მომპარა თვალი შენმა ხილვამ. გშვენის ამარტი,
დათენთილ მკლავებს გიდარაჯებს ცხრა ჯავაირი,
და ბროლის კისერს აფერადებს ქარვის შაირი.
მე კი თითებზე ვითვლი თვეებს: მაისი, მარტი.
ვიტყვი ხანდახან, რათ არა ვარ მე ბონოპარტი,
რომ ჟოზეფინას გითავაზო ცელქი დაირი,
ჩაგაცვა კაბა: შავი, ლურჯი ან სხვა ნაირი.
შენ გასართობად მუქ ხავერდზე გავშალო კარტი?
და მიწვევს ლოცვად ცრემლ ნარევი შენი პროფილი,
მისი შეხედვით მე ყოველთვის ვარ კმაყოფილი.
თუ აბნევ სიცილს, მაშინ ჩემთვის კარგი დარია.
გიშრის თვალებით, გრძალვით ვამსხვრევ ღამეს მთვარიანს,
შენ სადიდებლად ვწერ სონეტებს ნაზ და ქარვიანს:
შენი რაინდი მომიგონე, წმინდა Maria.