წარსული წლის გლადიატორობა დარჩება ქართულ თეატრს.
თეატრი თავისი ბუნებით კონსერვატორია: გვიან ეგუება ახალ ფორმებს.
პირველი გაელვება და ქუხილი ისმის მის პოეზიაში და შემდეგ შეარყევს სცენას უკვე დაწმენდილი სიტყვა. ეს მართებულიც არის რამდენად თეატრი სიტყვის სხეულის მომცემია. ქართული თეატრი ვერ აცდებოდა საერთო ბედს.
ქართულმა პოეზიამ შვიდი წლის წინეთ გახეთქა მოჯადოებული წრის ჯებირები და ავიდა. გიმალაის მწვერვალებზე, სადაც იწერება ფანტასტიური უვერტიურა დიდი სიმფონიის, რომელსაც ცისფერი ყანწების ორდენი წოდება.
– ჯერ არსად მოსჩანს ის გიენებიც კი, რომლებიც ყოველთვის ლომის ნაკვალევს მოყვებიან – სიტყვები ნიკოლოზ გუმილიოვის, შეიძლება სავსებით მიუყენოთ ქართულ სინამდვილეს.
პოზიცია, რომელიც გაამაგრა ცისფერმა ყანწებმა პოეზიის მარცხენა ფრთაზე რჩება ჯერ მიუვალი და გოშიების ყეფა მთვარეს ვერ ჩამოაგდებს.
ამ ფალანგაში იქმნება ლეგენდა, რომელშიაც ყოველ ძმას უკვე საკუთარი ხმისაც კი ეშინია.
აუცილებელი იყო ხილვა რევოლიუციის გრიგალის ქართულ თეტრში, მოკავშირის ჯვაროსნულ ომში.
ასეთია კოტე მარჯანიშვილი.
წარსული წელი ქართული თეატრის ისტორიაში შეიძლება დახასიათდეს როგორც გენერალური ბრძოლა სცენისა და დარბაზსა, რეჟისორისა და ქართული თეატრის უპრინციპობის შორის.
საჭიროა ფრჩხილების გახსნა: ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ესთეტიურ უპრიციპობას, დომხალს.
ქართულ თეატრს ჰქონდა საკმაოდ ძლიერი ეროვნული პათოსი, გმირული ეპოქა, რომელშიაც იყო სუნთქვა წარსულ საუკუნეთა არომატის, უფრო შემოდგომის, ვიდრე: გაზაფხულის, მაგრამ უფრო ძლიერი იყო მეორე ხაზი, სადაც იშლებოდა ეროვნული ხახი და მოდიოდა სისხლნარევი, დეგენერაციის პუდრით შეთითხნილი თეატრი სამ იარუსიან პერსონაჟის.
პირველ შემოხვევაში იყო გმირული კივილი და მოწოდება, მაგრამ არ იყო სრულიად დაცული. ფორმალური პოზიციები, რაც ქმნის თეატრალურ გიპნოზს.
მეორე შემთხვევაში კი უფრო ქართული თეატრის წარღვნასთან გვაქვს საქმე. ცხადია ასეთ პირობებში დარბაზის მუხლებზე დაცემა ნოვატორს ძლიერ გაუჭირდებოდა.
უნდა ითქვას: ბრძოლა რეჟისორის გამარჯვებით დასრულდა„ სცენამ სძლია დარბაზის მეშჩანურ გამძლეობას და ძვალ-რბილში გამჯდარ ფილისტერობას, დაობებულ და აშმორებულ უსისტემობას მაღალი გილიოტინა დაუდგა.
კოტე მარჯანიშვილის ქართული სასცენო ხელოვნების პეტრე დიდია, რომელმაც ჩვენი თეატრი გამოიყვანა პროვინციალურ ორღობეებიდან და წარმართა რადიუსით, რომელიც ევროპის ტანზე გადადის: ჩვენი თეატრი თანამედროვე მიღწევებით აამეტყველა.
მართალია, ქართული თეატრის ოფიციალურ დღესასწაულად 2 იანვარია დაკანონებული, მაგრამ არის მეორე დღესასწაული, რომელიც დგას როგორც კავკასიონის უღელტეხილი, საიდანაც ახალი დიქტატორი სწერს ესთეტიურ დეკრეტებს ჩვენი სცენისათვის.
