აინთო ისევ გული ფოსფორი,
დასკდნენ ხალისით
ცხელი ძარღვები,
რომ სხვა სიტყვები –
მეტაფორები
მოასკდნენ ფურცლებს
აღრფთოვანებით.
გაირღვა, გაწყდა
წრე მეწამული.
და თუ – გვესმოდა
ჩვენ ხილთა ქება,
გვივსებდა თვალებს
ნაკადი მთვარის;
თუ – ჩაგვწიოდა
წარსულის ხმებით
ორთაჭალების
ტირილი თარის;
თუ – ნარიყალას
ჩვენ გვაწამებდა
გამოტანილი
ძველი სიზმარი;
ან თუ – ფოლორტებს
თან მიჰყვებოდა
ნელი ოცნება
კინტოს შარვალით;
თუ – გარეუბნის
ანთებულ ბაღში
მოგვყავდა დილა
დუდუკი ალით;
ან თუ – გვფარავდა
ცხელ წყალში ჩამხრჩვალ
ჩერო ვახტანგის
მიმინოს ფრთისა;
ან თუ ყაბახის
რომანტიული
ხსოვნა ჯირითის
გულს წაეფისა –
– გაჰქრა, წავიდა.
ახალი სიტყვის
არის საგანი
ახალ სიმღერის
და სიმფონიის
მოდის გულიდან
დიდი მადანი.
ბრწყინავს სიტყვაში
მზე გადაშლილი
ფარშავანგივით.
სტრიქონი – სტრიქონს
იწვევს ბრძოლაში
ჩამჯდარი ლექსში
რკინის ჟანგივით.
არის რითმები
ცხელ ქვესკნელიდან
თითქოს მოსულნი,
რომ შეაშველონ
ახალ ცხოვრებას
ძალა რძიანი –
ბარბაროსული.
და გადაიხსნა
ახალ ტფილისის
ოქროს სხივები.
იშლება ბაღად
შრომა დაღვრილი.
და თუ არ ახლა
როდის აიხსნას,
როდის დასწყვიტოს
ლექსმა სიჩუმის
მძიმე აღვირი.
რა სიამაყე
მირტყამს ხალისით,
როცა თვალს იჭერს
სულ სხვა ტფილისი
მაღლა აწვდილი.
მიჟონავს გულში
გრძნობა უტკბესი,
რომ ამ ეპოქის
ვარ მონაწილე.
* * *
ძველს – ისანი წარსულით და ყაბახით.
ჩვენ გვესმოდეს გულში ლექსის ფართხალი,
სჭექდეს სიტყვა – შთაგონების ჩახმახი.
რომანტიკა მივცეთ ტფილისს ახალი.
* * *
მზე ხმაურით გადმოსთელავს
არსენალის დაბალ კალთებს
და ტფილისი შუქში ელავს,
შუქი დილის მტკვარს აანთებს.
მტკვარო, გაქებ: ქართლის სევდა
ჯებირებს რომ შეაფშვენი.
შენ სინათლეს რომ აფრქვევ და
მარმარილოს ჯიღაც გშვენის.
დააგრილებს შენს ნაპირებს
ხეივანი ნაირ ხისა.
ლომი ტორით დააპირებს
გადაკვეთას შენს ტალღისას.
და გაჰყვები შეფოთლილი
მწვანე კუნძულს ბაღებისას,
სცემს ჩანჩქერი ტალღებს გრილი
მოოჭვილი ცის თაღისა.
და ტფილისის შავ ძარღვებში
საკალმახე ჩადგა წყალი.
ჩაიფერფლა შრომის თქეშით
ნაღვერდალი.
იქაც – სადაც ქარი კალთას
მთას უნგრევდა საოცარი –
სქელი კვამლი აიმართა
და დღე დნება ოფლის ცვარით.
სდგას ქარხნების ოხშივარი,
ეკიდება ცას ალმური.
ხარაჩოთა ხმელი კვარი
მღერის – ფიჭვის სალამური.
მარმარილოც შვენის ქუჩებს,
შრიალებენ შადრევნები.
ღამე ხმაურს დააყუჩებს
ვარსკვლავების თეთრ მტევნებით.
საით მიდის კიდე ფერის,
ტრამალი რომ დააფეთა!
გიგანტების ოქროს მტვერი
ადინდება მალე მცხეთას.
დაგაჩრდილებს ტყე ნარნარი
ვით შეგიმტვრევს გულს მეწყერი!
შენს ნაძვნარში მთვარე წყნარი
ჩაიბუდებს – ღამის მწყერი.
ვინ შეძლოს და ვინ შეაქოს
ჩვენი ქვეყნის საფეთქელი.
სულ ახალი ზოდიაქოს
თავს ადგია სხივი ცხელი.
ვარსკვლავებით აწერია
ცას გენიის შთაგონება
და სახელი.
ეს რა ძალა გადაშლილა,
მიგაქროლებს წინ შენებით,
შენი ბედის დადგა დილა,
კავკასიის ცის შვენება.
ძველს – ისანი წარსულით და ყაბახით.
ჩვენ გვესმოდა გულში ლექსის ფართხალი.
სჭექდეს სიტყვა – შთაგონების ჩახმახი
რომანტიკა მივცეთ ტფილისს ახალი.