გაივლის მთვარე მოწყენილი ნაწვიმარ ბაღში.
ჩამომხმარ ხეზე კუზიანი დაეკიდება.
დარჩენილ სანთლის ბნელ ოთახში მოსჩანს არშია.
შავ ფანჯარაზე ჩამომჯდარი ცრემლებს ქსოვს ობი.
მიაქვთ ობობებს დატვირთული დროგი ნაგავით.
მობრძანდა ნისლით უეცარი: ნამი, ჭაობი
და თეთრი ბაღი სოველ ქარმა კალთით დაგავა
(ო, არ ვყოფილვარ ჯერ ასეთი მწუხრის მნახველი),
თითქოს ქაღალდის უცხო მგზავრი ცოდვით ცივდება.
მიყვება მთვარეს ლოკოკინა ვერცხლის ნახველით.
გზა მოვერცხლილი სინესტისგან ისევ ცივდება,
მელანქოლიით გააცილებს ქუჩა ტიციანს.
მხოლოდ პაოლო მიიძინებს ქაშუეთის კართან.
ო, ვინ გაყვება მივიწყებულს ეტლს ასე გვიან.
ვინ არ იტირებს შემოდგომის შორეულ ქართან.
(ჩდება პოეტი, თითქოს შეწუხებული).
გამოვა ისევ კვირის მთვარე სველ ბუნაგიდან,
და გაორთქლილი ჩავარდება ზამთრის ნარვალში.
ღამის ქალბატონს მწვანე დორბლი ცვივა ბაგიდან,
თითქოს ჩაბრძანდა ფილოქსერა მის მაცდურ თვალში.
მოველი უხმოდ დიდ პროსპექტზე ნათელ ამინდებს,
მე საცოდავი, მაწანწალა და დედის მკვლელი.
ღამის სინებზე მწუხარებით გაწოლილ ბინდებს
წავყვები მარტო შორ მნათობის ფარული მეკვლე.
(უახლოვდება ქალბატონს).
მოაქვს ქალბატონს სხვანაირი მთვარე თვალებით.
ახლა ეს მხარეც ამოივსო ქარით და ხრეშით.
……………………………………………………………………………..
დაკარგულ ვარსკვლავს მე პოეტი ვეძებ სივრცეში.
(ჰქრება სივრცეში).
(ქალბატონი ხრინწიანი ხმით).
ვნახავ ნაგავში გადმოვარდნილ ქაღალდის მთვარეს.
მთვარეს დახეულს, სასოებით შეფერილს კირით.
ღამის მადონა ცის სტუმრებმა თითქოს გამთვალეს.
თითქოს მობრძანდა წასაყვანად სატურნი კვირით.
(ბავშვი თითქოს მთვარეულის ხმით).
ქაღალდის კუკლა, ქალბატონო, ალბად, ბრძანდებით,
ო, უცხო ბავშვმა, რომ წაგიღოთ, მომეცით ნება.
თქვენ ძვირფას მთვარეს გავაცილებ საოცარ ქებით.
და თეთრ კალთასთან სხვა ვარსკვლავზე მიმეძინება
(ისიც ქრება სივრცეში ორთქლად).