ღვთის მშობლის დუეტი სიონში – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 23.10.1922

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-6-ხ.

გამოცემა : „ბახტრიონი“, №16

პოეზია, შემოქმედება

ღვთის მშობლის დუეტი სიონში

იხილავს სიონს ქალბატონი დაჩეხილ სახით,

სიონს რომელსაც დააფრენდა სანთელი ერთი.

და გადაკრული წმინდანებზე ძველი ტალახი;

ამოითხრება მის თვალებში სოველ სამარეთ.

უხსოვარ ასულს სურს იტიროს იდუმალ შვილზე,

უნდა სიონი აიტანოს თიხის მთვარეზე.

ო, ვინ დაითვლის ობის ცრემლებს დიდ პანაშვიდზე

და ვის დაიტევს სასიკვდილოთ ეს ასპარეზი.

სანთელი ჩალის მკრთალ მადონას დიდ ხანს ელოდა

(მადონას წინეთ თოვლის ბავშვი ხელში ეკავა),

და თაფლის დუეტს იმღერებენ ხატის ჩეროდან.

თითქოს ქალბატონს შემოერტყა ისევ წელკავი.

სანთელი

ჩვენი გზა მიდის ვარსკვლავებით ქრისტეს ტუჩებთან.

საწყალო ქალო! დაგეცემა სევდა უსქესი.

დაღლილი მთვარე მოწამლული გატყდება ჩემთან.

მთვარის მადონა! ხარ დაღვრილი მიწა უსქესო.

ქალბატონი

ო, ეს დუეტი დაფენილი თეთრ კვირეებზე.

და გაყინული სამუდამოთ ცრემლების მხარე.

დავრჩით ობლები (სიმარტოვე ვის გააკვირვებს).

მორეკავს ღრუბლებს დაობებულს ქარი მწუხარე.

დუეტი

– დაგვნათის მთვარე დათენთილი: ჟანგის ემბაზი.

– თითქოს ბაღებიც სერაფიმებს ასველებს მეტათ.

– ღამეა დიდი არ მოველით ჩვენ გათენებას.

– ჩამოიქნება ეს სიმღერაც სანთლის სონეტათ.