ეს დღესასწაული ხვდება ბრძოლის პირველ დღეს, „ცხვრის წყაროს“ პირველ წარმოდგენას. იგი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ჩვენი თეატის ახალი ეპოქის დაწყების დატა.
საარიერგარდო შეჯახებაში გადაწყდა ბრძოლის ბედი: იყო დაუსრელებელი ოვაციები დღის ტორეადორის წინაშე. „ცისფერ ყანწების“ ნიკიშმა პოეტმა პაოლო იაშვილმა გაუხსნა გზა აღფრთოვანებას და როგორც დაგეშილი წევრები მიუსიანა სცენას თავისი ჩვეულებრივი ტემპერამენტით პირმოპირული სიტყვები. ბარიკადებზე ქართულმა ახალმა დამდგარმა პოეზიამ ნახა თავისი მოკავშირე.
აქედან დაიწყო ქართული თეატრის განახლება, ფერისცვალება და მარცხენა ფრონტით სიარული.
არიან პირები, უნიჭო პიესების ავტორები, რომლებიც ეროვნულ ხაზის გახრაზე ლაპარაკობენ და ბანალობამდე დასული შენიშვნებით დაძვრებიან ფსევდონიმებში: ასე ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ამოიყვანა ქართული თეატრი უფსკრულიდან გადაარჩინა გადაშენებას, იმიტომ, რომ პიესა დაუწუნეს.
ისტორიული ფაქტი კი ასეთია: კოტე მარჯანიშვილმა გარდა იმისა, რომ დაარღვია სრულიად თეატრის განსხეულობის ქველი საშუალებები, გამოვიდა როგორც დიდი ნოვატორი, ახალ ღირებულებათა შემქმნელი და ახალი სათეატრო შემოქმედი ცხად ჰყო მანამდე დაფარული ქარული რასიული თვისება, გახელება სამხრეთის სიცხეში.
ეს არის ქართული კარმენიადა.
„ცხვრის წყარო“-ს წარმოდგენა ამ მხრივ დიდ მასალას წარმოადგენს ქართული შინაგან ექსპრესიის, მისი აღვირ ახსნილ ფერების. აქ ქართული თეატრი თავისი ფერებით, დინამიკით მოძრაობაში, სულიერ აღტყინებით და მისი გამოხატვის გარეგნული საშუალებებით ევროპის თეატრის გვერდით დადგა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება და იგი აღნიშნა თავის წერილში ჩვენმა თანამემამულემ – სუმბათაშვილმა.
ამ პიესის დადგმით კოტე მარჯანიშვილმა მისცა ქართულ თეატრს ის, რაც მას არასოდეს არ ჰქონია, და რაც თანამედროვე თეატრის ძარღვს წარმოადგენს:
ორგანიზაცია,
დისციპლინა,
ტეხნიკა,
ეკონომია.
ცხადია, ყველაფერი ეს არ არის ბოლომდე დაყვანილი, არ არის სავსებით გამოყენებული; მაგრამ ეს დგას რეჟისორის პათოსის გარეშე. თეატრის აკადემიურობა ვერ მისცემს მას საშუალებას მივიდეს, მარცხენა ფრთის უკანასკნელ წერტილამდე, მაგრამ უმთავრესი რაც მისცა ქართულ თეატრს ამ პირველი დადგმით, ეს არის არტისტი მოხაზულ სცენიურ ტაქტით და მხატვრული გემოვნებით.
პირველი გამოსვლა არტისტის (ამ წარმოდგენაში) როგორც კოლექტიურ პიროვნების დარჩება ულამაზეს დეკორაციად ქართულ თეატრში.
მას ამიერიდან მიეცა შინაგანი რწმენა წარმოიდგინოს მთელი ევროპა როგორც სცენა, სადაც თამამად შეუძლია გამოსვლა. მან იგრძნო, რომ ძარღვებში მომსკდარია „სისხლი და არა წყალი“. ქართველი არტისტის ემანსიპაცია რეჟისორის უდიდესი ღვაწლია. კიდევ ახალი, რაც ქართულ თეატრს წინეთ არ დასიზმრებია: ეს დრამის მუსიკალური ილიუსტრაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის ეფექტს და წარმოდგენას აძლევს ფეიერვერკის სინათლეს. შემდეგ: გრიგოლ რობაქიძის ლონდა, სადაც გაიმართა ტრაგიული დუელი სცენის დიდ ოსტატსა და სიტყვის სადასაის შორის.
