს ცვლილებანი. მისი ტონიც შეეფერება წვრილ-ბურჟუაზიულ პოლიტიკას. არ არის შიგ რევოლუციონური ინსტიქტი, გატაცება და მიღწევა. ტემპერამენტი ერთფეროვანი და დაბალი. მისმა სიტყვამ მონოტონური ხასიათი მისცა მთელ სხდომას, რაც უფრო გაამკრთალა ა. ასათიანის უშინაარსო საცოდავათ წარმოთქმულმა სიტყვამ. ვეღარ მოვითმინე და თავი გავანებე სხდომას. ერთი საკითხი, რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება, ეს არის მომავალი პერსპეკტივები, რომელიც დახატა ნოე ჟორდანიამ. ბოლშევიკების მოახლოვების მოლოდინი. ნოეს პროგნოზით ბოლშევიკები არ შეჩერდებიან საზღვრებზე და გადმოლახავენ მას. აი, ეს საკითხი მაღელვებს მეც ძლიერ. ჩემი აზრით ბოლშევიკები მართლაც არ შეჩერდებიან და გადმოლახავენ საძღვარს. ეს მით უფრო მოსალოდნელია, თუ გავითვალისწინებთ მათ მახლობელ გეგმას. ეს არის რევოლუციის ასპარეზის აღმოსავლეთში გადატანა. ამ გზით შებრძოლება ინგლისის ბატონობასთან. ამ გზით სურვილი ინდოეთის და სხვა კალონიების ჩამოშორება ინგლისიდან. შორსმჭვრეტი და გაბედული გეგმა. დიდი გაქანება და მანევრი გამოსჭვივის ამ გეგმაში. პირველი შეხედვით გასაოცარი ფაქტია: ბოლშევიკები, რომლებიც თითქოს ასე სუსტნი არიან შინაურ მშენებლობაში ბრძოლას და ისიც სასიკვდილო ბრძოლას უცხადებენ ინგლისს. სად არის ამდენი დაუდეგარი ენერგია ამ ხალხში. ეს გასაკვირველი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ […], რომლის იდეოლოგიაც არის ბოლშევიზმი. პროლეტარიატი სრულიად ახალგაზრდა კლასია, მებრძოლი კლასი, ახლა გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. სულ ახლა ჩაიგდო ხელში ძალა უფლება. იგი ყმაწვილურ ჰასაკში არის. ცხადია, იგი სავსეა ენერგიით, ბრძოლის სურვილით და სითამამით, რომელნიც ახასიათებენ ახალგაზრდობას. ყველა ამ თვისებით დაჯილდოებული არის ბოლშევიზმი და ამიტომ ასე იოლად არ დაყრის იარაღს. მე მწამს ერთი, ბოლშევიზმის საბოლოო დამარცხება დიდი ხნით გადადებს სოციალიზმის განხორციელების შესაძლებლობას. ამიტომ არ მინდა მისი დამარცხება. მაგრამ მეორე მხრით იბადება კოლიზია ამ იდეოლოგიასთან. ეს არის მისი კოსმოპოლიტიური სახე, უარყოფა ეროვნული ფაქტორისა, ბრძოლა ეროვნულ მოძრაობასთან. აქ ჩდება ჩემ წინ ჯვარედინი კითხვთი ნიშანი. მე, რასაკვირველია, ვისურვებდი არ გადმოელახათ საზღვრები, ვინაიდან შესაძლებელია ბევრ ბოლშევიკს ამოქმედებს უფრო რუსული იმპერიალისტური მიზნები. და ეს მით უფრო არ მინდა, რომ აქ წარიშლება განსხვავება ბოლშევიზმისა და წმინდა სულის რუსულ იმპერიალიზმს შორის. მე მომხრე ვარ ბოლშევიზმის როგორც პოლიტიკო-სოციალურ დოკტრინის, გაძლიერების მხოლოდ არა გარეშე ძალების საშვალებით და ხიშტებით, არამედ შინაური ძალთა განწყობილებით და კლასების დიფერენციაციის საშვალებით.

