სიმფონია მთვარის – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, №11

პოეზია, შემოქმედება

სიმფონია მთვარის

მობრძანდა მთვარე გატენილი თესლის ტბორებით,

ახალი მთვარე ჟანგით გასვრილი

მოაწვა სივრცეს ძმარივით ბასრი,

მობრძანდა მთვარე გატენილი თესლის ტბორევით.

 

პოეტი – ო, მესმის მისი შორეული მძიმე შრიალი

და სურნელება მოფრენილი სივრცეთა მტვერის.

თითქოს ცივ ტანში ჟრუანტელმა გაისრიალა,

რომ მარტოობა შევიყვარე მე ისევ სკვერის.

 

უცხო ქალბატონს მოაქვს შენთან სხვერპლი მაღალი,

ახალო მთვარე, ჟანგით გასვრილი

სხვერპლი ციური, უცოდველი შესაწირავათ

(დაიქცა ნისლათ ქალბატონი დასერილ ხალით).

ახლა მსურს მთვარე დავიკიდო გულზე მე ქარვათ.

გული მიიღებს დაკარგულ მგზავრს, საწყალს, დახეულს,

ქარვის სარკიდან გხედავ პოეტს მე ალმაცერი.

 

პოეტი  მოვიდა მთავარე ძმარივით ბასრი.

მთვარე კაპასი, ქალბატონო, წაგართმევთ სხეულს.

წვიმიან დარებს ამ დიდ გზაში ჩვენ ორი ველით,

როცა ვარსკვლავებს გვაფრქვევს ზეცა როგორც საცერი…

გავყვებით ვარსკვლავს ჩვენ ქვითინით და საკმეველით.

ო, ვინ გაარღვევს საუკუნოთ მეწამულ წუთებს

მთვარეა მკაცრი. თავის მკვლელი. დანაკვეთი.

და ღმერთი მკაცრი მოწამლული შხამივით წუთხე.

ის საოცარი წმინდა მთიდან თითქოს გორდება.

მხოლოდ ბაღები რჩება სოველი.

არის წამება. ჯვარცმა, გოდება.

სოველი ღამე.

 

ახალი მთვარე ჟანგით გასვრილი,

მკაცრ სიმფონიას უკრავდა ორკესტრი

(ნეტავი იმათ, ვინც მას დაესწრო),

როცა მივტიროდით ქუჩას ნამიანს,

იყო ის ღამე გეთსამანია.