შუატანი. მაგარი ძვლები და უფრო სქელი ძარღვები. ერთია მის პოზაში აღსანიშნავი: უეცარი მოვლება ხაზის ენერგიული ხელით, თუ იგრძნო დაცემა ანაზდეულ სახის ან იდეის. უფრო მასსიური სივრცის დატეხაში – ვიდრე გრაციოზული. უკანასკნელი გადაღმაა ერთიანად გადასული, ამიტომ აწვალებს ყველაზე უფრო თემა: „საქართველო და დენდიზმი“. უკანასკნელი – როგორც გაშლა სულის გრაციოზობის.
სახე დასრულებული შორი ნაპირებით. დახვეული ხშირი თმა. უკანასკნელი თითქოს მისტიური სარკეა პოეტის. შეიძლება თმის ნაოჭებში დაინახო მისი შინაგანი პორტრეტი, გადმოსული გაშხვართულ სიტყვაში. მის ძირშია დაკარგული შემოქმედის ხალისი და ენერგია.
ჩავარდნილი ვიწრო თვალები, რომლიდანაც ამოდის კენისბერგის სასახლის ჩვენება, პოეს მესმერია და მთელი საუკუნის ფანტასტიკა.
სიცილი – როგორც არცერთი ადამიანის ქვეყანაზე. ეს არის რაღაც პროვინციულობა, მთელი გარემოს მორკალვა ერთბაშად და მისი „თავის თავში“ გადატანა. სიცილი, რომელიც არ გადმოდის ტუჩების აქეთ, დაგუბებული. უეჭვოა, ვალერიან გაფრინდაშვილი არ იქნებოდა დიდი მასშტაბის პოეტი, რომ მას სხვა სიცილიი ჰქონოდა. უკანასკნელი არის ფრჩხილებზე დასულ ინდივიდუალიზმის ხატი.
თითქოს სოველ სარკოფაგებიდან ამოღებული ხმა: ლექსის კითხვის დროს ისმის იგი, როგორც ხმა ჰამლეტის მიცვალებულ მამის საგვარეულო საფლავიდან.
დაბორკილი ენა, მაგრამ საკმაოა წარმოთქვას: „დეე, დამემორჩილოს მე ენა ჩემი“, რომ გაიშალოს ეს სიტყვები მაგიურ ცისარტყელად და მოსქდეს მთად მოკლედ დაჭრილი ასოციატური ფრაზები.
უფრო ქვა და შინაგანი წვა, ამიტომ ყოველი ლექსი მისი ქვიდან გამოვარდნილი ცეცხლი, მოფენილი ვერცხლის სინათლით.
პოეტებს ჰყავთ მივიწყებულ საუკუნოებში თავისი ლეგენდები, რომელსაც იგონებენ შუაღამის ჟრუანტელით და მისტიური სიყვარულით.
ვალერიან გაფრინდაშვილი მოარული ლეგენდაა ფანტასმაგორიით და დაბურდულ გროტესკებით. თანამედროვე პოეზიის ყოველი რადიუსი ერთდება ინდივიდში: უკანასკნელია ცენტრი მოცემული სინამდვილის და საზომი ყოველი მოვლენის. უკიდურეს პოლუსზე დგას ვალერიან გაფრინდაშვილი, და როგორც მოსეს კვერთხით ამოჭრილი, დარჩებიან პოეტური სიამაყით გადასროლილი სიტყვები, რომლებშიაც ის მეტ სიძუნწეს იჩენს: „როცა გიყურებთ ერთად თავმოყრილს, მე მეშინია თქვენი, ცალკეულად კი მიყვარხართ“.
ასე გამოსთქვა პოეტმა შინაგანი სიმართლე, რომელიც არის მისი უმძაფრესი ხილვის საგანი. მართალია, ხშირად ყოფილა პოეტი ბორჯიას ცოდვის დამატრიალებელი. მაგრამ ეს იყო მისი ლექსები, თვითმკვლელობის კართან, პოეზია კი უმთავრესად პოზაა პოეტის, პუდრით დათრთვილული და შეიძლება ქერძაფით მოწამლული. არის საგნები, რომელსაც პოეტი შორდება მისტიური შიშით, ეს არის პირველი დაწყევლა პოეტის კარიერის.
როცა ქუჩაზე დალორწილ ღამეში შავი კატა აედევნა, პოეტს კანკალი დააწყებია და მეორე მხარეზე გადავიდა. ეს იყო ბალახვანის ქუჩა, რომელიც დარჩება პოეზიაში როგორც მოჩვენება მონმარტრისა.
