ჩემო კარგო შალვა!
სალამ-მალამი სიმონეთიდან. რომ ჩამოვედი, იმ დღიდან სულ წვიმს. სული შემიხუთა ავდარმა. დღეს მესამე დღეა აქ ვარ და მზე მხოლოდ ერთი საათით დავინახე. ევგენი მოგიტანდა ჩემ წერილს. გაწუხებ, მაგრამ რა ვქნა. მეტი იმედი ვიღასი მექნეს? შენი ჭირიმე, მიდი სახელგამში და გამოართვი ფული როგორც თარგმანის (შენ სახელზე რომ არის – უკრაინულიდან, ავტორია პერვომაისკი `пятна на солнце~, 10 ფორმა), ისე ორიგინალის. ორიგინალის ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული, რამდენი ფორმა უნდა იქნეს. სთხოვე კოლია მიწიშვილს, 8 ფორმაზე ნაკლები არ ჩასწეროს, ხოლო თუ 10-მდე ასწევს, ეს ხომ კარგი იქნება. ჩაბარების ვადა, რომელიც უნდა, ის იყოს – მე უკვე მზად მაქვს, მხოლოდ გადაწერა უნდა. ფული არა მაქვს და ძალიან მაწუხებს ეს მდგომარეობა. სტეფანე კაიტანჯიანს სთხოვე (ან და გლავბუხს, ილიკო ცინცაძეს) რიგის გარეშე მომცეს ფული. შეაბრალე ჩემი თავი, დამმართე სკარატეჩნი ჭლექი, შავი ჭირი, ხოლერა და ათასი სხვა მამაძაღლობა, ოღონდ მომიხერხე ფული. მერე კი ასეთი მისამართით მდღლიზე: ჩხარი, სოფელი ზედა-სიმონეთი, მირიან გვენეტაძეს მარიამ კლდიაშვილისათვის, სერგოს. ვიცი, ბევრი საქმე გაქვს, მაგრამ ძალიან გთხოვ, მონახე დრო, გენაცვალე ჭანჭლებში. სონია ავად დამხვდა. ყური სტკივა სასტიკად. დედამისი ნახე? ვაი თუ დაგეზარა მასთან ჩასვლა. არ დამღუპო, არ გამოასახლებიო ჩემი თავი აღმასკომს! აკაკი ვასაძეს რაღაც დაუწერე და აქ გამომყოლია. იმ საღამოს უნდა გადმომეცა შენთვის, მაგრამ ღვინისგან გაბითურებლი ვიყავი. გამოუგზავნი ზაკაზნოით. ყანწების კულაკობა მლანძღავს? თუ იშოვონ ტფილისში ცივი წყალი, გაგრილდენ და გული დაიმშვიდონ. უკაცრავად პასუხია, ფეხებზე მკიდია მათი ყოველი სიტყვა. დიდი დურაკი ვიყავი, აქამდე რომ ანგარიშს ვუწევდი მათ. მე კი, ყოველ შემთხვევაში, ღმერთმა და ყველა მისმა ნიჟნი ჩინებმა ამაშოროს ვინმე `ლიტერატურულ მეგობრად“ გავიხადო. მეგობრობა ცხოვრებაში უნდა. თუ აქ არ არის, სხვაგან რაღა საქმეში იქნება. რომელი იდეური და პატიოსნებით სავსე ხალხი ისინია, რომ მათ რამეში ენდო?
ნინა ალექსანდროვნა როგორ მყავს? კიდევ ბულბულობს კლუბებში? ოპერაში საქმე როგორ წავიდა? მომიკითხე ნინა და ოლღაია. სონიასგან სალამი. მომწერე. ველი შენგან წერილს და მასთან ერთად ჩერვონცების დასტას. ბორისა ჩამოვიდა? დაპირება შეასრულა? წინდაწინვე მადლობას ვუთვლი. თუ ჩამოიტანა, მიეცი, სახელგამიდან აღებული ფულიდან რაც ერგება და მოგწერ, როგორ გამომიგზავნო. მგონი, გამოვიქცე სოფლიდან. ნამეტანი სიმშვიდე და უხმაურობაა, აღარ შემიძლია. მოკითხვა ვანო ნაცვლიშვილს. შენი იმედით ვარ, ჩემო შალუშ.
ზედა-სიმონეთური სალამით სეროჟ კლდიევი
შალვა! შენი ჭირიმე, ფული მომაშველე. ხუთი თუმანიც რომ მოგცენ, გამომიგზავნე. არ დაიზარო, ჩემო შალვა.
სერგო