„ცისფერი ყანწების“ დადგენილება – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : [1931]

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26473-ხ.

გამოცემა :

დადგენილებები, დოკუმენტები

„ცისფერი ყანწების“ დადგენილება

შესდგა ლიტერატურული დაჯგუფების „ცისფერი ყანწების“ წევრთა საერთო კრება, სადაც განხილულ იქნა ჯგუფის წარსული და მომავალი მუშაობის ძირითადი საკითხები. კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი დადგენილება:

  1. საჭიროდ იქნას ცნობილი ჯგუფის ლიტერატურული და ორგანიზაციული პრაქტიკის ძირითადი გადასინჯვა _ რეკონსტრუქციული პერიოდის მოთხოვნილებათა ნიადაგზე.
  2. შეცვლილი იქნას ჯგუფის სახელწოდება, რომელიც არ გამოხატავს თანამედროვე ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების იმ გაგებას, რომელიც ამჟამად ახასიათებს ჯგუფში შემავალ წევრებს.
  3. ა/წ. ნოემბრისათვის გამოცემულ იქნას ჯგუფის ლიტერატურული კრებული, რომელშიაც მოთავსდება ჯგუფის წევრთა შემოქმედებითი ნიმუშები, აგებული ახალი, სოციალისტური ცხოვრების თემატიკაზე დაა სადაც, კერძოდ, სავსებით ჩამოყალიბებული იქნება ის ლიტერატურული პრინციპები, რომელნიც საფუძვლად დაედება ჯგუფის მომავალ მუშაობას და რომელნიც ძირითადათ შემდეგში გამოიხატება:

ა) დადგა რა უყოყმანოთ და გადაჭრით საბჭოთა ნიადაგზე 1924 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში – ჯგუფი ამ ხაზს, როგორც შემოქმედებითი, ისე პრაქტიკული მუშაობის მხრივ, შემდეგში შეურყევლად ატარებდა და მოდიოდა თანამგზავრული ლიტერატურის გზით. დღეს, რეკონსტრუქციულ პერიოდში, როცა სწარმოებს კაპიტალიზმის ნაშთის, კულაკობის, როგორც მთლიანი კოლოქტევიზაციის საფუძველზე ლიკვიდაცია და ამასთან დაკავშირებით კლასობრივი ბრძოლა ქვეყნად ძალზე გამწვავებულია, ჯგუფი საჭიროდ და აუცილებლად თვლის ძველი გზის რევიზიას, ვინაიდან თანამგზავრობა უკვე აღარ გამოხატავს მასში შემავალი წევრების იდეურ და შემოქმედებითი საქმიანობის შინაარსს. აღიარებს რა შეცდომებს წვრილბურჟუაზიულ გადახრების პერიოდში, რომელსაც თანამგზავრული პრაქტიკა ახასიათებს, ჯგუფი შეეცდება მომავალში ამ შეცდომების აღმოფხვრას პროლეტარული ლიტერატურის დახმარებით და ამხანაგური ზეგავლენით და გახდეს მისი მოკავშირე თავისი შემოქმედებით.

ორი ქვეყნის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, კაპიტალიზმისა და სოციალიზმის სისტემებს შორს გამძამფრებულ ბრძოლაში მთელი ჩვენი ძალღონით და შეგნებით ვდგევართ უკანასკნელის, მუშათა კლასის, მისი ფრონტის მოწინავე პოზიციაზე, კაპიტალიზმის მესაფლავის პროლეტერიატის საამაყო ბარიკადებზე.

 

შალვა აფხაიძე

[1931]

Facebook
Twitter