ამ დღიდან შავი კატა დაყვება პოეტს, როგორც განუშორებელი მხლებელი, ისევე როგორც ედგარ პოეს ყორანი. ხშირად მისი ბალნით არის შეკრული ლათინური რკინის გამოთლილი ლექსი. ამიტომ უკანასკნელი სტოვებს თვალშეუდგამ და მძაფრ შთაბეჭდილებას, ჩემთვის ყოველი მისი ლექსი არის სპირიტიული სეანსი, რომლიდანაც გადმოდიან ოთხივე კედლიდან შორეული სულები: ჰამლეტის, ოფელიასი და მრავალი სხვა წარჩინებული პერსონაჟების.
პოეზია კი მედიუმია, რომელიც გამოუძახებს ასტრალურ სფეროდან გაშლილ მაგიდასთან საუკუნოებში გადასულ სახეებს და ხსნის იეროგლიფებს, სქელ იდუმალებით დაფარულ გზებს.
მოდიან საღამოს ჩრდილები და ახლოვდება საქართველოს დაისები. ცეზარის სიმტკიცით და გალური სიამაყით მოუძღვის მათ პოეტი: მოყვება ჯარი დაისებზე ამოჭრილ ქიმერების: თითქოს იყოს პოეზია მისი Notre Dame, რომლის თაღიდან იყურება ათასი თვალი მოჩვენების, იხსნება ფარდა, პოეტის დირიჟორობით:
და ცის უფსკრულში აილეწა კაფე ლანდური
ახალ პოეტებს გაუმართავთ ლურჯი კაბარე.
იწვის არღანი, იკლაკნება იქ ფისმანდური,
და ჩემი ცქერა მოჩვენებას კვლავ შევაფარე.
ანგელოსები სამართებლით პარსავენ ლოთებს,
მსახურებს დააქვთ ოპიუმი მაღალ ვაზებით :
ისევ მედუზა ყავისფერი მათ შეაშფოთებს,
ვინც ლექსებს ამბობს ტირილით და რუხ გაბრაზებით.
ლალის სიგიჟე, ყირამალა და ხარა კირი,
ჯამბაზობს კაფე და ჰაერში გადაბრუნდება…
ისევ დაისი ატორტმანდა, როგორც საკირე,
და ჩემი ცქერა ჩვენებასთან ბრძოლას უნდება.
დადის პოეტი ახალ სინამდვილეში, სადაც ყოველი საგანი მრუდე სარკეებშია გადავარდნილი ან დამდგარია ორი სარკის წინ და იძლევა დაუსრულებელ მოჩვენებებს სარკის სიღრმეში ჩაძირულთ.
იშლება ციური ილუზიები, რომლებშიც ტირის სამყარო უკანასკნელი რეკვიემით და დადის ფეერიული კალიოსტრო მობრუნებუღ კარტით ხელში. ეს არის თვითონ პოეტი, რომელსაც აქვს ძალა ფაკირის და ელექსირი – მისი ლექსებზე უკვდავების დაღის დამსმელი.
ის დადის, როგორც ძველი ალქიმიკოსი, რომელსაც სწამს სასწაულები და ყოველი მისი ლექსი იშლება მართლაც პირველი სასწაულის ხალისით, რომელშიაც არის რელიგიური სიმკაცრე და წესი. ყოველი მოვლენა, მისთვის იმდენად არის მისაღები, რამდენადაც იგი ატარებს მაგიურ ასპექტს. მხოლოდ უკანასკნელის მობრუნებით მოდის სტიქიური სპირალი.
კიდევ არის არსება, რომლის წინ არ შეუძლია გაიაროს პოეტმა, ისე თუ არა. პანიური შიშით. ისევ ფანტასტიკური ქუთაისი. მელანქოლიით და სპლინით დაფენილი. აქ იყო მეორე პოეტი ყველაზე უფრო უცნაური, რომელიც თავისი ცხოვრებით სწერდა იმდენ მისტიურ დრამას, რამდენიც არ დაუწერია არც მეტერლინკს და არც შარლ ვან ლერბერგს.
ყოველი მისი ღამე იყო გაცხოველებული პოეტის მიერ შექმნილ ქიმერებით, და ყოველი მისი მთვარე პოეზიის შხამით მოწამლული.
პაოლო იაშვილი იყო ქუთაისის გადასულ ღამეების საოცრება. როცა დატოვებულ სობოროსთან პაოლო იაშვილმა გიჟის როლი გაითამაშა მეორე ირაციონალურ სინამდვილეში გადასულ პოეტის წინ, უკანასკნელი ისევ აკანკალდა ბავშვივით და შიშით ვეღარ დაბრუნდა სახლში მარტო იმ ქუჩით, რომელსაც ნარვალებით მისდევდა ღამის ძაღლის ყმუილი. პოეტს ეშინოდა ყოველი მოვლენის, რომელიც იყო წინაგრძნობა დაშლის, გახრწნის და გამეტებული დაღუპვის.
