ქართველი პოეტი ქალები – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ბახტრიონი, №13

სტატიები, შემოქმედება

ქართველი პოეტი ქალები

არის წერილი ინოკენტი ანნენსკის, დაწერილი ავტორისათვის ჩვეულებრივ სითბოთი და გულწრფელობით. აქ მოცემულია ორი პათოსი, ორი ტემპერამენტი სამყაროს პოეტურ შეცნობის როგორც ორი სხვაებულ საწყისის შემოქმედების პროცესში, ვაჟური განათება საგნის და ქალური შეხებამის. რუსულ პოეზიაში ადვილი იყო ასეთი ხაზის გატანა. არიან პოეტი ქალები, რომელთა პოეზიაში ჩამჯდარია ქალის სინაზე და თავისებური მისვლა ობიექტთან საკუთარი ფსიქოლოგია და ასოციაცია ნივთების და იდეების

ქართულ პოეზიაში არის ქალური სინაზის და ნაივობის ხაზები უთუოდ, მაგრამ არ არის ის, რაც იძლევა პოეტ ქალის ნერვს და ფოსფორს. ერთი ელენე დარიანი, რომელმაც ქალური ღიმილი შეიტანა სტრიქონებში, არ არის საკმარისი შექმნას რკალი თავის თავში დასრულებული.

რასა ქალური უთუოდ და მინანქრის ჩრდილ მოვლებული ვერ გაიხსნა პოეზიაში, რომელიც ქალის მხურვალე გალიუცინაციით იქნებოდა დაპუდრული,  ვინაიდან პოეზია  პოეტის გალიუცინაციათა სისტემატიზაციაა უმეტესად,

არის ეპოქა სურნელოვანი დაცემის მოლოდინით და უეცარ ატირებით, ეპოქა განწირული და მომცემი უკანასკნელი აკკორდის, რომელშიაც მაღალ უვერტიურების პათოსი  დასრულდა დამწვარ პროლოდების ცეცხლით.

მეთვრამეტე საუკუნის წლები, რომლებმაც მწუხარებით გადაიფრინეს საქართველოს ცა ლურჯი  და უტოლო. დრამის დასასრული და მოწყვეტილი ფარდა.

საკმაოა მანძილი და შესაძლოა ფარდის ახდა. იყო საუკუნე მაღალი და განუზომელი იდეებით და ადგომის წყურვილთ. ქართული ხმალის პირთან ხდებოდა ქართული მეცნიერების და ხელოვნების ორგანიზაცია.

მისი მადლი და ბარაქა ელოდა გაშლას.

ამ საუკუნეს ყველაფერი უწყობდა ხელს, გამხდარიყო მეორე მწვერვალი, ვინაიდან იყო გამძაფრაბული გრძნობა ეროვნულ სიამაყის და მოწოდების.

წრე და ატმოსფერა რომანტიკით შენელებული, მოგონებანი წარსულ დღეების დიდების და ბრწყინვალების, როცა აზიის შორეულ უდაბნოებიდან მოდიოდენ ძვირფასს ნადავლით დატვირთული ქარავნები.

და შემდეგ მობრუნება კარუსელის და ყველა იმედების დაწყვა. როგორ გადატყდა თანამედროვეთა თვალში ეს კატასტროფა? როგორი იყო ყველაზე უფრო მძაფრი ტკივილის ანარეკლი პოეზიაში? ამას აქვს ისტორიული და ამასთანავე კულტურული მნიშვნელობა.

სოველია ახლაც ცრემლით ყოველი სტრიქონი იმა დროების მაჯამის თუ გაფის.

არის რაღაც აუხსნელი და იდუმალი ფაქტში, რომ ყველაზე უფრო მწვავედ ეს პოლიტიკური კატასტროფა დაიტირეს ერეკლეს ასულებმა, სამი ასული ძვირფასი გვარის ბაგრატიონთა და სამი ცრემლი დაცემული დაკეცილ დროშაზე. დაკარგულ გვირგვინზე და საქართველოს თავზე ატირებული პოეზია – სამი დის.

ჯერ გაურკვეველია, ქონდა თუ არა ამ ხასიათის დრამებს ადგილი ქართველ მეფეთა ოჯახებში, რომელნიც უფრო ხლართავენ და აბნელებენ ისედაც ბალასტით სავსე ბიზანტიის ისტორიას.

საკმაოა პერგამენტის ფურცილები, რომლებიც ფენენ სურნელებას სამი სანთლისას, რომლებიც ასეთი სიყვარულით და ჩაწვდომით დაიგლოვეს საქართველოს წარმხდალი დიდება და სიამაყე მისი.

