ზღვის  პირად, ფორთოხლის ბაღში – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1920-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-21-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ზღვის  პირად, ფორთოხლის ბაღში

აგრილებს ოდნავ ცეცხლიან თვალებს

გაშლილი ჩერო წამწამებისა.

ახალ სიყვარულს ხომ არ მავალებს

ეს აღტაცება კვლავ რომ მეღირსა!

მოუტაცნიხარ წარმართულ ტალღებს,

ჰყვავის და ღელავს თავზე ბუჩქნარი.

შენს გულის დარბაზს სხივები აღებს

და ცისარტყელას ჩანჩქერი წყნარი.

რომ აბდღიალდი თბილისის ვარდათ,

გული სიამით შემომესირმა.

ნაოცნებარი ტალღა მოვარდი,

თითქოს ღრუბელი გადიქეც ირმათ.

ტრფობა შხამია  – ძველთაგან უთქვამთ;

რას არ იფიქრებს ხანდახან კაცი –

ვიცი რომ შენმა სუნთქვამ დამთუთქა

და მომეხვია რაღაც წარმტაცი.

ნეტარებაა: რომ ვიღაც არის

და სიყვარულზე ოცნებობს კიდევ.

თითქოს ნაკვერჩხალს აღვივებს ქარი,

თითქოს ნესტანის ფრიალებს რიდე.