შალვა აფხაიძეს – Blue Horns

ავტორი : პანტელეიმონ ჩხიკვაძე

თარიღი : 02.08.1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26099-14.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შალვა აფხაიძეს

სალამი შალვა!

მივიღე შენი წერილი. მოხარული ვარ, რომ მუშაობა ჩემ წიგნზე ნაყოფიერად მიმდინარეობს. ჩემი თხოვნა ის იქნებოდა, რომ სურათები თავების მიხედვით იქნეს შერჩეული და არ აირიოს. კორექტურას ველოდები. [მომაწოდე] შესაძლებლობისთანავე. ერთი დღის მეტს არ შევაყოვნებ უკან დაბრუნებას. იმედი მაქვს, წიგნის აწყობას და ბეჭვდას დააჩქარებთ. ამასთანავე არ იქნება ზედმეტი, თუ გარეკანის სამზადისს ამ თავიდანვე შევუდგებით. შეიძლება, კლიშეები მომზადდეს წინასწარ, მუყაო მოიმარაგოთ და ფორზაცისა და სუპერ- კანისათვის საჭირო მასალები. ძალიან გთხოვთ, სურათისთვის (ჩემი სურათისთვის) კარგი ქაღალდი შემირჩიო… ერთი სიტყვით, ამ წიგნის გაფორმების ბედიღბალი თქვენ რაკი იკისრეთ, მე სრული დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას არ გადაუხვევთ.

გამოცდილი ხელი უთუოდ დაეტყობა წიგნის გაფორმებას.

შალვა-ჯან! თქვენ არაფერს მწერთ მეორე ჩემთვის ამჟამად არსებით საკითხზე. ეს არის, რაღა თქმა უნდა, ფული და ფული… მე ვიცი გამომცემლობის საერთო მდგომარეობა, მაგრამ თქვენ ყველანი შეპირებული იყავით ჩემზე, რომ ივლისის ბოლო რიცხვებში ფულს გამომიგზავნიდით. თქვენც გთხოვთ და იაკინთესაც (თუ მაქ არის), რომ როგორმე აგვისტოს ათამდე ათასი მანეთი მაწვდინოთ, პუტიოვკები უნდა ვიყიდო და იმედი მაქვს, ხელს არ შემიშლით. ჩემი ახლა თბილისში ჩამოსვლა (უფულობის გამო), ვგონებ არავისთვის სახეირო და არც სახალისო არ არის. ძალიან გთხოვ, მიდეპეშო პასუხი, როდის შეძლებთ გადმოგზავნას, რომ აქ იმის მიხედვით დავარწმუნო კურორტთა სამართველო, რომ ფული მომივა… ნდობა მაქვს, მაგრამ ნდობას ხომ განაღდება სჭირდება.

მოველი პასუხს.

იყავი კარგად და ჯანმრთელად.

პატივ. პ. ჩხიკვაძე

აბასთუმანი