ამ დუელის შესახებ ბევრი ითქვა თავის დროზე.
ლონდა თავისი ფინალით ლილეოთი დაადგა ქართულ სცენას როგორც გახელებული მზე. ამ დადგმით ქართულმა თეატრმა იხილა და მიიღო როგორც სისხლი ახალი სცენიური ღირებულებანი.
რიტმი და სიტყვის თუ მოქმედების პლასტიური გაშლა, მასსა, რომლებიც აგრეთვე არასდროს არ ჰქონია ქართულ თეატრს. აქ ჩვენ წინ გაიელვა ორმა რეჟისორმა სიტყვისა და სცენისა, რომლებსაც როგორც ნერონს შეუძლიათ თავის ქალებში დაანთონ ფოსფორიული ცეცხლი და მით გაანათონ თეატრი. ამ ცეცხლის ცხუნება მეტად გამძლე იქნება აქედან დაწყებული ქართული თეატრი მიდის გამარჯვებათა საფეხურებით, რომლის მწვერვალი ჯერ კიდევ შორს არის.
ერთ-ერთი საფეხური გამართულია შემდეგი წარმოდგენით: „მზის დაბნელება საქართველოში“. ვის შეეძლო ამ პიესის მოსმენა ბოლომდე, ვისი ნერვები გაუძლებდა ამ არქეოლოგიურ ნაშთს, მაგრამ რეჟისორმა რჯულმდებელმა მას ახალი სიცოცხლე მისცა, და წარმოდგენაც მიუხედავათ იმისა, რომ იგი არ ეგუება მარჯანიშვილის სტიქიას, გამარჯვებით დასრულდა. ეს არის სცენის დირიჟორის ჯადოქარობა.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა თეატრმა ამ პერიოდში საუკეთესოდ გამოიყენა მხატვარი თავისი მეტყველი ფერებით, ამ მხრივ ქართული თეატრის აღორძინებაში უეჭველად თავისი ღირსეული ადგილი უკავია სიდამონ-ერისთავს.
„ინტერესთა თამაში“ ამაგრებს ქართული თეატრის წელს, ისევე როგორც „გმირი“.
ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ჩვენ სცენაზე წარმოთქმული. რეჟისორი უფრო თავის რკალში გრძნობდა თავს და ამიტომაც მეტი სცენიური ეფექტით შეამკო იგი.
ბუტაფორიული სტილი ქართულ თეატრის, საჭირო იყო მარჯანიშვილის გამბედაობა, სტიქიური ძალა, რომ ქართულ საზოგადოებაში შემოეტანა „ინტერესთა თამაში“ის სტილი, სადაც მოქმედება ცხოვრების გამასხარავებამდე დადის თითქოს.
თავის დროზე იყვნენ უკმაყოფილონიც ამ წარმოდგენით.
„სანახაობა“-ა, მეტი არაფერიო.
სხვა არც იქნება თანამედროვე თეატრი. სანახაობის სინამდვილის შექმნა ეს მიზანია ახლა.
ყველაზე უფრო რაც სჭრიდა თვალს, ქართული თეატრი ამ წარმოდგენით ეს მისი ტეხნიკური გამართვა, არტისტის ელასტიურობა, და თხილის წკნელივით დაღვენთა.
მახსოვს, როგორ შეეგებენ ამ წარმოდგენის შემდეგ ქართველი არტისტები თავის საყვარელ ხელმძღვანელს ქიმერიონში პატარა ბანკეტზე.თითქმის რესპუბლიკანური გაამაყებული გვარდია შეხვდა ქვეყნის უდიდეს რეჟისორს, ნაპოლეონს.
არტისტი კი ყოველთვის არის თეატრის ბარომეტრი, არ არის დრო ქართული თეატრის ამ ტრიუმფალური სვლის სრული სურათის მიცემის.
ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ამ სვლაში პირველ კალონაში დგას ქართული მემარცხენე პოეზია:
სალომეია,
ინტერესთა თამაში,
გმირი,
კაცია მასსა და რაც მთავარია.
