ღამის მელანქოლია – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, №4

პოეზია, შემოქმედება

ღამის მელანქოლია

მელიტა აფხაიძეს

 

მოაწვა მინებს მკერდ დამწვარი საღამოს მთვარე.

ახლა დაიწყებს ყვითელ ქარში ოთახი ტრიალს.

და ხავერდისგან შეკერილი ძაღლი მთრთოლვარე

გაყვება ყეფით მთვარის ნარვალს და ესკურიალს.

 

ღამის კანკალმა ბამბის პოეტს თითქოს მოუკლო.

თითქოს სივრცეში თვალ დაყრილი მხოლოდ ორია;

სატურნის ფერფლი და მადონა – სიონის კუკლა

(ო, შორ მნათობზე მიფენილი მელანქოლია).

 

აქ ქალბატონი დაბრუნდება თვალზე ალმურით

(მოაცილებენ მას მოწყენილი ცრემლების დები):

მოყვება სინებს ისევ მთვარე, ბუმბლებით, მურით

და სველ ოთახში ცივ ფანჯრიდან გადმოვარდება.

 

(ნათდება ოთახი ოდნავი ყვითელი ფერით შობის ხე. კუკლები. სანთელი. ვარსკვლავი. კუთხეში ბამბის პოეტი და ქალბატონი).

 

პირველი კუკლა აიღებს მთვარეს.

მეორე კუკლა.  გასანთლულ ძაფზე ჩამოკიდე მთვარე საწყალი.

ო, ჩემო დაო, შობის კუკლა, მგონი, ბრძანდებით.

თოვლის ვარსკვლავის გაგვინათებს ჩვენ თეთრი კვალი.

პირველი კუკლა. თქვენ, ქალბატონო, დაიკავეთ ღაზლის ვარსკვლავი.

შევფრინდეთ ერთად შობის ხეზე ქაღალდის ფრთებით.

ახლა მოხვიე სტუმარ მთვარეს ნაქსოვი მკლავი

პოეტი (თავისთვის). ნაძვზე მწევრებიც დაეკიდენ თითქოს აფთრებით.

მეორე კუკლა. შორეულ დედის გველოდება პატარა რძალი.

თითქოს მნათობი არის ისევ თეთრი დობილო.

ო, მწვანე ჯვარის აგონია ფიფქში დავკრძალე.

დროა, შეფრინდეთ მოვეფეროთ ჩვენ სანთლის დობილს.

 

(კუკლები შეფრინდებიან ხეზე მთვარით და ვარსკვლავით)

 

ქალბატონი. გახუნდა მთვარე და ვარსკვლავი ქსელებს გაარღვევს.

იქნება მალე ხის კუკლების ღამის ქორწილი.

ო, ვინ გადასჭრის ქვის თვალებით ჩემ კაპას ძარღვებს,

როცა სეზონი არის სველი და დალორწილი.

 

ამოვა ქარი: ჩამოაგდებს ხიდან მნათობებს.

ო, ვინ აწვდება დავიწყებულ ცას, ქალწულ სარკეს.

თითქოს ქერძაფის ქალბატონი აწოვებს ობებს.

 

ისევ იზრდება მთვარის ტანზე მეჭეჭი სავსე.

მიდის ობობა ქალბატონის დაქსელილ მხარზე.

(ისმის კანკალი მკვდარ სიშორის დაჭმული ხავსით)

ობი მოწყენას გადაკიდებს დაკარგულ ქარზე

 

ისევ ქალაქის, წვიმიანი, მაწუხებს სკვერი

(შობის ხე მკრთალი და კუკლები მთვარემ გაინდო).

ჩემი გზა არის მოფენილი ვარსკვლავის მტვერით,

ბამბის პოეტი ქალბატონის დავრჩი რაინდი.

 

თითქოს კუკლაც ვარ და სერაფიმს ხალისით ველი

(ამოეფარება ობი მთვარეს. ბნელა. განწირული ხმა პოეტის).

გადაიჩეხა ბნელ სივრცეში მადონა ჩალის

და მის თვალებში დაიწყება ცრემლების რთველი.

ო, ქალბატონო, მეწამული, მწვანე, ქაჩალი.

იყო დუელი სივრცეების, მთვარის – ძვირფასის

და ბნელ ოთახში შუაღაშით გათავდა фარსი.