ლონდა – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბუკონი“, №5

სტატიები, შემოქმედება

ლონდა

დრამა-მისტერია

სცენიური ხელოვნება უფრო კონსერვატიულია. ის ძნელად სტოვებს გაქვავებულ ფორმებს, თუ პოეზია, გაგებული ვიწროდ, მახარობელია ყოველთვის ეპოქის  ახალი სტილის. თეატრი უფრო მიმღებია დამკვიდრებუღი ტემპის, რიტმის.

საქართველოშიაც ჯოჯოხეთის მაშინა პოეზიის დარბაზებში უკვე აფეთქდა და იგი დაიწმინდა შაბით.

შემთხვევითი არაა მოვლენა: დიდი ხანია რაც „ლონდა“ დაწერილია, მაგრამ მისი დადგმა ქართულ სცენაზე ვერ მოხერხდა. ქართულ თეატრს ამისათვის არ აღმოაჩნდა საკმაო გამბედაობა. ეს მართებულია.

„ლონდა“ არის რევოლიუცია ქართულ მეტად მჭლე დრამატურგიაში (არის გამონაკლისები). რევოლიუციისათვის საჭიროა დიდი ცეცხლი, და ახალი შეგზნება ნივთის. აუცილებელია ახალი ხაზების დაჭერა. ეს კი ქართულ თეატრს არ შეეძლო.

თითქოს განგებით ელოდა „ლონდა“ მარჯანიშვილის დიდ ტემპერამენტს, ერთმანეთს შეხვდეს ორი დიდი არტისტი სიტყვის, და რიტმის ორი დიდი მესაიდემლე.

თავის დროზე „ლონდას“  ექნება ევროპის რეზონანსი. „სალომეა“ იყო უდიდესი სიხარული ესთეტიურ ევროპისათვის. ამ დრამაში გამოჩნდა ოსკარ უალდის ბრწყინვალე ჭკუა და მახვილი ინტუიცია პოეტის. ეს „სალომეა“, რომელიც არის უფრო ლიტერატურული პანნო ვიდრე დრამატიული გაშლა სულის ამღერების.

გაცილებით უფრო მეტყველია „ლონდა“, რომელშიაც ლიტერატურული დაწმენდა და დრამატიული დენა ერთ საზღვარზე არიან დაბჯენილნი.

პირველად: გარეგანი, ხელშესახები ფორმა დრამის. განსაკუთრებით მის სიტყვის ინსტრუმენტაცია. უკანასკნელი ბოლო წერტილამდეა აყვანილი.

გრიგოლ რობაქიძე სიტყვის გენიალური არტისტია. სიტყვა მისთვის სხეულია სისხლით, ძარღვებით. ყოველი სიტყვა მის თქმაში იღებს ახალ მობრუნებას, ახალ გაოცებას.

„პირველითგან იყო სიტყვა“ – მისთვის. დღეებივით არის ჩაწყობილი სიტყვები „ლონდაში“. უკანასკნელი ისეა გაჭედილი და ნაპირებ გაკრული, რომ შეუძლებელია ერთი სიტყვის გამოკლებაც კი.

აქედან აღსანიშნავია რიტმი დრამის განვითარებაში. „ლონდა“ განსხეულებაა ქარიშხალის რიტმის, სადაც გაზომილია კივილი და უეცარი დადუმება, აღრევა და სიწმინდე. „ლონდაში“ არის ერთი რიტმი. ეს არას რიტმი სიყვარულის თავდადების. უკანასკნელის ჰიპნოზის ნიშნით მიდის დრამა საფეხურებით: ტანჯვა, თავდადება, მსხვერპლი, გამოსყიდვა. საფეხურებით ასვლაში არის უმაღლესი მიღწევა თანახმიერ გულის ცემის და იდუმალება სრულყოფილი რიტმის. „ლონდა“ თავისთავად არის დროის და სივრცის პლასტიური დაშლა არქიტექტუალურ ხაზებათ. არქიტექტონიკური მთლიანობა არის დრამის უდიდესი მიღწევა.

„ლონდა“ – მისტერია. უკანასკნელი არის თეატრის ბედი. თანამედროვე თეატრის გზა აქეთკენ იქნება მიმართული. მისტერია არა საშუალო საუკუნეთა თვალგაუწვდენ ბურუსით. მისტერია, რომლის იქით იხედება თანადროების მონუმენტალური კუთხედები და მისი აწყვეტილი რიტმი. მისტერია, რომლის ძირი დაფენილი იქნება თანადროობის ახალი რელიგიის შეხებით. „ლონდაში“ დასრულებულია ჰარმონიული შედუღება მისტერიული ხილვის და სულის ლირიკული ღელვის.

მუსიკალური ექსპერსია არის „ლონდა“-ს ერთი მხარე, ამიტომ „ლონდა“, როგორც მასტერია, არის არა შეჩერებული ჭვრეტა დამწვარი მზის, არამედ არის მოქმედება, არის დინამიკა უმეტესად. უკანასკნელის გამომწვევია დრამის ლირიკული დასაწყისი. ამიტომ „ლონდა“ მაღალი ლირიკული ნაკვეთია. აქ ისეა გამართული დიალოგები როგორც ორკესტრი. შორეული სივრცეებიდან გამოყავს არტისტს ფერადი ხმები და ყველანი ერთდებიან ერთ ფონზე. ეს არის ფონი სიყვარულის და მისი დიდების. სიყვარულის დამტკიცება არის პირველი სიმართლე სიცოცხლის, ამაშია გახსნილი ფერი იდუმალების. ამასთანავე სიყვარული არის სასტიკი დუელი ორი მიჯნის – სიცოცხლის და სიკვდილის შორის. მსხვერპლი უკიდურეს საფეხურზე დგას. აქედან თავდადება. უკანასკნელი არის მშვენიერება – ასეთია მისტიური ფორმულა. ვინაიდან იქით არის გამოსყიდვა და გაწმენდა ცრემლით.

ამიტომ „ლონდა“ ადის ტრაგედიის ხაზამდე. მასში გაშლილია სიცოცხლე მძაფრი შემოქმედებითი ცეცხლით და რელიგიურ სარჩულით.

ეს არის სასწაულის მოლოდინი. „ლონდას“ უკანასკნელი აკკორდიც სასწაულია. იქით იწყება ფერის ცვალება და ამაღლება. „ლონდა“ სივრცის მოღუნვაა, ვანაიდან აქ გამარჯვებაა. სიყვარულის ეს მოგრეხა სივრცის და დროის, არის ჩემი ფიქრით მთავარი „ლონდა“-ში. ამ ფენომენშია გამდნარი დრამის მთავარი ძარღვი. „ლონდა“-ში ჟონავს უმთავრესად წარმართული შეხება საგნის. აქ არ არის ოდნავი სუნთქვაც კი ორტოდოქსალურ ქრისტიანი ზმის, მით უმეტეს ლათინურ კათოლიციზმის მოწყენილ ღიმილის. იგი მოცემულია როგორც წარმართული მთლიანი განყობილება, რომელშიაც ერთმანეთთან არიან დამდგარნი ინდივიდუალი და კოსმიური. მასთან მისვლისთვის საჭიროა შინაგანი განცდა, შინაგანი ხილვის გამახვილება, რომელსაც იმავე რელიგიურ თრთოლვამდე მივყევართ.

შალვა აფხაიძე

გაზეთი „რუბუკონი“, 1923, 5