ლადო მესხიშვილის დრო იყო ბრწყინვალე ეპოპეია ქართული თეატრის ცხოვრებაში. ლადოსთვის არ იყო სავალდებულო, ყოფილიყო უდიდესი არტისტი თავის დროის, რომ იგი მაინც დარჩენილიყო როგორც ზღაპარი ქართული თეატრის. ლადო უკვე თავისი გარეგნობით, ბიოლოგიით იყო გამართლება ქართული კეთილშობილი რასის. ძვირად შეხვდები ქართველის ოჯახს, რომლის დარბაზსაც არ ანათებდეს ლადოს რაღაც გროტესკულუ სახე, რომელსაც მიღებული ჰქონდა როგორც ჯილდო ქართული მოდგმის მთელი მადლი და ღირსება.
უკვე ბანალობაა დღეს მისი სახის აპოლონთან შედარება, მაგრამ ასეთია სინამდვილე
ნათელი სახე, მირკალული სწორი ხაზებით და თვალები, რომლებსაც, ოკეანები დაჰქონდა, რომ მიეპყრო საერთო ყურადღება, რომ გადაესოლა ხალხში მაგიური ბადე თავისი წმინდა რასიული ესენციით, იაფეტური მეტყველებით და სისხლით დაწვილებული და მახვილი სახე ლადოსი საკმოა იყო უკვე დიდი არტისტის მიცემისათვის.
ლადო მესხიშვილი იყო გარდა ამისა ქართული თეატრის სიამაყე, კერპი და სალოცავი.
შეიძლება ეს იმითაც აიხსნებოდეს, რომ ლადოს ქონდა ნაპირებ გადალახული გრძნობა და მოძრაობის გემო, რომელიც ახასიათებს იმ ტიპის არტისტს, რომელსაც იგი წარმოადგენდა.
მე არ ვიცი, იყო თუ არა იგი თავის თავად პიროვნება ტრაგიული, მაგრამ ქართულ სცენაზე საკმაო იყო მისი გამოჩენა, როგორც ტირეადორის, რომ თავისი ტრაგიული პათოსით მოეგრიხა დარბაზი და როგორც ბავშვი აეყვანა იგი ხელში.
ლადო იყო არტისტი უმეტესად და განსაკუთრებით მონუმენტალური ხაზების, დიდი სივრცეების გმირული ეპოქის და დაუდეგარ სულების.
შეიძლება, ყველაზე უფრო ლადოს აწუხებდა კინის ტრაგედია, რომელიც არის ტრაგედია ყოველი დიდი არტისტის ამასთანვე: ბედი სცენაზე დაშორების შემდეგ. ეს არის მართლაც წველა არტისტის, ამ განებრივებულ ბავშვის, როცა გარდა მოგონებებასა და პატივისცემით გამთბარ გადმოცემათა აღარაფელი რჩება ხელშესახები.
მაგრამ ლადოს ჰქონდა იღბალი მიეცა სიცოცხლე მრავალ სახეებისთვის, რომლებიც ავსებენ დიდ უფსკრულს.
როგორც მედიუმს გამოეწვია დიდი მაღალი სულები და დაეჯილდოვებია სისხლით და ხორცით.
ლადო იყო მშობელი ჰამლეტის, რასპლიჟევის, რობერტის, ედგარის, გოროდნიჩის, ფრანცის და მრავალი სხვა გამოკვეთილ პერსონაჟის.
ეს სახეები ატარებენ ქართულ თეატრს უფსკრულებში, და მაღალ მთებზე, და დაადარებენ მას როგორც ვარსკვლავს წმინდას და ბრწყინვალეს.
უდიდესი თვისება, რაც ანსხვავებდა ლადოს სხვა არტიტებიდან, იყო განსახიერებულ გმირისა და თავის შორის ყოველგვარი ხაზის წაშლა. ის ყოველთვის გამოდიოდა გრიგოლ რობაქიძის გამოთქმით თავისთავიდან და იღვრებოდა გმირის პიროვნებაში.
დამახასიათებელი იყო ამ მხრივ ლადოს ცრემლები, რომლებიც იყვენ არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილნი, ცრემლები, რომლებიც მთელ დარბაზს ააქვითინებდა ხოლმე.
თეატრი პროვინციის რადიუსებით, პროვინციალური მაჯის ცემით გამოიყვანა დიდ გზაზე და მისცა მას სხვა მაშტაბი და სხვა სტილი.
მან მოგვცა ეპოქა ტრაგიული გმირების და ამით ქართული თეატრი ევროპისაკენ წაიყვანა.
მისცა ქართულ თეატრს ევროპის თეატრების რეპერტუარი, ეს გზა დაწყებული ლადოს მიერ ცოტაოდენი შეჩერებით გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ვიდრე დღეს ქართულმა თეატრმა საბოლოოდ არ დაუკავშირა თავისი ბედი ევროპის თეატრის მიღწევებს და არ წავიდა ევროპის რეზონანსის ნიშნის ქვეშ.
ლადო ქართული თეატრის თვის ეპოქის მოვლენა იყო როგორც განმასახიერებელი ცხოვრების ტრაგიული მხარის.
მაგრამ ყველაზე უფრო ტრაგიული ეს მაინც მისი უკანასკნელი წუთები იყო. თითქოს ეს იყო მართლაც შემობრუნებელი დაგვირგვინება იმ ცხოვრების, რომელიც ერთი ჰქონდა მას სცენაზე თუ გარეთ.
გამხდარი, გატეხილი ფიზიკურად დაბრუნდა ლადო რუსეთიდან: თითქოს ეგრძნოს მშობლიურ მიწის სინოყივრე.
უეჭველია, მდიდარმა გრძნობით და ბუნებით დაბადებულმა არტისტმა მისტიურად განიცადა უდიდეს სოციალური მიწის ძვრა.
ჩამოვიდა სამშობლოში ავათმყოფი და მალე გარდაიცვალა.
არა დროს წარიშლება ხსოვნიდან მისი დასაფლავება: ეს იყო მართლაც აპოთეოზი მთელი მისი მეწამული არტისტული სახის:
ზამთარი, სიცივე, რაღაც უჩვეულო, რომელიც ყინავდა სისხლს, სულსაც.
და ქარი მარლაც საზარელი, ქარი, რომლის სტიქიური ძალა და გავლენა ადამიანზე ასე ძირამდე ჰქონდა განცდილი ლადოს.
ო, ეს სურათი თითქოს „მეფე ლირიდან ყოფილიყოს ამოხეული, ისეთი ფანტასტიური იყო იგი.
რამოდენიმე ინტელიგენტმა გააცილა ლადოს ცხედარი: ყველაში განირჩეოდა რესპუბლიკის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას პროფილი, რომელიც გამოუთქმელ მწუხარებით მიჰყვებოდა ბუნებით განწირულ არტისტის ხსოვნას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლადოს სახელი ისევ მისმა ქალიშვილმა, არტისტმა ვარია მესხიშვილისამ გაიხსენა.
დაგვრჩენია იმედი, რომ ქართველი საზოგადოება ლადოს ხსოვნის საღამოზე დასწრებით მაინც მოიხდის ბოდიშს ამ ერთად ერთ ყოველმხრივ ტრაგიულ არტისტის წინაშე.
შალვა აფხაიძე
გაზეთი „რუბიკონი“, 1923, №16