როს, შუაღამე გამაცილებს ლალ ფირუზებით,
დიდი სიონი სინანულით მომაგონდება.
შევალ მოწყენით შემომხვდება ძველი გოდება
და ქიმერები დატვირთულნი მაღალ კუზებით.
ვინ შეაჩერებს ამ ტაძარში იდუმალ მხედრებს!
ლოცვა პირველი გაფრენილი თუ ღვდელი შხამით.
არის წამება და ცოდვების კვლავ ქარიშხალი,
სანატრელ წერას ღვთის მშობელი აქ შემახვედრებს,
კივის კედლებში ცხელი თესლი იაფეტიდების,
თითქოს ცოცხლდება მოგონება შორეულ სისხლის.
იზრდება ტანჯვა, ხატის ცქერით თვალებს დავისხლი,
დაწყევლილ ტფილისს გაცილებას უხმოდ ვპირდები.
დგება გრიგალი და მირეკავს ცრემლების ურდოს,
სიონის გუმბათს ეფინება სიგიჟე მლაშე.
ჩირქია მხოლოდ, ბატონებო, წმინდა ზედაშე
და მოციქული უეცარი – ანთება, სურდო.
სანთლის წმინდანებს ატრიალებს თეთრი გრეხილი,
მოტირის წუთხეთ დაღლილ ტვინში მოდგმა დამშრალი.
ვინ გადათვლა გაუვალი ტფილისის ფშანი
და საქართველოს სიამაყე გადატეხილი.
ირღვევა ტანი და სამყაროს ყოველი წესი,
ტაძარში ისევ იმართება ქვების ორგია,
გადიჩეხება ამ უფსკრულში წმინდა გიორგი
და სიმკრთალეში მეკარგება სახე ქრისტესი.