მოთხრობები – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე, სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1910-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26953-ხ

გამოცემა :

პროზა, შემოქმედება

მოთხრობები

ია ლექსის გამო

(იხილეთ ალმანახი „ია”) 

გლახის ყოფნას არყოფნა სჯობს“.

 

რამდენი დღე გადის, იმდენი ახალ-ახალი მწერალი იჩენს თავს ჩვენ დალოცვილ საქართველოში. მიუხედავათ ამისა, ჩვენი კრიტიკოსები გაიძახიან – ჩვენი ლიტერატურა დაქვეითდა და კრიზისის ხანას განიცდისო. მიზეზი ისაა, რომ  მწერლების რიცხვი კი არ იმატებს, არამედ ისეთებისა, რომელთაც წერის არაფერი გაეგებათ. ამ ვაჟ-ბატონებს გაუგონიათ, ლექსის წერა ადვილიაო, დადგომიან და სწერენ; იმას კი არ უკვირდებიან – სისულელესა სწერენ თუ სიჭკვიანეს…  მაგალითისათვის შორს რომ აღარ წავიდე, ავიღებ ბ. ია-ს ლექსს ალმანახ „ია“-ში მოთავსებულს.

აბა მითხარით, ასეთმა ლექსმა რა უნდა შემატოს ლიტერატურას მეოცე საუკუნეში? ჩემი აზრით, არაფერი. იგი ლიტერატურას თუ დაამახინჯებს, თორემ გამშვენება არ შეუძლია.

ლექსს ან უნდა უვარგოდეს შინაარსი და ან გარეგნული მხარე, და კარგ ლექსს ხომ ორივე კარგი მოეთხოვება. ია-ს ლექსს კი, ხომ არც ერთი უვარგა და არც მეორე. ეტყობა – წერის დროს ავტორს ბევრი უწვალებია, რაღაც დიდის დახატვა დომებია

და… ცარიელი სიტყვების უაზროთა და უადგილოთ რახა-რუხი გამოსვლია. მოვიყვან ლექსიდან ადგილს:

„…და ქართველის თვალს მზის სხივებით მოკისკასესა

ბურუსში ჩართულს კვნესა-ცრემლი როს მოშორდება?“

„კვნესის“ რა მოგახსენოთა და „ცრემლი“ მანამდი არ მოშორდება ქართველის თვალს, სანამ ია და ძმანი მისნი ასეთ ლექსებსა სწერენ. დაუკვირდით: თვალები თუ „მზის სხივებით მოკისკასე“-ა, რაღათ უნდა მას „კვნესა-ცრემლის“ მოშორება? იგი ხომ თავისთავად მოშორებული იქნება; და თუ თვალს „კვნესა-ცრემლი“ არ მოშორებია, მაშინ იგი მოკისკისე აღარ იქნება. ეს კიდე არაფერია; საქმე ისაა, რომ ამის მეტათ არ გამიგონია თვალების კვნესა. არც ერთ მწერალს ჯერ ეს არ უთქვამს და იგი ია-ს ახალი გამოკვლევაა.

ავიღოთ მეორე ადგილი:

„მთისა ცრემლები, მოჩუხჩუხე წყარო ანკარა

შხამათ დაგესლათ, მეგობარნო, როს გადინთხევა,

და იმის (?) ბსკერით ზღვის ტალღებათ გადმონაკვეთში

ძილის ნანინა ტკბილი ჰანგით როს შთაინთქება…“

ბევრი ვეწვალე, მაგრამ ვერ გავიგე – რისი თქმა სურდა ავტორს და ან რა თქვა მესამე სტრიქონში: „და იმის (?) ბსკერით ზღვის ტალღებათ გადმონაკვეთში“… რისი ბსკერიდან? დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადგილს ვერც ავტორი გაიგებს. ეგებ მითხრან, – პოეტი ლექსს შეუგნებლათა სწერსო, მაგრამ ეს ია-სთანა პოეტებზე როდი ითქმის, და თუ ითქმის სულ სხვა აზრით:

ია-სთანა პოეტები მართლა შეუგნებელათა სწერენ; რაც მოადგებათ ენაზე რითმის გულისათვის იმასა სწერენ, თუნდა იგი სისულელეც იყოს, თუნდა იგი თვითაც

არ ესმოდესთ.

კმარა ამ პატარა ლექსზე ლაპარაკი. კეთილი გულით ვურჩევ ია-სთანა

პოეტებს – პოეტობას თავი დაანებონ, რადგან ეს ხელობა მათთვის არა არს.

 

S [შალვა აფხაიძე]

16 თებერვალი

 

 

წკიპურტები 

– ნათათრის სარიტორიკ-რეცენზეტ-კრიტიკოსი სკოლაში კურსი დაათავა ბატონმა ა-მა. მისი სადისსერტაციო თხზულება ამ ალმანახშია მოთავსებული. ამ შრომისათვის მას სკოლის გამგემ მაგისტრის ხარისხი მისცა.

