სპირალები – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, №1

სტატიები, შემოქმედება

სპირალები

არის კრიზისიდან გამოსავლელ გზების ძიება. ნიშნები რკალიდან გიმოსვლისა თითქოს მოსჩანს: მიღება ეზოტერიული სიმვოლიკის. პოეზიაში ერთი მხრივ, და კოლექტივიზმის პათოსის მეორე მხრივ. საფრანგეთში გაუსმანსის და ანატოლ ფრანსის უკანასკნელი სკეპსისით შეკრულ რომანებს სცვლის ტროპიკის წვიმა და ქარიშხალი რენე მარანის რომანის „ბატუალასი“. ჩვენ აქ სრულებით არ გვსურს, დაუპირდაპიროთ ერთი მეორეს ეს სახელები. აქ ჩვენს ყურადღებას იქცევს საზოგადო ტენდეცია. ბატუალას აჯილდოვებენ გონკურების პრემიით: ეს არის ერთნაირი სიგნალი ახალი მობრუნების.

რუსეთში (ევროპაშიაც) იშვება სხვა ტიპი შემოქმედის. მთავარი მოტივი მისი: კოლექტიური ნება და ასეთივე შეცნობა ყოველი მოვლენის. ეს არის ახალი სტილი გეომეტრიულ – ინჟენერულ სწორი ხაზის. მეორე გზა იმავე რკალიდან: მიღება სოფლის კულტურის, რომელშიაც ძლიერია ისევ რელიგიური გახრა. წარმომადგენელი სოფლის  სოველ ბელტების მიმღეობისა – მაგალითად ესენინი. აქაც საყურადღებოა უფრო საზოგადო ტენდეცია, და არა მხატვრულ მიღწევათა ღირებულება.

ყოველ ცდას წრიდან გამოსვლისას უსწრებს ფუტურიზმი. უკანასკნელი თავის თავადი შეგნებული კრიზისია მოქმედების. ფუტურიზმი იმპერატივის მნიშვნელობაა თანამედროვე პოეზიაში.

საუკუნის დასაწყისში ფუტურიზმი კატასტროფის ნიშნის ქვეშ დადგა. მომსკდარ მატერიის სიმძიმეს ქვეშ სამყარომ დაჰკარგა სული, დარჩა მხოლოდ გრძნობა სიმძიმის და არა შემოქმედებითი ხალისის. არ არის ფოსფორი, იქ სადაც არ არის რწმენა და ნდობა საგნის რეალობის. უკანასკნელის შეცნობისათვის და შემდეგ მიღებისათვის აუცილებელია მისი შეყვარება. ეს არის მიზეზი საგნის მიუღებლობის, ყოველ შემთხვევაში ერთობილი სახით მაინც. ამ გზით მოდის ესთეტიური სოლიპსიზმი და ილიუზიონიზმი.

საგანი, რომელშიაც აღარ არის ძალა დამკირებელი, განწირულია იმისთვის, რომ გახდეს ფეერიული მოჩვენება უკეთეს შემთხვევაში. ამიტომ ფუტურიზმი, საგნის დეფორმაციის ბოლომდე დაყვანის პროცესი, აუცილებელია, რომ არ დაირღვეს წონასწორობა და გაიწმინდოს ადგილი გადახალისებულ საგნისათვის.

ჩვენში ჯერჯერობით არის ძლიერ სუსტი ჩანასახი კოლექტივისტურ პოეზიის. საქართველოს მაშტაბით მის მომავალზე ლაპარაკი ჯერჯერობით ძნელია.

მეორე გზაა მოცემული შემორკალულ რელიეფით და კულტურით. „ცისფერი ყანწების“ გამოსვლა იყო ახალი პოეტური შეგრძნება სამყაროსი. კანონმდებლობა ახალი ხილვის გადატანილია კლასიკური ფორმით ნაკვეთ ლექსებში.

ახალი ქართულ პოეზიას „ცისფერი ყანწების“ ღერბით ახასიათებს ახალი გაგება სინთეტიურ ხაზებში აღებულ სინამდვილის, მთლიანი შემოქმედებითი სტილის.

მაგრამ აქაც ისტორიული უღელტეხილი: იქით – პოეზია უფრო ფენომენალური აქეთ უფრო მიმღები რეალობის ირრეალურ ხვეულებში. დასასრულ, როგორც ბეჭედი, პავლე ინგოროყვას ლათინური ესენციით დაწერილი დეკლარაცია, იდეოლოგიური ახალი მოვლენა წრის.

მისტიურ სტიქიისაკენ გადახვევის აუცილებლობა აღნიშნული იყო, საერთოთ საჭიროა მისი ოდნავათ გაშლა.

არ არის მისტიკის მისხალი იმაში, რაც ჩვენში საზღვარის იქით საღდება მისტიკის რეცეპტით. უძვლო სიტყვების კორიანტელით და ისტერიული ტირილით მისტიური თრთოლვა არ გამოითქმება.

პირველად: პროვინდეციალური შემოქმედება და მისი შინაგანი მისტიური გზები. უკანასკნელი არის მთავარი. აქ ხდება ფორმალურ ხატულობის გადაძახება იდუმალ, მიღმა არსებულ სფეროსთან. ასეთი შინაგანი რელიგიით მიდის პაოლო იაშვილი ლექსების უკანასკნელი ციკლით, ვალერიან გაფრინდაშვილი ქრისტიანული სიღრმით და ტიციან  ტაბიძე, რომლის პოეზიაში ხშირად ვგრძნობ კათოლიკურ რიტუალს და მესმის ორღანოს დაწმენდილი ხმები (არ არის შემთხვევითი და მოულოდნელი რომ ახალმა პოეზიამ პირველმა მიიღო ვაჟა ფშაველა. ეს ბუნებრივი რეაქციაა თანადროობის).

ჩვენში გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი ლექსები „ნინოს“ ციკლიდან  ნატურალიზმამდე დასვლათ მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ეს ლექსები გაუძლებენ საუკუნეებს და მათ ჯვარცმას, ამ ლექსებს ახასიათებს ის, რასაც უარყოფს ლოღიკურ დასკვნამდე დასული სიმბოლიზმი: ნდობა, რწმენა საგნის. უკანასკნელი გრიგოლ რობაქიძის პოეტურ აპერცეპციაში მოდის არა მობრუნებით, არამედ გადაზრდილი სახით (თვით გრ. რობაქიძის ტერმინი). აქ ორი პოლიუსია. საგანი გადაზრდილი: აქედან „მისტიური რეალიზმი“. აქ არის არა წარღვნა საგანის, არამედ გაშლა სხვა ასპექტით და ხედვით. საგანი მოცემულია როგორც ხელშესახები რეალობა, მაგრამ რჩება კიდევ რაღაცა გადმოუცემი რომელთანაც საჭიროა ასვლა. იწვება სვლა სპირალით. პირველი ძირი ექსტაზი, შემდეგ ინტუიცია და ბოლოს ეროსი. საფეხური ასეთია: აქ არის იერარქიული კავშირი უმაღლეს მისტიურ შეგნებასთან. ვინაიდან ეროსი – არის უდიდესი მსხვერპლი უკანასკნელის მიტანა კი, მისტიური შეგრძნობა სამყაროსი. საფეხურები წარმომიდგენია პირამიდალურ ფორმით. უკანასკნელი წერტილი -მადონას იდეია – კულტი მადონას პირველი სიწმინდით და სიყვარულით. საჭიროა ამ საფეხურების მისტიურათ ათვისება.

შალვა აფხაიძე

გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 1