სასცენო შემოქმედების ყველა ტიტანს იზიდავდა ოტელოს როლი იმ განუსაზღვრელი შესაძლებლობის გამო, რომელსაც იგი იძლევა. ცნობილი ამერიკელი ტრაგიკოსი აირა ოლრიჯი, იტალიელი ტრაგიკოსები – ტომაზო სალვინი და ერნესტ როსი და ყველა სხვა დიდი ტალანტი მოხიბლული იყო იმ ადამიანური სიმდიდრით, რომელიც მოცემულია ოტელოს ბუნებაში. და ყოველი მათგანი თავისებურად ხსნიდა ოტელოს ბუნებას, ისევე, როგორც თავისებურად ესმოდა ოტელოს სახე ყოველ დიდ შექსპიროლოგს. ზოგს ოტელოს სახით წარმოდგენილი ჰქონდა ოჯახური დრამა, ზოგს განყენებული, აბსტრაქტული გრძნობა ეჭვისა და სხვ. არიან შექსპიროლოგები, რომლებიც შექსპირის დიდ მემკვიდრეობაში ოტელოს ყველაზე უფრო საპატიო ადგილს უთმობენ. ყოველ შემთხვევაში, არავინ არ უარყოფს იმ აზრს, რომ ეს ტრაგედია ეკუთვნის იმ ნაწარმოებთა რიცხვს, რომელნიც არასოდეს არ ჰკარგავენ თავიანთ ბრწყინვალებას, თავიანთ შეუდარებელ ამაღელვებელ ემოციურ ზედმოქმედებას.
საბჭოთა კრიტიკამ ოტელოს ინტერპრეტაციის საკითხში, მიუხედავად აზრთა სხვაობისა, სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა. მან საკითხი მაღალ პრინციპულ სიმაღლემდე აიყვანა: ოტელო, ისევე, როგორც შექსპირის მთელი მემკვიდრეობა, დაუკავშირა კაცობრიობის განვითარების უდიდეს მოძრაობას ისტორიაში -აღორძინების ეპოქას, რომელმაც მთელი რევოლუცია მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში, გააფართოვა რა მისი ჰორიზონტი, ეპოქას, რომელიც სავსეა ახალი აღმოჩენებით, გაბედული წამოწყებებით და სხვ.
რუსთველის თეატრმაც ოტელოს სახეს ახალი თვალით შეხედა. მას ფილოსოფიური სიღრმე მისცა, გაანათა აღორძინების დიდი ეპოქის იდეებით, სახელდობრ, ადამიანის განთავისუფლების იდეით. ჩვენის აზრით, აკ. ხორავამ გადალახა ის დიდი სიძნელეები, რომელთაც ოტელოს სახე ყოველ დიდ არტისტს უქმნის. მისი ოტელო ხელშესახებია, უშუალოა. ადამიანია მოცემული კონკრეტულ ისტორიულ პირობებში, ადამიანი, დაჯილდოვებული ისეთი გრძნობებით და იდეებით, რომლებიც ეზრდება თავის ეპოქას, ვერ ეტევა მასში, უკეთ რომ ვსთქვათ, ვერ პოულობს ნიადაგს, რომ ფრთები გაშალოს და გაიფურჩქნოს, მარცხდება განსაზღვრულ დაპირობებულ ისტორიულ საფეხურზე, რომ მთელის სიძლიერით კვლავ იფეთქოს განთავისუფლებული ადამიანის ცხოვრების პირობებში.
როგორია ოტელო ტექსტის მიხედვით? იგი არის მდიდარი, ბუნებით დაჯილდოვებული ადამიანი. პირდაპირი, ბუნებასთან ახლო მდგომი, შეურყვნელი იმ ჩარჩულ-კოლონიზატორული ფსიქოლოგიით, რომლის გარემოცვაშიც იგი ცხოვრობს, მართალი, გულადი, რა თქმა უნდა, მეომარი, რომელსაც დიდი ჭირ-ვარამი გამოუვლია, მგრძნობი თავისი მდგომარეობისა. ამაყი და ფაქიზი გრძნობებში. გამთბარი შინაგანი ღრმა ესთეტიზმით, იგი გრძნობს, რომ მისთა „წინაპართ ქვეშ სახელმწიფო ტახტი სდგომიათ და მეც ღირსი ვარ, ამაყად დავხვდე ჩემგან ნაპოვნ ბედნიერებას“. იგი გრძნობს „ცხოვრებას ცის ფრინველივით თავისუფალს, არ შევხუთავდი, ხელმწიფობაც რომ მიენიჭათ ოკეანეზედ“. აქედან მოდის მისი დაუცხრომელი რომანტიზმი, რწმენა ადამიანის სიწმინდისა, აქედან მოდის მისი დიდი შეუბღალავი ნდობა ადამიანისადმი, რითაც ასე ვერაგულად სარგებლობს მისი ასისთავი იაგო. მას სწამს ადამიანი, განხორციელებული ამ შემთხვევაში საყვარელ დეზდემონაში, რადგანაც ამ რწმენის დაკარგვის შემდეგ მისთვის მხოლოდ ქაოსი რჩება. ქვეყანა იღუპება, „მაგრამ მე ხომ მიყვარს იგი, მის გარეშე ქაოსია“, – ამბობს იგი.