მარიამ, თეკლე და ქეთევან ბატონიშვილები. პირველი პოეტი ქალები, ვინაიდან ჯერ სახელია მხოლოდ დარჩენილი ვორომისია ბერიძის, რომლის სურათს თამარაშვილის ალბომში ასეთი წარწერა აქვს: „გურული კეთილშობილი დედაკაცი, პოეტი მეტად ნიჭიერი და საქებელი სხვა და სხვა სათნოებისთვის“. ნაწარმოები კი ჯერ უნახავია.

სამი ასული ახლო იცნობდა თანადროულ პოეზიის მიღწევას და პირადი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ეპოქის სტილის გადამღებთან – ბესარიონ გაბაშვილთან, რომელმაც თავისი გული და გრძნობა დაამღერა მეფის წულს ანას, მათ მაგიდას.

პოეზიის ცოდნის გამომხატველია უთუოდ მათივე ლექსები, განსაკუთრებით მარიამ ბატონიშვილის, რომლებშიც სჩანს ავტორის ტალანტი უეჭვო და ცოდნა ლექსის ტეხნიკის და სულის.

მათი ლექსები გამოფენაა ტკივილების და ჭრილობების, რომლებითაც დაიფარა საქართველოს ტანი ჩრდილოეთის ქარის მიერ განიავებული.

მათს ლექსებში არის მძაფრი გრძნობა და განცდა ხალხის, რომელმაც დაჰკარგა ყოველივე და ამასთანავე უხეში ძალა მიერეკებოდა შორეულ ტაიგებში და ყინვის უდაბნოებში.

საოცარი ოსტატობით არის შეკრული ფერები და დაჭიმული ნერვები ყოველი ლექსის. აქ შეიძლება სუნთქვა ცხოველი ეპოქის გარდასულ სიმწარის, შხამის, და თქმა არ უნდა, ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს ლექსის ყალიბი, მისი ფაბულური მხარე. მაგრამ უეჭვოა როგორც ტემპერამენტი აწყვეტილი,რომელიც დაქვითინებს დაცარიელებულ პალატების დარბაზებს.

ყოველ ლექსში მოცემულია სევდა თაფლის, მარტოობის წინაგრძნობა, მამულის განწირვა და ქვესკნელის მოლოდინის საშიშროება.

ასულთა ყოველ ლექსში გამოტირებულია წალკოტის წარსული დიდება, სადაც იყო შვება და სიხარული.

მეტი უშუალო ტკივილი, მეტი გულწრფელობა და პათოსი წამების არის მარიამ ბატონიშვილის ლექსებში. ლექსი მისი გამართულია უფრო ტეხნიკითაც. აქ უკვე ბესიკის ლითონის ხმა ისმის ყრუთ.

„იგრგვინვა ცამან ჩვენზედა რისხვითა საშინელითა,

დაჰფარნა ჩრდილო ღრუბელმან მნათობთ არენი ბნელითა“.

საყურადღებოა საქართველოს სიამაყის შეგნების გამძაფრება და მოთქმა მამულის განიავებით და ნამუსის ახდით გამოწვეული სევდა გადადის უფრო ღრმა განცდაში, და სცვლის ძირეულად პოეტის ორგანიულ შეცნობას სოფლისას.

„ნუ ვინ ეტრფობით სოფელსა ნიადაგ მუხთლად მწარებსა“.

საკმაოა ისტორიულ დისტანციის წარმოდგენა ოდნავ რომ გაცხოველდეს, სავსებათ ატმოსფერა წვერზე დასულ მზის და საყვარელ კულტის აფეთქების, რომელმაც ასე თანაგრძნობით და ქალური სინაზით ააღელვა პოეტის გული.

საყურადღებოა მარიამის ერთი ლექსი აგრეთვე, რომლის ფაბულად ოჯახის ერთი შემთხვევა არის აღებული. ძმას მოუყვანეს საცოლედ ყაბარდოს მთავარის ასული, რომელსაც მონათვლისას ნინო დაარქვეს. იგი იზრდებოდა მეფის პალატებში. მამულს დაშორებული დაავადმყოფდა და ტუბერკულიოზის ხველების მუსიკის ქვეშ გარდაიცვალა.

ლექსი დაწერილია რუსთაველის ზომით და რიტმით, და იმავე გულწრფელობით და სიყვარულით არის გამთბარი.

მხოლოდ აღსანიშნავია, ერთი სტრიქონი: „იესოს ქრისტეს სძლათ ექმნა, უმანკო დაუჭნობელად“. სტრიქონში გადატეხილია უთუოდ შეგნება ეროვნული დანიშნულების და მისიანიზმი მეფის წული – იესო ქრისტე.

არის გრძნობა ინკვიზიციის და წამების ქალური ინტიმით შეფერილი ქეთევანის და თეკლეს ლექსებში. საქართველო, პოეტ გიორგი ლეონიძის ლაპიდარული თქმით, „თვითონ გიენა და გეენაა პოეტებისთვის“. და საყვარელია პირველი ცრემლები გიენის დამტირებელი.

შალვა აფხაიძე

ბახტრიონი, 1922, 13