ის იყო ძაღლი, რომელიც უყეფდა მთვარეს და ნერწყვით პირში ელოდა მის ჩამოვარდნას.
ეს სიმღერა ძაღლის ქართულ პოეზიაში დარჩება, როგორც პოეტის განწირულ ბედის სიმღერა, რომელსაც ვეღარ გაიმეორებს ვერავინ.
პოეტს ეშინოდა ადამიანის, რომელიც მთვარის სხივებს აგროვებდა სანდრო ცირეკიძის ასანთის კოლოფში შუაღამით და აბურძგლულ ტანით ჩაუვლიდა გვერდს.
შეიძლება ეს დაწურული შიში არის იმპულსი, რომელიც იწვევს სახეებს შეცნობის სხვა სფეროდან. სახეები, რომელსაც აქვთ თვისება დისოციატიური და ამიტომ მარადიული.
ახალ პოეზიაში არ არის პოეტი ისეთი სწორი, როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი. ამას არ აქვს გაუმართლებელი ლექსი, არ იცის დაწეული ხმა. აქვს მხოლოდ მწვერვალები. ასვლა საძნელოა მეტად, მხოლოდ არის იქ ნაცრის ნათელი და დარბაზები სავსე შორეულ ბინდებით.
პოეტმა შექმნა სრულიად ახალი ღირებულება მსოფლიო პოეზიაში – მაგია სიტყვის. ყოველი ლექსი მისი არის სომნამბულას რიტმიული სვლა და საშიშია მეტად ჰიპნოტიურ მდგომარეობიდან უეცარი გამოფხიზლება. წინ უფსკრულია და მოლოდინი გადავარდნის. არის პოეზია მისი უფრო ოკულტივური და ზესთაბუნებური. საქართველოს საზღვრები ვერ დაიტევენ მის იდუმალ ტალღებს და ამაშია გამართლება თვით საქართველოსი.
საკმაოა ოდნავი ხელისშეხება და ყოველი საგანი დაკარგავს სხეულს, ფორმას და ფერცვალებული მოვა როგორც სტიქია, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი დაწყება მარადი ტრაგიულის. უბრალო რეალურად მოცემული საგანი გადადის ისევ ფანტასტიურში. პოეტის ოთახი და კიბე ირრაციონალურ ორბიტრშია გადასროლილი. მაჩაბელი დარჩება როგორც მეორე სახე იმავე ფანტასმის თვალის გახელის. შეიძლება, ეს იყოს შედეგი ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსის ინსტრუმენტოვკის. ბოლომდე დაყვანილი რიტმი – მუსიკალური პასაჟი, რომელშიც ლღვება ობიექტი ხილვის და რჩება უნაპირო ხვეულები.
ყოველ შემთხვევაში, პოეტს რჩება მიკროსკოპში გატარებული ხაზები საგნის მოჩვენების, მისი მობრუნებულ სახის.
ვალერიან გაფრინდაშვილი მოვიდა, როგორც იუველირი, რომელმაც შემოიტანა სტილი გოტიკის, მაღლა ავარდნილი მოზაიკის, ღია და ძვირფასი ქვების.
საფირონი, ლალი, ალმასი, ზურმუხტი: ამითია მოჭედილი გუმბათი გოტიურ სობოროსი. ვალერიან გაფრინდაშვილი ცნობილია უფრო როგორც პოეტი აბსტრაქციის. ვფიქრობ, საჭიროა შესწორება. წმინდა იდეია მოცემული სახით სხეულია უკვე თავისთავად კონკრეტული, სხეული სხვა პრიზმაში გატარებული. აქვს პოეტს მდიდარი სახეების მადანი და სცლის მას დაჯერებულ სიუხვით.
პარალელი ასეთია – პოეზია გაფრინდაშვილის და ქართული ორნამენტი, რომელშიაც მოცემულია ფანტასტიური გრიფები და ლოტოსის ყლორტები. პლასტიკა ლექსის და იმავე ორნამენტის გრაციოზული დაშვება ძირამდე.
ყოველი მათგანი თითქოს სარკეზეა ამოჭრილი. ამიტომ გამჭვირვალე და ღრმა ძირით.
ლექსის თაღზე ელავენ მიკრული მინერალური კრისტალები და მის ძირში პლასტებად დაწყობილი მაგნიტი, რომელიც იზიდავს უფსკრულისაკენ.
შალვა აფხაიძე
გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 28 იანვარი, №3.