ასეთ ადამიანისაგან მაყურებელი სრულიადაც არ მოელის ისტერიულ გამოსვლებს, ეფექტიურ გრიმასებს. გაცილებით მეტი დამაჯერებლობით მივა ეს სახე მაყურებლამდე, როდესაც იგი მოცემულია მშვიდ, წყნარ ტონებში, და სწორედ ასე იწყებს ამხ. აკ. ხორავა ცნობილ მონოლოგს სენატორთა წინაშე. ღირსებისა და სიდარბაისლის გრძნობით არის სავესე ეს მონოლოგი. უშუალობითა და ღრმა ლირიზმით არის იგი გამთბარი: „სიდარბაისლით, ძლიერებით სახელგანთქმულნო, კეთილშობილნო და სულდიდნო უფალნო ჩემნო“, – ამას ამბობს მშვიდად, მართლაც სულდიდობისა და კეთილშობილების შეცნობით. ამ ტონით მიჰყავს არტისტს თავისი როლი მთელი პიესის მანძილზე, სრულიად შეგნებულად, რომ ამ ფონზე მეტის სიმკვეთრით გამოჩნდეს ის თავშეუკავებელი რისხვა და მღელვარება, რომელსაც განიცდის იგი მაშინ, როცა ადამიანის ღირსებაში ეჭვი შეეპარება. ხორავას ოტელო იმდენად ადამიანურია, კონკრეტული, რეალისტური, შემკული რენესანსის ეპოქის ადამიანური ღირსებებით, რომ იგი პირველი სიტყვებითვე ხიბლავს მაყურებელს და მიდის მასთან მთელი თავისი უშუალობით.
ხორავამ შექმნა სახე, რომელიც მკვლელობის აქტის დროსაც კი მაყურებელში უდიდეს თანაგრძნობას იწვევს, ისეთი თანდათანი გადასვლით, სულიერი ღელვით არის იგი შემზადებული არტისტის მიერ, კარლ მოორის შემდეგ ოტელო არტისტის წინსვლად უნდა ჩაითვალოს, რამდენადაც ამ უკანასკნელში მან შესძლო ორი საწყისის – გმირული სულისა და ადამიანის ლირიზმის – მთლიანობაში მოცემა,
ჩვეულებრივი ოსტატობით ასრულებს იაგოს მეტად ძნელ, როლს აკ. ვასაძე. იგი სცილდება ამ როლის ტრადიციულ გაგებას, იაგოს სახით წინათ წარმოდგენილი იყო აბსტრაქტული ბოროტება, მეფისტოფელიზმი. იაგო მოკლებული იყო კონკრეტულ ისტორიულ პირობებს. ნამდვილად იაგო არის წარმომადგენელი ახალი საზოგადოებრივი ფენისა, რომელიც ისწრაფის დაიჭიროს თავისი ადგილი ცხოვრებაში და რომელსაც უკვე შეგნებული აქვს ფულის ყოვლისშემძლე თვისება. იგი იბრძვის ძველი იერარქიული სისტემის წინააღმდეგ საზოგადოებაში ადგილების თუ თანამდებობების ახალი განაწილებისთვის. „ჩემი თავის ფასი ვიცი მე, მეკუთვნის კიდეც ეს ღირსება, კვეხნით არ ვამბობ“. შემდეგ: „სამსახურს მუდამ ეგ ჭირი სდევს: წინ იგი დგება, ვისაც კი შესწევს გვაროვნობა, ძლიერთ წყალობა“. იაგო უდრეკია: ოღონდ დასახულ მიზანს მიაღწიოს და ყოველგვარ საშუალებას მიმართავს. მაგარი, უტეხი, მტკიცე, რაციონალიზმის საწყისებთან მისული პიროვნება – ასეთია იაგო ისეთი ოსტატი არტისტის მიერ განსახიერებული, როგორიც აკ. ვასაძეა. პირდაპირ, იშვიათ და დაუვიწყარ სცენიურ გამომგონებლობას უნდა მიეკუთვნოს მეორე მოქმედების უკანასკნელი სცენა, როცა სამ ბოჭკას ერთმანეთს მიადებს, ზედ წამოსასხამს გადააფარებს, დაშნას მიწაში ჩაარჭობს, ზედ ქუდს წამოაგებს და აწყობს თავის ჯოჯოხეთურ გეგმას, იაგო დეტალებში მშვენივრად აქვს დამუშავებული არტისტს. მთავარი დამსახურება არტისტისა ისაა, რომ ამ როლის ინტერპრეტაციაში მან სრულიად ახალი ხაზი შეიტანა.
