ეს სეზონი დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში როგორც უღელტეხილი: იქით უდაბნო – საკმაო დიდი მანძილით შემოფარგლული და აქეთ – სიცოცხლე, აყრილი ტანი, ძიება, შემოქმედება, გამარჯვება და მარცხი.
იქით უნიჭობა, პარალიჩი; მთელი სხეულის გაქვავება უკეთეს შემთხვევებში, თორემ სრული დაშლა და უფსკრულის წინ სასოწარკვეთილი კივილი.
ასეთი იყო ქართული თეატრი სეზონის დასაწყისში ახლა ეს უკვე საერთოდ აღიარებული ფაქტია.
მაშინ კი ეს იყო ქართული სათეატრო კულტურის თავმოყვარეობის მწვავე საკითხი.
ხალხის წინ სავსებით აიშალა ჩვენი თეატრის განწირული ბედი. ამით აიხსნებოდა ის ხმაური, რომელიც ასტყდა სახელოვნო კომიტეტში, ხელოვანთა სასახლეში. მიზანი იყო ერთი: გამოენახათ საშვალება ავათმყოფ თეატრის გაჯამრთელებისათვის.
კიდევაც მიმართეს მრავალ ზომას. მაგრამ შედეგი მაინც ცრემლიანი იყო. მხოლოდ საკმაო იყო მოსვლა კოტე მარჯანიშვილის, რომ დეკორაცია სრულიად შეცვლილიყო.
ახლა შესაძლოა, ვერ დავაფასოთ სრულიად მარჯანიშვილის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალი უსათუოდ მისცემს მას ჩვენი თეატრის ქრისტეს სახელს; ვინაიდან მკვდრეთით აღადგინა იგი (თეატრი).
თანამედროვე თეატრში, რომელიც არის უფრო ტეხნიკა, მასსიური შინაარსით და დაქსელილია უხილავ ძაფებით, რომელთაც ვერ უპოვი დასაწყისს და ბოლოს (მოდიან შემომქმედ რეჟისორის სულიდან) მთავარია – რეჟისორი. ის ატრიალებს როგორც ჯადოქარი თანამედროვე სცენას.
ამიტომ მოხდა სასწაული, რომელიც წინეთ არავის სჯეროდა.
ქართულმა თეატრმა გაიმარჯვა, იგი აღსდგა. კოტე მარჯანიშვილის მისვლა ქართულ თეატრთან იყო უკანასკნელის მეორე დაბადება და ამასთანავე ძირითადი რევოლიუცია; რევოლუცია, რომელმაც გამოიწვია ჩვენი სათეატრო მიღწევების სრული გადალაგება.
უეჭვოა ახალი თეატრის ისტორია დაიწყება ამ სეზონიდან და მას მრავალი მაღალი ფურცლები ექნება.
ამიტომ წარსულ სეზონზე ლაპარაკი ნიშნავს უმთავრესად კოტე მარჯანიშვილის სტიქიაზე ლაპარაკს, სტიქიაზე, რომელმაც წალეკა მთელი ნაგავი და დასტოვა ხალასი შემოქმედება.
რევოლიუციის პირველი მოვარდნა ქართულ სცენაზე იყო „ფუენტო ოვე ხუნა“. იგი სრული მოულოდნელობა იყო, უდიდესი გამარჯვება, და სიხარული, როგორიც კი ჰქონია ოდესმე ქართულ თეატრს მის ჯვარცმულ წარსულში. ამ რევოლიუციაზე დაიწერება შემდეგ, მხოლოდ მაშინ ეს პირველად აღნიშნა პოეტმა პაოლო იაშვილმა.
ის დღე დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ჩვენი თეატრის მზიური დღესასწაულის დირიჟორი.
ამავე წარმოდგენამ მოხსნა ქართველ არტისტს სირცხვილი, დაამტკიცა, რომ მასში ძლიერია არტისტული გარდაქმნა მოვლენის. ეს დღე იყო ამიტომ ქართველი არტისტის ამაღლება სრული რეაბილიტაცია.
და შემდეგ ყოველი ახალი დადგმა კოტე მარჯანიშვილის იყო ქართული თეატრის ახალი გამარჯვება. დარჩება ჩვენი თეატრის ისტორიაში ისიც, რომ ამ წარმოდგენებზე დადიოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, თუმცა ენა არ ესმოდათ: იმდენათ დიდი იყო მათი სანახაობითი და რიტმიული მხარე.
უეჭველია, უმწვერვალესი წერტილი წარსულ სეზონში ეს იყო „ლონდას“ დადგმა, რომელიც ყველაში იწვევდა ერთ დაუსრულებელ ინტრიგას: აქ შეხვდენ ერთმანეთს სიტყვის დიდი არტისტი და პოეტი გრიგოლ რობაქიძე და აგრეთვე დიდი რეჟისორი… ყოველ შემთხვევაში, ეს იყო პირველი ქართული თანამედროვე ტეხნიკით და მუსიკალური დენით გამართული, რომელიც კი დაიდგა ჩვენს სცენაზე. ეს მისტერია დიდი ხნით გააწვალებს ჩვენს საზოგადოებას თავისი გამომწვევი ბუნებით და ორიგინალობით.
კოტე მარჯანიშვილი უმთავრესად მასსის რეჟისორია. აგრეთვე ისტორიული იყო თავის მონუმენტალობით ის წარმოდგენები, რომელიც დადგა მან პეტროგრადის მოედანზე. ამ წარმოდგენაში მრავალი ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. როგორც მანეკენები, ისე დადიოდნენ ისინი რეჟისორის ხელის უხილავ ბრძანების ქვეშ.
ამიტომ მთელი მოვლნა იყო აგრეთვე „მზის დაბნელება საქართველოში“, სადაც გაცოცხლდა ძველი ტფილისი და მისი სუნთქვა.
წარსული სეზონი იყო ეროვნული გამართლება ჩვენი თეატრის და მისი აღორძინების დაწყება. ჩვენ სრული, იმედი გვაქვს, რომ ამიერიდან მისი ბედი ნათელია, მით უმეტეს, რომ მომავალი სეზონის ფალავანათ რჩება ისევ მარჯანიშვილი.
ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამ რეჟისორს, რომელსაც აქვს ევროპის რეზონანსი, მაგრამ თავისი შემოქმედებითი ძალა შესწირა ეროვნული თეატრის აღორძინებას, როდესაც იგი ღრმა ჭრილობებით იყო დასერილი. ჩვენთვის კოტე მარჯანიშვილი დარჩება ეროვნული გმირი, რომელმაც სათეატრო ხელოვნებაში მოიგერია უცხო კულტურის შემოტევა.
აღსანიშნავია აგრეთვე რეჟისორი – ალექსანდრე ახმეტელი, რომელმაც დასდგა „სალომეია“. ახმეტელს ეტყობა უთუოდ თანამედროვე კულტურა, ეს კი იმის თავდებია, რომ იგი გაიმარჯვებს. მას აქვს აგრეთვე დიდი ფანტაზია და სული ნოვატორის, რომელიც აუცილებელია გამარჯვებისათვის.
სეზონის დასასრულში აკ. ფაღავამ დასდგა „ჰამლეტი“. ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან არც მინახავს იგი.
წარსულმა სეზონმა დააყენა წინა რიგებში თამარ ჭავჭავაძე, აკაკი ვასაძე (სახეში მყავს ახალგაზრდა არტისტები). სამწუხაროდ, ამ ნათელ სეზონს აკლდა ვერიკო ანჯაფარიძე.
შალვა აფხაიძე
გაზეთი „რუბიკონი“, 1928, №11