არის სიმღერა: შორეული და უნაზესი.
ო, არ გადავცვლი მას ვებერის… როსინის ხმაზე.
ის ძვირფასია ოცნებისთვის ვით ოაზისი.
არ ვიცი, რატომ მიალერსებს ეს სილამაზე.
ვისმენ მას ჩუმი… და ოცნებაც აკანკალდება,
თითქოს ასი წლით შევიქნები მე უფრო ნორჩი.
ო, რიშელიეს საუკუნე! ოქროს ფარდებით!
შენი დაისი აფერადებს ჯეჯილს ტან მორჩილს.
მდინარის იქით, სადაც ისმის სურვილი ბარის,
ხავსით დაფენილ, დადუნებულ და სასტიკ ბაღში
იზრდება კოშკი, ის ნაცნობი ვით მეგობარი,
მისი მინები ელვარებენ წითელ არშიით.
და ფანჯარასთან ზის მოწყენით ქალი მფლობელი
წარსულ სხივების, და დაისის ძველ ტანთსაცმელში,
მგონია, თითქოს არის ჩემი ის ახლობელი,
თითქოს ოდესღაც ნედლი გული მივეცი ხელში.
თარგმანი შალვა აფხაიძის
გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 25 თებერვალი, №6