ყველა მეშჩანებს, ბირჟევიკებს, ნაზ ქალბატონებს, სათუთ პოეტებს.
სმენა!
ოთხრიგად ჰატ!
ისმინეთ ცნობა, ახალი რადიო:
(ეს არ შეეხება პე-დე-ს კონდრადის, რომელსაც ულვაშები არც კი ამოსვლია),
დღეს საახალწლოდ იყიდება
უცხო პოემა ტროტუარზე დაქცეულ მაშარაბში ამოსვრილი
(მოიკითხეთ ტრესტი: „ვიღებ დოლარებს“).
პოემა კატასტროფა,
რომელსა აქვს მიღებული პირველი ჯილდო
სველ სტრიქონების მარდ ოთურმაში,
იკითხეთ ბუხართან (დრო ხომ გეყოფათ),
ამ სიცივეში, დაკარგულ ქარში,
როცა გოზინაყს, ლაბლაბის ნაჭერს
ყელში ჩაიგლესთ.
(მაინც სულ ერთია: ვინ იდიოტი
წაიკითხავს ეხლა სონეტებს,
როცა იოტიც
ამისათვის აღარ სცალიათ).
დღესასწაულზე!
ო, უეჭველად შეიძინეთ უცხო პოემა,
რომელიც არის ჩემივე ფირმის.
თქვენში უთუოდ გამოიწვევს ის გაკვირვებას
(აქ ორი არი, არ შეიძლება)
წა მარდათ! დრო მირბის! დრო მირბის!
პოემა მრავალ გასაოცარ სურათს იძლევა,
სენსაცია:
შეუდარებლად არის ნაჩვენები
თეორია კატასტროფების
და მიწას როგორ აციებს.
აქ დაინახავთ: ცას გადახნილს გრიგალის ფრთებით.
ნევრასტენიკებს, სკლეროზიანებს: ფრთხილად, არ შეგეშინდეთ:
იქნება წარღვნა მიწის ძვრა და შეჯიბრება დამთვრალ თოფების.
გამოჩნდება: როცა პოეტი ოცნებობს მთვარით.
ეინშტეინიც ფორმულების
დგამს მაღალ ყორეს,
რომ ცა ჭინკებმა გადმოაგორეს.
წამოვა ღველფი მრავალ
ნარვალათ
და უეცრად დაინგრევა
ო-გა-სა-ვა-რა-ი-მა.
(ვშიშობ, არ მიიღოთ ესეც ვარამათ),
პოემა კატასტროფა
მთავარ როლს შეასრულბს ოოტა გონაკო
(მთელ პლანეტაზე სილამაზით უპირველესი.
ვინც ნახა ყველამ შეაქო!
ქალბატონებო, მხოლოდ ერთი დღე!
კონტრამარკები ამ დღისათვის არ გამოდეგბა).
მაინც ასეა: მთვარე კუს ზურგზე ისევ გაწვება,
და მოვა ქარი სველი მურტალი.
ძველი ამბავია (თუმცა დაივიწყეთ) ეეფხისტყაოსანს დაძვრა ბეწვები
და პოეტი ღამის სიმებზე ისევ გადადის სალტო-მორტალეს.
აქ პოეზია თავს უბრუნდება შხამით, ტკივილით
(ეს არ არის რეკლამა, წიკითხავთ – თქვენც დარწმუნდებით)
ანონს!
პირველი ნაწილი პოემა კატასტროფის.