დღეს მინდოდა უეჭველად მენახა, თეთრი, თოვლის ქალბატონი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მეშინია, მეშინია. არ ვიცი, რით ვძლიო ეს შიში. ეს რაღაც შინაგანი, მისტიური შიში?

31 დეკემბერი.

დღეს მინდოდა დამერეკა ტელეფონით ნინასთვის, რომ მისი ხმა მაინც გამეგონა, მაგრამ ესეც ვერ მოვახერხე. ღმერთო, რა უბედური ვარ. მთელი ოთახი სავსე იყო სხვებით და მათ შორის პაოლო და გრიგოლიც იყო. რამდენჯერ მოვისურვე, მაგრამ ვერ მოვახერხე. დღეს მთელ დღეს ტანჯვის ჯვარი გაეკრა. ვწერეთ სულ განუწყვეტელად 7 საათი. რა კოშმარია, რა დაქვეითებაა ამ დაბალი ხარისხის სიტყვების წერა. ამ უბრალო, პატარა მეშჩანების, მეშჩანური აზრების „ისტორიაში“ შეტანა. ეს მთელი წვალებაა. არც ერთ ფრაქციას და არატარს არ უთქვამს ახალი, ცოცხალი აზრი. არც ერთს არ გამოუჩენია ორიგინალური პროკოლი. შაბლონი სრული გამგეა ამ დარბაზისა. სხდომა 7 საათ 20 წუთზე გათავდა და დაღლილი წამოვედი სახლში. შეუდექი კითხვას ანიჩკოვის წიგნის. აწი დაიწყება ჩემი სერიოზული მუშაობა. კარგი წიგნები ვიშოვნე ძლიერ და მომავალშიც კარგ და საჭირო წიგნებს ვიშოვნი. ეს ძლიერ სასიხარულოა. დღეს თავდება თითქოს ძველი წელი. მე არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს პერიოდიზაცია. რატომ დღეს და არა ხვალ ან კიდევ სხვა დროს. რით განსხვავდება დღევანდელი დღე ხვალინდელს? სისულელეა. მეც სრული ინდიფერენტიზმით ვეგებები მარტოთ მარტო. ხომ არ არის ეს სიმბოლიური ნიშანი ჩემი მომავალისა 1920 წელში. მაგრამ მარტოობა ხომ ყოველთვის ჩემი თანამგზავრია მუდმივი. არსად არ მშორდება. და შევეჩვიე მეც ძლიერ. ახლა უმისოთ უფრო მწყინდება. მარტოობის დროს ჩემ თავს მაინც ვესაუბრები. სხვებთან ყოფნის დროს კი ჩუმად ვარ. სრულ მარტოობას ვგრძნობ. მხოლოდ თამარასთან და ნინასთან ვგრძნობ თავს მშვიდათ და კმაყოფილად. და ეს ორი კვირაა კი ესენიც მივატოვე. რათ ვიტანჯავ თავს? ჩემი პირველი და უკანასკნელი საახალწლო სალამი კეთილ თამარს და მშვენიერ ნინას.

1 იანვარი, 1920.

არას დროს ასე მკრთალად არ შევხვედრივარ ახალი წლის პირველ დღეს. არას დროს არ გამომიცდია სულის ასეთი მოწყენა. არა, ეს სიტყვა მოწყენა ვერ გამოხატავს ჩემ სულიერ განწყობილებას. უფრო ღმრა და მიუწდომელია იგი. რომანტიული მოწყენა ეს სათუთი და ხავერდივით ნაზია.

