უკვე აღნიშნული იყო რომ ქართული თეატრის კრიზისის დაძლევა შეიძლება მხოლოდ ძირიდან, ისე მისი ბედი იმთავითვე განწირულია. უთუოდ ქართული თეატრის დაცემის და დაშლის მიზეზი სავსებით თუ არა, ოდნავ მაინც მის შინაგან ბუნებაში უნდა იქნეს მოძებნილი, თუმცა არის სხვა გარდამავალი ელემენტებიც, რომლებიც თეატრს გილიოტინის მოლოდინში გრეხს.
რა თქმა უნდა, ქართულ თეატრს არ აქვს წელმაგარი კულტურა გაგებული იმ აზრით, როგორც ეს მიღებულია დღეს. კულტურას ქმნის ტრადიცია, ასეთს კი ქართული თეატრი სამწუხაროდ მოკლებულია. მას აქვს ტრადიცია ეროვნული პათოსის და გატაცების დღეს ესეც დაჰკარგა და დარჩა უსარჩულო, სულს დაშორებული.
თეატრალურ უკულტურობის გამამხელია აგრეთვე უცილობელი ფაქტი – რეცენზიის უქონლობა. იშვიათად წამიკითხავს ცოდნით და თეატრალურ ხელოვნების სიყვარულით დაწერილი რეცენზია. სწერენ ისეთები, რომლებსაც შორეული წარმოდგენაც კი არ აქვთ თეატრზე და შემოქმედებაზე, რომელიც მის კულისებში იშლება.
ქართველში მოცემულია პოტენცია სხვად ქცევის, ფერის ცვალების, მაგრამ საკუთარ თეატრის, დიდ ღირებულების მატარებელის, ხორცხმისათვის არ ყოფნის ბიოლოგიური ენერგია. ამიტომ ძნელია, რომ ქართულმა თეატრმა მიიღოს ფართო რეზონანსი. ქართულ თეატრში ყოფილა ისეთი დადგმა, რომელიც ბევრით არ ჩამოუვარდება სამხატვრო თეატრის დადგმას არც ტემპერამენტით, არც მხატვრული ეფექტით, „მსხვერპლი“, „გუშინდელნი“, „ვინ არის დამნაშავე“. შესაძლებელია ასეთ პიესების შერჩევა და მათ დადგმაში სისტემის შეტანა, ამ გზით განსაკუთრებულ სტილის თეატრის ჩამოყალიბება. მაგრამ ამას ვერ გაუძლებს ერის სტატისტიკა. უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა ხშირად.
დრამატიული სტუდია – არის ფესვი ნედლი და მაგარი ქართული თეატრის. ასეთი სტუდია უკვე არსებობს აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. ერთი წელიწადია უკვე რაც სტუდიაში ინტენსიური მუშაობა სწარმოებს, თუმცა მისი არსებობა ფართო საზოგადოებამ დიდ ხანს არც კი იცოდა. ხელმძღვანელის იშვიათ სიყვარულს საქმისას და ორგანიზატორულ უნარს უნდა მიეწეროს სტუდიის არსებულ პირობებში შექმნა.
რამდენადაც ვიცით სტუდიას უშუალო ხელისუფლებიდან ჯერჯერობით არა თუ მატერიალური, მორალური დახმარებაც კი არ მიუღია. დიდი ბრძოლა იყო საჭირო, რომ იგი „რაბისს“ არ გამოეგდო სამაცადინო ბინიდან და ქუჩაზე არ დაეტოვებია. აგრეთვე, როგორც გადმოგვცემენ, რთულ ხასიათს იღებს ლატარიის საკითხიც. უკანასკნელი ერთად ერთი წყაროა სტუდიის არსებობის, და ყოვლად დაუშვებელია ეროვნული მოსაზრებით, რომ გამოეცალოს ხელიდან, ამდენი შრომისა და ენერგიის დახარჯვის შემდეგ. მით უმეტეს, რომ სტუდია სახელმწიფოდან არაფერს არ იღებს, და ეს მაშინ, როცა მოსკოვიდან ჩამოსული სტუდია ახერხებს მიიღოს ათეული მილიონები. ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო, მხოლოდ დაუშვებელია, რომ ამავე დროს ჩვენი სტუდია ჩრდილ ქვეშ იქნეს ამოფარებული, ის სტუდია, რომელზედაც არის დამოკიდებული ქართული თეატრის მომავალი.
სტუდიის არსებობაში და წინსვლაში უნდა დაინტერესდეს ქართველი საზოგადოების ფართო წრეები, მისი მატერიალური და მორალური თანაგრძნობაა აუცილებელი, რომ სტუდიამ ნაყოფი გამოიღოს. ისე იგი ჩაჭკნება, დაიშლება.
მძიმე პირობებია ფსიქოლოგიურ და მატერიალურ რესურსის მხრივ, მაგრამ ქართული თეატრის სიყვარულმა უნდა გადალახოს ეს პირობები ქართველ საზოგადოებაში.
ძირშივე უნდა იქნეს ჩაკლული აგრეთვე ჩვეულებრივი ქართული ინტრიგა, რომელიც ხშირად არ აძლევს საქანს გულწრფელ დასაწყისს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სტუდიის ხელისშემშლელი, რა ფორმაშიაც არ უნდა გამოისახოს იგი იქნება მოღალატე ქართული საქმის და თეატრის კეთილდღეობის. ასეთი იარლიკის ტარება კი არა მგონია ვისმეს ესიამოვნოს.
საზოგადოების თანაგრძნობით გამთბარი სტუდია ხელმძღვანელთან ერთად ადვილად მიაღწევს მიზანს.
შალვა აფხაიძე
გაზეთი „ბახტრიონი“, 1922, №14