ტრიალობს ღამე შეხვეული ასპიტის კანით,
და დაკარგული ცივ სივრცეში საღამოები…
მათ სარკეებში დავდიოდი თითქოს კანკალით
(როცა წარსული დახრილული ჩემ თვალს მოება).
დიდი ლაჟვარდი დახვეული ზამთრის სინაზე,
მიყვება ღამეს ვარსკვლავებით შორ უფსკრულებში.
თითქოს უეცრად შუაღამე დგება ყირაზე…
და ახველდება ლოკოკინა ღამის უბეში.
ო, მიტოვებულ სოველ ბაღის მელანქოლია,
ნესტიან სკამზე აცრემლება ღამის სტუმარის
(მარტო პოეტის არის ბედი ეს დაყოლილი),
პოეტის სკამთან სიცივეა გაყინულ მთვარის.
მოდის ცახცახით ქალბატონი არაყის შუშით,
თითქოს თვალიდან მოსრიალობს ორთქლი პილპილის.
დაეხეტება საცოდავათ მარადი ბუში,
მაგრამ სონეტთან ის დაიწყებს იდუმალ ტირილს.
მობრძანდა ქარი (ვინ გაარღვევს გადმოღვრილ ტრაურს)
ქარმა ქალბატონს მთვარის ბადე გადააფინა.
მხოლოდ პოეტი გადაიხდის აქ დღესასწაულს,
მხოლოდ პოეტი დაეცემა ვით სერაფიმი.
აყვავილდება ცა მაღალი აკაციებით…
და ქრება მთვარეც ცოფიანი ძაღლის ნალოკი.
ო, მოედება ტიციანის ღამეს ციება,
როცა მოათრევს ძაფის ცინგას ნისლიდან ბლოკი.
სოველ ხეივანს დაეყრება ცრემლი და… შიში.
ახლა პოეტი გაუზომავს სატურნს ანთებას.
პოეზიასთან მომიხადეთ, ძმებო, ბოდიში,
რომ ვერ მოვნახე მე ამ ლექსში ახალი თემა.