მთელი დღე სახლში ვიყავი სადილობამდი. ვკითხულობდი ანიჩკოვს. სასადილოთ გამოვედი გარეთ. ყველგან დაკეტილი იყო ყველაფეერი და მეც უსადილოთ კინაღამ დავრჩი. გამახსენდა პეტროგრადი და ასეთი დღესასწაულები, რა ტანჯვაში მიდიოდა ჩვენი დრო. ახალწელიწადი და უსადილოთ დარჩენა! სულ ერთია თუმცა, რა თქმა უნდა, მაგრამ ტრადიცია ძლიერია ჩვენში. ასეთ დღესასწაულებთან შეერთებულია ლხენა და დროს ტარება და მე მარტოთ მარტო დავეხეტებოდი ქუჩაში სადილის საძებნელად. ასეთ ცხოვრებისათვის სრულიად არ ვემდური ბედს. არის ერთგვარი მიმზიდველობა ამ ბოგემურ ცხოვრებაში. მე დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი მართლაც წმინდა ბოგემურ ცხოვრებას. იგი ასე შორს დგას დღევანდელ მეშჩანურ ფსიხოლოგიიდან და ინტერესებიდან. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ გამახსენდა ქიმერიონი და მას ვესტუმრე. რა საუცხოვო მოწყობილია ეს სარდაფი. აქ პირველად იკივლა ჩვენში სტილიზაციამ, ლამაზმა და შინაარსიანმა სტილიზაციამ. რაღაც ზღაპრულ შთაბეჭდილებას ახდენს დეკორატიული მხარე ქიმერიონისა. რაღაც განსაკუთრებულ სახეებს იძლევა ამ იშვიათ ფერადების შეხამება. აღელვებს გრძნობას და ჭიმავს უაღრესად ნერვებს. წითელი იატაკი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. თითქოს აქ იმყოფები ოპიუმის ან სხვა ნარკოტიულ სამეფოში. ბევრჯელ გაიშმუშნება აქ ალბათ თფილისის ქიმერიული პროფილი.

სადილი ქიმერიონში ვჭამე. სადილი ახალი წლის შესაფერისი იყო. სადილის შემდეგ დაღლილი წავედი კასოსთან. აქ დავყავი 9 საათამდი. ნეტავი ვიცოდე, რა შეხედულების არიან ჩემზე ჩემი მეგობრები. უეჭველად იტყვიან შემდეგ: ცივი ხასიათის იყოვო. რომ იცოდენ, რამოდენა ცეცხლი არის ჩემ გულში. მაგრამ იგი იწვის შიგნით ყველას შეუმჩნევლად, ჩუმად და მევე მწვავს. მაგრამ არა მაქვს უნარი, ჩემი სიყვარული, პატივისცემა გადავშალო სხვის წინაშე. ადამიანი კი ისეთია, იგი მოითხოვს, სულ მთლად მოიხსნა შენი ნიღაბი და გააშიშვლო სახე. მე ეს არ შემიძლია. მე უეჭველად მაქვს ნიღაბი. ნიღაბი ცივი, რომლის ქვეშ იმალება კეთილი სახე. ერთი თვისება მაქვს, რომელიც ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ალბათ ნაცნობებზე. ეს არის ჩემი სიჩუმე. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. უფრო მეხერხება გულში ჩაკვლა გრძნობებისა, ვინემ მათი გადაშლა და გამოფენა. აი, ამ საღამოს კასო ლაპარაკის ხასიათზე იყო. უნდოდა, მეც გამოვეწვიე ლაპარაკში. ხან პოლიტიკაზე, ხან მეგობრებზე, ხან ხელოვნებაზე ჩამომიგდო ლაპარაკი. მაგრამ მე ისე მეზიზღებოდა ხმის ამოღება და პასუხებიც ლაკონიური იყო. მინდოდა სიჩუმე და რაღაცაზედ ფიქრი. მინდოდა, ოცნებით მაინც მოვშორებოდი ამ სინამდვილეს და სხვაგან გავფრენილიყავი. მინდოდა, მეტირა, მაგრამ მრცხვენოდა. ჩქარა წამოვედი სახლში – გამომაცილა კასომ. ჩემთან ილაპარაკა კარგა ხანს და შემდეგ წავიდა სახლში. დავრჩი მარტო. ო, შენ მარტოობის აჩრდილო, რომელიც ერთგულ მონასავით დამდევ ყველგან! შენ, ჩემი მოწყენის უშიშარო კავალიერო! შენ სურნელო ამბარო, რომელიც მავიწყებინებ თავს და მიგყევარ  რაღაც რელიგიურ ექსტაზში! შენ იქნები ყოველთვის ჩემი თეთრი მფარველი სერაფიმი. და ჩემ პირველ ლოცვას შენ გაჩუქებ. აი, ამ საღამოსაც მინახულა ჩემმა მარტოობამ. ო, დავიწვი ამ მარტოობაში და ანაზდათ რაღაცამ გაანათა ჩემ წინაშე. მომპარა თვალები – და სრულიად გამარინდა. ნათელი სახე. თეთრი ანგელოზი – თეთრი კელაპტრით ხელში, თეთრი ღიმილით ტუჩებზე. თეთრი სამოსელი, რომელიც იკარგებოდა ბინდში. გამახსენდა გოტიეს ლექსებიდან:

