პირველი სეანსი
დაუმთავრებელ მთვარის სოლოს იმღერებს ქალი.
იმღერებს სოლოს დასველებულს სქელი ისრიმით.
და გამწვანდება მის სახეზე ბოროტი ხალი.
ხალი დამპალი, შეხვეული დანესტილ სირმით.
(მე ეს ამბავი დავასრულო მინდა რომანით),
თუმცა ქალბატონს გადაესხა სისხლი კაბაზე.
მას კაბა ეცვა შეკერილი ობაბას კანით,
და ასდიოდა ოხშივარი გამოჭმულ ყბაზე.
ქალი თითქოს მთვარით შემოსილი
არ გააცილებს გვიან ეტლით მთვარეს არავინ.
ძაღლის ღამეებს სიცივეში ვფურცლავ წვალებით.
და რძის სატურნი იყო ჩემი მხოლოდ მფარავი.
ახლა გრიგალებს დავედევნე აცრილ თვალებით.
ო, ცა ტიტველი გადმომაყრის ბამბის ვარსკვლავებს.
და ჩემ ყეფაზე ატირდება სიონში თაგვიც.
ამ განაპირა ქუჩის ტირილს რა გაათავებს?
ღმერთო მაღალო! დიდ უფსკრულში, გთხოვ, დამიცავი.
მოვიდა კვირა გაბერილი: წვიმით, ტალახით.
წვიმიან უბანს მოეჩვიენ მძიმე ავდრები.
ჩემია სოლო: კოჭლი მთვარე ისევ შავდება.
უკანასკნელი სეანსი
ახლა ქალბატონს ვეთხოვები სანთლის ღიმილით.
შეწყვიტა წყნარი, ხავსიანი მთვარის სეანსი.
გაფრენილ სიონს მოეფინა გუმბათზე მღილი.
ო, ვინ შეხვდება ამ სივრცეში ასულს ცოფიანს.