ვიგონებ იმ დროს, დროს სავსეს მადლით,
ჩვენს დიდ ძმობაში გადაშლილ ქორფათ.
მწვანნე ტალღებში როცა უკადრი
გვემალებოდა მთვარე ოფოფი.
სხვა ღამეებიც მახსოვს, როდესაც
მთვარემ შუქი რომ შემომაფეთა,
კვლავ გაზაფხულის ქარი დამეცა
და სიხალისე მშობლიურ მზეთა.
კრთიან დღეები გადმოყვანილნი
სხვა შთაგონებით კაშკაშა ციდან.
და მოგონება, როგორც ყვავილი
სუნნელოვანი რომ არ ამცილდა.
კვლავ უკვდავება გრძელ საღამოებს,
რომ დაგვნათოდა ოქროს ვარაყით.
დიდება ჩასულ მზის ცეცხლის შტოებს,
ცას ვარსკვლავების კვირტებად დაყრილს.
შემდეგ მთაწმინდა ბარათაშვილის
ატრიალებდა ლექსის გრიგალი.
მათი კივილი მე ეხლაც მესმის,
ეხლაც მწვავს მათი მგზნებარე ალი.
წუთი და მწუხრი, რომ მაგონდება
ძმად ნაფიცებში ერთი გვაკლია.
თითქოს იმ დღეებს ჭვარტლი ედება
და სიხარულიც გვირტყამს ნაკლებად.
მაგრამ ეს ცრემლი რას ემგვანება
ან და ოცნება შორეულ ცაზე.
ხომ ისევ ვდგევართ შადრევანებად
ხომ სიყვარულის ვართ სერობაზე.