პირველი მოციქულები თავისუფალი ლექსისა: ლაფორგი, გუსტავ კანი, ვერჰარენი, გრიფფენი, ფრანსის ჟამი. საფრანგეთში თავისუფალი ლექსი იყო რეაქცია ალექსანდრიულ ზომის.
ლექსის სტრიქონი დამთავრებულია თავის თავად და აქვს თავისი ფარული აზრი. გუსტავ კანი ასე განსაზღრავს სტრიქონს: „იგი არის უმცირესი ნაწყვეტი, რომელიც გამოხატავს აზრიან და ხმოვან პაუზას“.
სტრიქონი მოღუნულია რიფმით და ტოლ მუხლოვანებით სწორ ლექსში: ტან გამართული და გაფრენილი ვერლიბში.
„ახალ ევგენის წინ გაიგდებს ცხენი ანგელოსით,
შორი გზა არ ღლის,
ვეშაპი ვერ კლავს,
დევნი უფრთხიან“ („ცხენი ანგელოსით“, ტიციან ტაბიძე)
აქ სტრიქონები მიდიან პარალელურად. მათი გზები შორეულ ანალოგიებში თუ შეხვდებიან.
თავისუფალ ლექსში სტრიქონების გადატანა გაუმართლებელი ტეხნიკური ხერხია: სტრიქონში ჩაწოლილია რიტმი, ამიტომ იგი მოცემული, თავის თავადი. ჩვენში დღესაც ერთ და იგივეობის ნიშანი არის გავლებული თავისუფალსა და თეთრ ლექსს შორის: ეს გაუგებრობაა.
თეთრი ლექსი იმავე კანონზეა აგებული როგორც სწორი, არ არის რიფმაში ჩამჯდარი მხოლოდ.
ლექსი მეტრის და რიტმის ორგანიზაციაა.
რიტმი განსაზღვრული ზომის მორიგეობაა ლექსში. ხშირად მეტრი და რიტმი არ ხვდებიან ერთმანეთს. მეტრი მეტად მექანიური ძალაა: სტეხს სტრიქონს ცალკე რაზმებათ. რიტმი აერთებს კოლექტიურ მთელში. მეტრი ფორმალური მხარეა უფრო ლექსის, რიტმი ბუმებრიზი ამღერება ადამიანის, რომელიც გადაისხმის ლექსში.
სწორ ლექსს ახასიათებს ტოლ მუხლოვანება უმთავრესად და პაუზა.
მეტრი მისი ძვირფასი სამკაულია.
თავისუფალ ლექსს ახასიათებს მუხლის თავისუფალი რაოდენობა დი მისი დენის უთანასწორო ცემა.
თავისუფალ ლექსში შეჭრილია რიტმი, რომელიც არღვევს მეტრს. აქ დაცულია სიმეტრია უთანასწორო ცემის: ეს არის მისი რიტმი. თავისუფალი ლექსი მდიდარია რიტმიულ მოდულიაციის ნაირობით. რიტმი ძლიერია მეტად. არის შემთხვევა, როცა სრულიად შლის ნივთს და სტოვებს ოდენ ბგერას: ჩნდება ფუტურიზმი. ამიტომ არის, რომ მაიაკოვსკის ყველაზე უფრო ემარჯვება თავისუფალი ლექსი.
„თვლემავენ მთები
სისხლის მწოველი, მზეც ზვიადი
თვრება, მძვინვარებს.
ლალის სინელით ეშვებიან ცეცხლების თმები,
სუნთქვა შეუკრავს ავხორც იას, მიწას მძინარეს,
ლივლივობს თამაშით ალმურის თალხი“ და სხვა („პანი“ გრ. რობაქიძე).
ფორმულა:
5
5+4+5
5+4+5
5+4+5
6+5 და სხ.
ეს არის პირველი ნიშანი თავისუფალ ლექსის: თავისუფალი დალაგება ნაირ მუხლოვან სტრიქონებისა. აქ დირიჟორია არა ზომა, არამედ რიტმი. ლირიკა არის: მოძრაობა, მოქმედება, „სულის ამღერება“ ვულკანური ამოვარდნა. იგი დინამიურია ბოლომდე.