– ან. სან.-ისაგან გაბმულ„კისკასის ქსელს“ სახურავი ჩამონგრევია.

– ორაბის კალმის წრიპინი რომ აღარ გვესმოდა, გვიკვირდა. როგორც გავიგეთ, იმასაც ზემოთ ხსენებულ სკოლაში ამოუყვია თავი. მიზნათა აქვს კვადოურისპირელის მეორე თავის დაწვრილებით შესწავლა. ამ თავზე იგი ვრცელ წერილს მოათავსებს ჩვენ ალმანახში.

– რამოდენიმე მომღერალ მოწაფეს ყანყრატო აფეთქებია. მიზეზი გაუფრთხილებლობაა.

 

 

დეკადენტური

მე ვარ ია, მე ვარ ვარდი…

სიყვარულში გადავვარდი,

შემიყვარდი.

ბნელმა ქუჩამ დაიძინა,

სიზმარეთი გაიყინა…

მოდი, ნინა…

მომეხვიე, ტურფავ, ყელზე…

ერთად მივალთ ცეცხლის სერზე…

ჩავიდა მზე…

მე ვარ ღმერთი და მგოსანი;

მიყვარს ია და სოსანი…

ვარ ფრთოსანი…

დამიკმიე შენც გუნდრუკი…

ჩუ! ზღვის ტალღამ დაჰკრა ბუკი…

და… შენ… ზნუკი…

 

ბეშტია

 

 

მშვენების ქანდაკება

…და მიიტანა შხამით სავსე ფიალა ბროლის ტუჩებთან მშვენიერმა ქალწულმა. მისი უკანასკნელი ლოცვა იდუმალი აჩრდილით იყო დაფარული.

– ზენაარო! – ევედრებოდა იგი, – მომაპყარ თვალნი შენნი უმანკო არსებასა. მე მშვენიერების გამოხატულება ვარ. თვით ჩემშია ჩამარხული ჩემი ცხოვრების ძაფები, მაგრამ მე ვერ მივაგენი ვერც ერთ ძაფს. ჩემ გულში სევდის გრიგალი ტრიალობს, არ მასვენებს იგი. არ ვიცი შვება. ახალგაზრდანი და ბებერნი ჩემზე ლოცულობენ; მე კი სულ პატარა, დილის ნამივით პატარა ცვარი არ გადამიყლაპავს ბედნიერების. ეს პატარა ოთახი იყო მოწამე ჩემი ობოლი ტანჯვისა და შენც ზევიდან ითვლიდი ჩემ ცრემლებს. წყეულიც იყოს ჩემი შემქმნელი წუთი! წყეულიმც იყავ შენ!..

და მოემზადა, დაწაფებოდა მის მსხნელ წამალს. მაგრამ ამ დროს შორით მუსიკის ხმა შამოესმა, იგი მშვენიერების სახით მოევლინა მას. შეკრთა… გააგდო ხელიდან სავსე ფიალა და გახარებულმა წამოიძახა:

– ოჰ! რა კარგია სიცოცხლე! შორს ჩემგან, სიკვდილის აჩრდილო! მე ვიპოვე

მშვენიერი ძაფი; იგი მშვენიერებაში ყოფილა ჩამარხული, მე კი სულ სხვაგან ვეძებდი. მეც… მეც შევიგნებ იმ მშვენიერებას… მეც, განა, სილამაზის, მშვენიერების ქანდაკება არა ვარ. მეც ვიცოცხლებ, განვახორციელებ მშვენიერებას… – ასე ჭიკჭიკებდა სიხარულით დამთვრალი ქალწული. მან, მხოლოდ მან შეიგნო მშვენიერების სახე და ახლა უფრო ხმა მაღლა მოჩხრიალობს მისი ამოძახილი:

– ვიცოცხლებ! ვიცოცხლებ! ცხოვრება მშვენიერებისთვის არის გაჩენილი… ოხ! რა ტკბილია იგი!..

 

შალვა [აფხაიძე]

 

 

მეშინია!

(სოფიოს)

პატარა ნიაღვარი ვარ, წუთის შვილი. რამოდენაყოფილა ქვეყანა, რა მშვენიერი! მღერიან, ჭიკჭიკობენ… მაგრამ მე არა მცალია, მივჩხრიალობ…

შენ ყვავილებით გულმოფენილი იცინი, პირდაბანილ მზეს უცინი: ან კი რათ არ გაიცინებ? აქ რჩები!

მე კი მივიჩქარი დაბლა, მდინარისაკენ; იქ გავქრები, მალე გავქრები…

მეშინია!

ნეტავ შენ აყვავებულ გულზე, ნეტარო მდელოვ, პაწია კვალს მაინც დავაჩენდე, მთლათ არ წავიშლებოდე…

 

სანდრო [ცირეკიძე]

1 თებერვალი