შემსრულებელთა შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდა მსახიობი ბერიძე. თუ არა ვცდები, იგი მეორედ ასრულებს საპასუხისმგებლო როლს (პირველად „ინტერვენციაში“ გამოვიდა). დეზდემონა ერთი უძნელესი როლთაგანია, ეს როლი ძნელია იმით, რომ აქ არტისტის წინაშე გაცვეთილი გზით წასვლის საფრთხე დგას: ეს არის რაღაც „ციური“, მიწას მოწყვეტილი არსების მოცემის საფრთხე, მაშინ როდესაც დეზდემონა ტიპია, მართალია, გვიანი, მაგრამ მაინც რენესანსის ქალისა, რომელიც დამოუკიდებელი აზროვნებისათვის იბრძვის. მთელი დეზდემონა მის შემდეგ სიტყვებშია: „ეს მე ვაცნობე მთელს ქვეყანას (ოტელოს სიყვარული), როს გულახდილად და შეუპოვრად ავყევ უცნობ ბედის ქარიშხალს. ოტელოს ნიჭსა დავუმონე მე გული ჩემი და სული მისი მის სახეზედ გამოიხატა“. ეს არის გამოსავალი წერტილი. აქედან გასაგები ხდება დეზდემონას სიყვარული ოტელოსადმი, ბერიძის დეზდემონა უშუალობითაა დაჯილდოვებული. მსახიობს მკაფიო მეტყველება აქვს, რაც მეტად მისასალმებელია. ყურადღება უნდა მიექცეს მხოლოდ ერთ გარემოებას, რამაც მაყურებლის გულისყური მიიპყრო: სიტყვაში სტვენა ისმის, განსაკუთრებით „ს“-ს წარმოთქმის დროს. მშვენიერ მუსიკალურ სიტყვაში, რომელიც მსახიობს აქვს, ეს დისონანსად ისმის.
პიესაში ეს სამი როლია წამყვანი, მთავარი. სხვა როლები მეორეხარისხოვანია, მკრთალი. ვერ შევჩერდებით მათ შემსრულებლებზე, რადგან ვერც ერთმა მათგანმა ვერ შესძლო დაკისრებული როლისთვის განსაკუთრებული იერის მიცემა. დ. მჟავია, მაგალითად, რომელიც ყოველთვის ღირსეულად ასრულებს თავის როლს, კასიოს ვერ განიცდის, „ფორმაში არ არის“, როგორც იტყვიან, და ამიტომ ცივია, მშრალი, არტისტს კი მეტის მოცემა შეუძლია. მაინც გამოსაყოფია ბ. წულაძე, რომელიც მთავრის როლს ასრულებს.
ამ ჩინებული დადგმის ორგანიზატორია რეჟ. შ. აღსაბაძე, რომელმაც განსაკუთრებული ოსტატობა გამოიჩინა, მონუმენტალური სტილის სპექტაკლების შექმნაში. რეჟისორი გრძნობს დიდ ამოცანას, რომელიც მის წინაშე დგას. და მას დადებითად სწყვეტს. თუ სპექტაკლი ასეთი რეალისტური, სისხლსავსე, აღორძინების დიდ იდეებთან დაკავშირებული და დიდად მეტყველი გამოვიდა, ამას უნდა ვუმადლოდეთ სპექტაკლის ორგანიზატორს – რეჟისორ აღსაბაძეს.
გამოსარჩევია მხატვარი გამრეკელი. „ოტელოს“ გაფორმება მის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს დაიჭერს, იმდენად გრძნობს იგი ეპოქის სტილს და იმდენ გემოვნებას იჩენს ფერების შეხამებაში.
ხაზი უნდა გაესვას მუსიკალურ ნაწილს. იშვიათად თუ დამთხვევია მუსიკალური ხმები სპექტაკლის მთელ აზრს ისე, როგორც ეს „ოტელოშია“. გულწრფელ ლირიზმს და ადამიანურ სითბოს, რომლითაც აკ. ხორავას მიჰყავს როლი, კიდევ უფრო აძლიერებს ი. ტუსკიას გულს ჩამწვდენი მუსიკა. განსაკუთრებით ამაღელვებელია იგი უკანასკნელ მოქმედებაში, სადაც დეზდემონას სულის ტირილი ასე მშვენივრად ეგუება მუსიკალურ ჟღერას.
სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, დამსწრე საზოგადოებამაც იგი თეატრის მორიგ გამარჯვებად მიიღო და თავისი კმაყოფილება ხანგრძლივი ტაშით გამოსთქვა.