მხატვრობაში: მადონას ტუჩებზე დაკრულ სიმწუხარეში გავლებულია ექსპრესიული ხაზი, პოეზიაში: ლაფორგის და ტიციან ტაბიძის დამწვარი ირონია ამავე ექსპრესიონიზმის დასაწყისია ლირიკაში. ამიტომ: პოეტური სტრიქონის სიამყის თვისებაა: ამღერებისას იზრდება და ხშირად არღვევს ზომას, ხდება ნაპირ გადალახულ გრძნობის ხატად.
„უალდის პროფილი, ცისფერი თვალები
სარკეში იმალება მოთეთრო ინფანტა“
(„ავტოპორტრეტი“, ტიციან ტაბიძე).
მეორე სტრიქონში ზედმეტი მარცვალი ამხელს პოეტის სარკეში ჩაძირულ ხედვას, რომელიც არის მოვარდნილი და სტეხს მოდუნებულ ცემას.
რა თქმა უნდა, ლექსი არ არის თავისუფალ ზომით დაწერილი: მინდა მაგალითით ავღნიშნო მხოლოდ თავისუფალ ლექსის თვისება.
მეორე მაგალითი:
„სარკესთან დაგებულ ხაფანგში გაება = 12 მარცვალი.
თმაგაშლილი სოველი მარადი ოფელია = 14 მარცვალი.
და მისი გაისმის ტირილი, ვაება = 12 მარცვალი.
რკინის ოთახში რა სამყოფელია = 11 მარცვალი.
(„მე და ოფელია“, ვალ. გაფრინდაშვილი).
თავისუფალი ლექსი მომარჯვებულია მოულოდნელ შთაბეჭდილებათა დასადაღად. ხშირი ტეხილები და რიტმიული ვარიაციები იარაღაია ამისთვის.
„ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,
ღმერთო! აპატიე,
მე თუ ვერ მიშველი,
დედას…“
(„წერილი დედას“, პაოლო იაშვილი).
პირველი სტრიქონი „ვოლგას ნაპირებით“ არის გადაშლილი: იხედება აწეული პათოსი. შემდეგ უეცარი დაცემა ტემპის და მორბილება. „ღმერთო! აპატიე“, სტრიქონი იგრიხება პარაბოლად, სივრცედ ქცევა, შემდეგ რკალში მომწყვდევა.
ასევე გ. რობაქიძის „პანში“:
„ლივლივობა თამაშით ალმურის თალხი.
თვლემავენ მთები“…
იცლება სტრიქონი ალმურის ნაპერწკლებიდან. ასეთ ხერხს მოსწრებულად მიმართავდენ: ლაფორგი, გუსტავ კანი, ვერჰარნი და რუსი სიმბოლისტები. განსაკუთრებული სიმარჯვით მაიაკოვსკი.
თავისუფალ ლექსში ისმის წინამძღოლ სიტყვების რიტმის თქარუნი:
„უალდის პროფილი, ცისფერი თვალები, სარკეში იმალება მოთეთრო ინფანტა“.
„უალდის“, „პროფილი“, „ცისფერი“, „თვალები“, „სარკეში“, „მოთეთრო“, „ინფანტა“. უმთავრესად სახელი არსებითი სიტყვები დაქტილურია. ან:
თეთრი მტრედებით
თეთრ ღრუბლებში
თეთრი გიორგი
…ცხენი ანგელოსით“.
(„ცხენი ანგელოსით“, ტიციან ტაბიძე).
ესხატალოგია მოულოდნელობით არის გადავარდნილი თეთრ სივრცეში. ამ სიტყვაზე გადამტყდარია ლექსის რიტმი და მახვილობა. იგი უცნაურია იმდენათ უეცარ შემოჭრით, რომ მეზობელ თეთრ სიტყვებს ღებავს ადამიანის ბედის-წერის იდუმალ ფერებით.
ასეთი რადიუსით არის შეკრული გრ. რობაქიძის დაუბეჭდვი „თბილისის ხერხემალი“.
„ირრუბაქიძე“ გრიგალის ენერგიითაა დატრიალებული ლექსში: უკანასკნელი მთელი მოდგმის თესლით და სისხლით აკივლებული. იგი უკვე ირრაცონალით არის გამტყდარი და ბეჭედდასმული.
