ქართული დრამისთვის – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ბახტრიონი“, №11

სტატიები, შემოქმედება

ქართული დრამისთვის

გამართლდა მათი მოლოდინი, ვისაც დიდი ხანი ქონდა დაწურული იმედი ქართული დრამის ამაღლების. შეიძლება იუკვე ითქვას, რომ ქართულმა თეატრმა ვერ გადალახა რუტინა და თავის დანიშნულების სიმძიმის ქვეშ მოიკეცა. ეს არის ფაკტი და დაწყებული სეზონი ამ დამწვარ ფაქტების გამოფენაა უთუოდ. არც ერთი ნათელი საღამო, არც ერთი გამართლება თანამედროვე სცენის. უნიჭო ეპიგონიზში, უშნო დოგმატიზმი და გამეორება ასჯერ გამეორებულის.

„გუშინდელნი“, „ხანუმა“, „თამარ ცბიერი“ და სხვა ვის ანტერესებს დღეს ეს არქეოლოგიური პიესები, სად არის სიახლე? სად არის ძიება? სად არის მხატვრული შემოქმედება? მაღალი ტემპერამენტი. ფანტაზია. პერსპექტივა. რამ დააკნინა ასე ქართული თეატრი, მისი რეჟისურა, რა მიზეზია, რომ ვერ აუხვია გვერდი ტრივიალობას, დაშლას დაცემის გზას.

ცხადია ერთი, ქართულმა თეატრმა დაკარგა აუდიტორია, რადგან მას არ შესწევს შემტევი ძალა და მხატვრული ენერგია. იგი ისეთ კრიზისის რკალშია მოქცეული, რომლიდგანაც ვეჭვობ, ტან მთელი და მაგარი გამოვიდეს. ეს მაშინ, როცა საჭირო იყო მეტი ინტენსიობა შემოქმედების, რადგანაც თეატრი იმ ადგილად დარჩა, სადაც კიდევ ისმის სიტყვა ქართული. როცა საჭირო იყო მთელი მატერიალური თუ სულიერი რესურსების წესიერი გამოყენება, და ხორცათ გამოკვეთა, როცა მოწოლილი უცხო კულტურა ჩვენგან მოითხოვს დისციპლინას და შრომას ტიტანიუერს. შეიძლება მატერიალური პირობები იყოს მიზეზი ქართული თეატრის პარალიჩის? უთუოდ: ქართველ მუშას არ აქვს შეძლება თეატრში შესვლის, მით უმეტეს, არ აქვს ქართველ ინტელიგენციას, ამას ემატება პსიქოლოგიური მომენტი და სხვა ასეთები.

ყველაფერი ეს ნათელია, მაგრამ უდავოა ისიც, რომ თვით თეატრის შიგნით ხდება დეზორგანიზაცია. არ არის ის სიმტკიცე სულის და მომენტის შეგნება, რომელსაც შეეძლოს დაბრკოლეებათა გადაძლევა, არ არის ხალისი თვით სცენის მუშაკთა შორის. მოდუნება ნების, დაბნევა; უმოქმედობა დღეს ჩვენი დამახასიათებელია, რომელი ეროვნება გნებავთ, რომ არ აჩაღებდეს დღეს მუშაობას საქართველოში. იქაც კი, სადაც უნდა ისმოდეს ცოცხალი სიტყვა, და რასაც მდგომარეობა ხელს უწყობს თითქოს განვითარებისათვის – ქართული პროლეტარული ხელოვნება, აქაც სიჩუმეა, აქაც ეპიგონობაა მხოლოდ და რუსულ პროლეტკულტის ხელმძღვანელი მოუწოდებს მათ მუშაობისაკენ. თუ წინეთ შეეძლო ქართულ თეატრს შიშველი ზურგით გამოეტანა ქართული სიტყვა, რა მოხდა დღეს? განა ნაკლები საფრთხეა წალეკვის? განადგურების?

ჩვენ გვინდა შევეკითხოთ მის უშუალო პატრონს სახელმწიფო თეატრების მართველობას; რაშია საქმე? სად არის თქვენი მზრუნველი ხელი, თქვენი ცოდნა საქმის. რატომ არის, რომ ოპერის ხელმძღვანელებს შეძლება აქვთ ახალი დადგმის, გამოცოცხლების,  რატომ არი რომ მთელი ყურადღება ოპერას აქვს მიქცეული, მაშინ როდესაც მას გაცილებით ნაკლები ეროვნული ღირებულება აქვს დღეს დღეობით. და ქართული დრამა კი განადგურების ცეცხლშია. რათ მოხდა, რომ ოპერამ სრულიად განახლებული რეპერტუარით დაიწყო მუშაობა და ქართულმა დრამამ კი ასეთი პიესებით და დადგმით, რომელიც გულზე ადგია საზოგადოებას. იმის მიზეზი რაღაა, რომ გამოცხადებულია „ვარამი“ და მხოლოდ წინა დღით ხდება მისი შეცვლა მეორე პიესით, ისე იდგმება, რომ სამუდამოთ  აძულებს თეატრს მაყურებელს? რას აკეთებს მმართველობა ამ შემთხვევაში?

ჩვენ მოვითხოვთ: ნუ იგდებთ აბუჩად ქართულ დრამას, მთელი თავისუფალი მორალური, მატერიალური და ყოველგვარი რესურსები მოახმაროთ ქართულ დრამას: რადგანაც იგია შეკრული არა მხოლოდ ესთეტიური პათოსით, არამედ ეროვნული სალტით.

თუ შეიძლება, თქვენი ყურადღების ცენტრი ყოფილ სახაზინო თეატრიდან „გადმოიტანეთ ყოფილ არტისტიულ საოგადოების თეატრში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესი იქნება დახუროთ ქართული სეზონი და სრულიად მაინც არ ჩამოაშოროთ ქარულ თეატრს დიდის წვალებით და შრომის დახარჯვით შეძენილი აუდიტორია. თუ აქმეს არ გააკეთებთ, ნუ გააფუჭებთ მაინც.

 

შალვა აფხაიძე

გაზეთი „ბახტრიონი“, 1922, №11