ლექსები ზღვის გამო – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 16.07.1934

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26944-2-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

 ლექსები ზღვის გამო

1.

ყოველთვის 

ზღვა აბრეშუმის პირით აშლილა,

მრავალ ზეიმსა და მრავალ ომში.

და ეს ზვირთები ფრთებ გადაშლილნი,

ღელავდენ ასე უხსოვარ დროშიც.

მტრედი ჩრდილს აფენს ზღვას სასოებით.

ზღვა მზიან ნაპირს ლაჟვარდით ერთვის

და ეს ტალღები ამავე ვნებით

აჩხრიალებდენ კენჭებს ყოველთვის.

 

2.

ღამის პეიზაჟი

აგრილებს ნაპირს ზღვის სიო ნაზათ,

ვიღაც ლაჟვარდით უხვად ავსილა

და ღამის სიზმარს რთავენ ძვირფასად

მთვარის სხივები, კენჭები, სილა.

 

საღამო არის ცის ფორთოხალი,

ზღვას ჩაუგორდა ფარჩის უბეში.

მთვარემ ვარსკვლავნი შუქით  მოხალა

და… დაიმალა შემდეგ ღრუბელში.

 

3.

ნაზონის ლექსი

გვეყო ჩხრიალი სოველი ხრეშის,

ჩავსხდეთ ხომალდში, გავცდეთ ნაპირებს.

მაინც ერთია: როგორც ყოველში

ჩემშიაც ნახავ მოპირდაპირეს.

 

ეს ზღვა ხიბლავდა ნაზონის თვალებს,

ღელავდა ტალღა მის გულშიც ასე.

ამიტომ არის, ეხლაც გვაწვალებს

მისი ლექსების ჩვენ სიძვირფასე.

 

14/VII-34

 

4.

მედეას ტალღები

ღრუბლები იყო გადაკარგული

მზის გადასვლისას ზღვა სარკეს ჰგავდა.

და სიყვარულით ვაჟკაცის გული

წინეთაც ქალზე ასე ღელავდა.

 

მთვარე ახალი ცის კარებს აღებს

და შეუდგება ის ღამის თევას.

ვხედავ წამოსულ მედეას ტალღებს

მედეას ღამის [მრწყინავ] შადრევანს.

 

5.

ზღვა დაწყნარდა 

აღარ ეტევა ხალისი გულში,

ბედნიერება ზღვაზე დიდია.

ჩავიდა, ჩაქრა რაც მწვავდა გუშინ

თუმც სიჭაბუკის წლები მიდიან.

 

ჩაქრენ ტალღები. სიდარბაისლე

ესტუმრა როგორც ნაზი არსება.

თუ ქარიშხალმა არ დაჰკრა ისევ

ვწუხვარ: ზღვა ჭაობს დაემსგავსება.

 

6.

რომანტიული საღამო

უკვე აგრილდა. მზე ზღვამ ჩააქრო

და ღრუბლებს ცეცხლი წაეკიდება.

თეთრ იალქანით მიდის სალაშქროთ

რომანტიული სულის დიდება.

 

როგორც სავსეა ეს ზღვა ზვირთებით

გაავსე გული შენ[ც] სიყვარულით.

და შეარხიე ციური ფრთებით

რაც ჩემში იყო მუდამ ფარული.

 

16/VII- 34 წ.

 

 

7.

ცოდვილი ყური

ვაზის ფოთლიდან ჩრდილს ისვრის რაღაც,

ვხედავ:  ცოდვილი შენი ყურია.

ტალღების მძიმე შფოთვამ დამღალა

და სიყვარულიც მეტად მწყურია.

 

აქ საოცარი სენი დამჩემდა:

მგონია მოგწვდი…  მოგიახლოვდი.

მაგრამ შენ უფრო შორსა ხარ ჩემგან.

ვეჭვობ: ოდესმე თუ კი გახსოვდი.

 

 

8.

გულის ყვავილი

ვიცი, მოველი – ცა გაიხსნება

და გული ყვავილს კვლავ ამოიყრის.

ის ნეტარება სულ სხვა იქნება,

ახალგაზრდული ხალისი სიყრმის.

 

მზე ჩამავალი წითლად ირთვება,

არ მეშინია მისი სიშორის.

მალე ჩადგება დილის ზვირთებათ

ის გაქცეულთა აჩრდილებს შორის.

 

21/VII

 

9.

ფორთოხლის ბაღი 

სხივებზე ბრწყინავს ფორთოხლის ბაღი,

ნეტავ განცხრომით აქ ვინ ცხოვრობდა.

ჩაინგრა მისი დიდების თაღი,

ნებივრობაში რომ შრომას გმობდა.

 

დილის სიცოცხლით კრეფენ ციტრუსებს

ახალ ცხოვრების გლადიატორნი.

ნეტავ, ჰაიშე წინ რომელს უსწრებს

დონის ვენერას თუ მზით დატირილს.

 

ჰაიშე მთვარეს ჰგავს ღამე ნათევს,

ასეთი ფერი ნეტავ რამ მისცა.

და უხარია, რომ გაანათებს

ჩრდილოეთს შუქი მანდარინისა.

 

10.

სიტყვა ფარული 

ვნებით ღელავდენ მედეას თმები,

როცა იაზონს მიჰყავდა ნავით.

ასე იღვრება კალმით რითმები,

თუ გულითა სწერ და ფხიზელი თავით.

 

ვაზის ფოთლებში ჩამოპარული

ღუღუნობს მთვარე: მე მზეს მოველი.

მიწვევს კალმისკენ სიტყვა ფარული

რომანტიული სული ცხოველი.

 

22/VII