ლონდა,
კარდუ,
მალშტრემ.
ეს არის ცისფერ ყანწების ძღვენი ქართულ აღორძინებულ თეატრში მიტანილი.
არ შეიძლება, არ აღინიშნოს რეჟისორი ალექსანდრე ახმეტელი. ჩვენ უყურებთ და ვაფასებთ მას, როგორც მარჯანიშვილის მემკვიდრეს ქართულ თეატრში, ახალი ტრადიციების მწვერვალზე ამტანს.
თავისი თეატრალური დრმა ინტუიცია და მაღალი ტემპერამენტი მან პირველად სალომეიაში გადმოღვარა,
ამ წარმოდგენაში უკვე გამოჩნდა ნოვატორი რეჟისორი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა დაგროვილ შაბლონებს და სცენას ახალი სურნელება მისცა.
მეორე დიდი გამარჯვება გაიზიარა მან მარჯანიშვილთან ერთად „გმირში“ და გამოვიდა მართლაც როგორც გმირი ქართული თეატრის. ალექსანდრე ახმეტელი იმ ტიპის რეჟისორია, რომელსაც ელის ბედნიერება, იყოს ქართულ თეატრში განსახიერებულ სიმფონიის ავტორი.
ჩვენთვის იგი ყოველ შემთხვევაში მომავალის იმედია. გამარჯვება ხვდა წილად აგრეთვე რეჟისორ ქორელს, რომელმაც დადგა „კაცია მასსა“ ამ პიესით უკეთესი ეფექტის შექმნა შეუძლებელია. ვინაიდან მასში არ არის შინაგანი დინამიკა, მოქმედების განვითარება.
აკაკი ფაღავამ საბოლოოდ გაუმაგრა ძირი ქართული თეატრის მომავალის სათეატრო ინსტიტუტს. აქ გადაიტანა თავის მოქმედების ცენტრი. მალე ვიხილავთ ინსტიტუტის სანიმუშო წარმოდგენებს. და მაშინ გვექნება შეძლება ვრცლად შევეხოთ მის დამსახურებას, და ადგილს, რომელიც უკავია აღორძინებულ თეატრში.
ცეზარის ლეგიონერების სიამაყით მიდიან ქართველი არტისტები ახალი პოზიციების დასაპყრობად.
ვერიკო ანჯაფარიძე, მხოლოდ ორ წარმოდგენაში ვიხილეთ: „ინტერესთა თამაში“ და „გმირში“. ორივეში გაისმოდა მისი დაწმენდილი ხმა, როგორც პირველი სკრიპკის.
ვფიქრობ, თავისი მიღწევით იგი ყველაზე უფრო თანამედროვეა დაწვლილებული, გემოვნებით, არტისტიული ნერვით, და პოზით რომელიც უეჭველად მოქმედობს დარბაზზე როგორც გიპნოზი.
თამარა ჭავჭავაძე – ქართველი კარმენის ტრადიციის შექმნელი, კიდევ უფრო გაიმაგრა ხმა გმირში.
აკაკი ვასაძე მხატვარი არტისტთან ერთად დაჯილდოვებულია ყველაფრით, რომ იყოს ქართული თეატრის ენერგია და გული. წარსული წელი მისთვის გამარჯვებათა დღესასწაულებათ იყო დაფარული.
ასევე გიორგი დავითაშვილი, ელენე დონაური და უფრო ახლებიდან უჩა ჩხეიძე, მჟავია, მ. ლორთქიფანიძე, დავით ჩხეიძე, ვ. ჯიქია, შალვა ღამბაშიძე და სულ ახალი მაგრამ მაგარი აკაკი ხორავა. ყოველი მათგანი ღირსეული მეომარი იყო დაწყებულ ჯვაროსნულ ომში.
იერუსალიმი კიდევ შორს არის, მაგრამ იმედი გვაქვს რომ იგი აღებული იქნება საბოლოოდ.
აღსანიშნავია აგრეთვე ახალი იმედები სათეატრო ინსტიტუტიდან: ივლინტა ჯორჯაძე, ხათუნა ჭიჭინაძე, წულუკიძე, გარსიაშვილი.
შალვა აფხაიძე
„ბარრიკადი“, 1924, №1