თავისუფალი ლექსისთვის აღარ არის სავალდებულო რიფმა. ასონანსი ღირსეული მემკვიდრეა მისი. უკანასკნელი სავსეა იდუმალ ხვრელებით.
პუშკინი სწერდა:
И вот уже трещат морозы
И серебрятся средь полей
(Читатель ждет уж рифмы розы,
На вот возьми ее скорей).
თავისუფალ ლექსში მკითხველი სფინქსის მზერას გრძნობს. ლექსი – სფინქსია, ამაშია მისი გამძლეობა, მისი ინსტრუმენტოვკა ძალზე ამაღლებული. ანდრეი ბელლი თავისუფალ ლექსის წინამორბედათ ბოდლერის ლექსს სთვლიდა: იმდენათ განვითარებულია მისი ინსტრუმენტოვკა. გუსტავ კანი თავისუფალ ლექს ალიტერაციისა და ასონანსის შეთამაშებით ამართლებს.
სმენა დაიღალა ქართული ლექსის ერთზომით: იგი ვეღარ ეგუება ერთფეროვან დენას. თავისუფალი ლექსი სავსეა მოულოდნელობით და ზიგზაგებით. უკანასკნელი უეცარ რიტმის სურნელებით. შესაძლებელია ამიტომ პოზიციები მას შერჩეს.
მიღებული ლექსის წყობა და ზომა მირაჟია. ანდრეი ბელლიმ ქიმიური ანალიზი გაუკეთა რუსულ ლექსს.
გამოირვვა: რუსული ლექსი (ტონური) ემყარება რიტმიკას – აჩქარებათა თამაშს, დიდი მასშტაბის პოეტებს იშვიათად აქვთ დაცული სწორი ფორმა. თავისუფალი ლექსი მომიზნულია ახალ მიღწევათა მისააღებად. ტონურ-სილაბიური ზომის ქართული ლექსი ტეხილის გზაზეა, თავისუფალი ლექსი გამოსულია საპაექროდ· ლექსი ინერციით მიეშურება ამ ზომისაკენ.
არის ორი პოლიუსი: თქმა ლექსით (პოეზია) და მხატვრული პროზა: ორი პრინციპი მზერის. ერთი პოლიუსი კარგავს ზომას და გაცვეთილ სამკაულს – რიფმას. უკანასკნელი აღარ არის ლექსის მაგია. ფაკირი რიტმია: იგი ათამაშებს ლექსს გველივით. რიფმა ლექსის ხანდაზმული პატარძალია: მალე სასიძოები სრულიად მიატოვებენ მას.
პოეზია სიცბიერით ეშურება შორეულ გვირაბებისაკენ.
პროზა – მინიატურის გზით დადის უკანასკნელ ინტიმამდე და პოეზიის შხაშით იწამლავს თავს. მალარმეს მინიატურა და ბოდლერის პროზა პოეზიის სალონებშია შეყვანილი. ერთი ნაბიჯი და ზღვარი წაიშლება.
ჩვენში სანდრო ცირეკიძე შეგნებულათ მიდის ამ გზით. დასწერა სონეტი პროზით:
„უდაბნოს გზაზე იყო ბროლის კოშკი, დაისი რომ გაფითრდებოდა ჩამავალ მზისთვის, დაგვიანებული მგზავრები დაისვენებდენ ბრინჯაოს კარებთან, პირიმზე მიიწევდა ერთს („სონეტი პროზათ“ სანდრო ცირეკიძე).
რიტმის მეტი დაცვით, გაუცვეთელ სამკაულებით, ალიტერაციით და ასონანსით შთაბეჭდილება მიღწეული იქნება.
თუ პოეზიას და პროზას აქვთ ჯვარედინი გზა – ეს იქნება თავისუფალი ლექსი: აქ შეხვდებიან ერთმანეთს.
მასალები: ჟორჟ დიუამელ და შარლ ვილდრაკ, ანდრეი ბელლი, ს. ბობიროვი.
შალვა აფხაიძე
გაზეთი „ბარრიკადი“, 1922, №6