რომანტიკა – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1920-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-20-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

რომანტიკა

წინეთ აქ იყო ვერის ბაღები,

წინეთ აქ ნუშის ნიავი ჰქროდა

და თეთრი მთვარე გულის წამღები

ლურჯ სფეროთაგან რძეთ იღვრებოდა.

 

წინეთ არხევდა ჰაერს საამო

შრიალი ქალწულთ კრინოლინების.

მოჰქონდა უბით ფარჩის საღამოს

ვარსკვლავნი გუნდად შეკონილები.

 

ის საუკუნე იყო ნათელი

და სიყვარულზე ციურ ოცნების,

როგორც ძვირფასი ძვლის კამათელი

ის სილამაზით ახლაც მაოცებს.

 

მესმის ჭიხვინი გავარდნილ ცხენის,

ქალს რომ იტაცებს წინანდალისკენ.

მწვავს გაფრენილი ფაფარი ცხელი

ქალის თვალების მაბრმავებს სარკე.

 

მეჩვენებიან  მე დარბაზები,

აყვავებულნი მანანას თმებით

და პოეზია გადარაზული

ბარათაშვილის ცისფერ რითმებით.

 

განათებს სხივი გამონაკრთობი

გაჩაღებული პალატებისგან.

მზე კოშკებიდან ყვითლად მნათობი

და სუნნელება დაფხვნილ ქვებისა.

 

შენს საუკუნეს წმინდა თვალებით

რა აღმაფრენა და რა დიდება.

ოქროს ნიაღვრად და ბრწყინვალებით

შენი ბაღიდან გულს მაფრინდება.