Рубашка медленно сползая,
Спадает к бедрам с узких плеч,
Чтоб как голубка снеговая
У белых ног её прилечь.

ჩემო ნათელო ანგელოზო! მფარველო მარად! რა გასაოცარი სიცხადით ვამჩნევ ყოველ შენ რხევას, სულის თქმას. მინდოდა, დამეჩოქა და თეთრ ქვითინში დამეწვა ბაგე ლოცვებით, მაგრამ სწორედ ამ დროს გაქრა.

ამოვიღე ჯიბიდან პატარა სურათი. გახეული სურათი, დავხედე ცრემლიან თვალებით და ვიცანი საოცარი თეთრი ანგელოზი. დავემხე და ცრემლებით გავათბე ჩემი სურათი, სურათი რომელიც არას დროს ხმას არ გამცემს. შემდეგ ვიკითხე ისევ ანიჩკოვი. სხვათა შორის ასეთი ბწკარები ამოვიკითხე : „Не любовь основной двигатель, и не в ней воплощаются желания. Любовь явится позднее, когда определится ее объект. В начале только одни ужас и страдание, но страдание это без того, чтобы страждующий стал ближнее. დამაფიქრა ამ სიტყვებმა. ნუ თუ სიყვარულს არ ეკუთვნის პრიმატობა? ნუ თუ იგი არ არის დასაწყისი ყოველი მოვლენისა? ტანჯვა, საშინელება, ეს მისი მუდმივი თანამგზავრნი არიან. სიყვარული ზოგადი მცნებაა, რომელიც დაიტევს ბევრ სხვა ნაწილაკებს. ძლიერ დაქანცული და სულიერი ტკივილით დავწევი. ღმერთო! რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი საყვარელი მეგობარი თამარი და თეთრი ანგელოზი – ნინა? სანამდის! სანამდის გავძლებ! მეყოფა ნების სიძლიერე და ხასიათის სიმტკიცე? ვეჭვობ.

2 იანვარი.

არაფელი ღირშესანიშნავი არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. განვაგრძობდი ანიჩკოვის კითხვას. სასადილო დარბაზში ვნახე გრიშაშვილი და მას ვესაუბრე დიდ ხანს. ბევრი მელაპარაკა თავის ჟურნალზე, ლექსებზე, ლექსიკონზე და სხვაზე. შემდეგ მთხოვა, რომ მიმეცა მასალა მისთვის შემდეგ ნომრისათვის. მე უსათუოდ უნდა დავწერო პატარა ბიბლიოგრაფია ახალ ჟურნალებზე.

გამოვიარე თამარის სახლთან. კინაღამ შევედი, მაგრამ მოვითმინე. პატარა ხანს გავჩერდი, უცქირე იმ სახლს, სადაც ისინი იყვნენ და წამოვედი შემდეგ.