შალვა აფხაიძეს – Blue Horns

ავტორი : ნინო აფხაიძე

თარიღი : 1930-იანი წლები

ადგილი : მოსკოვი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26099-6-1.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შალვა აფხაიძეს

ჩემო ძვირფასო შალიკო! ისედაც საშინელ მოწყენას ვგრძნობ ხოლმე უშენოთ, და შენმა წერილმა, ისეთ ხასიათზე დამაყენა, რომ შეიძლებოდეს, ე . ი. ამის საშუალება იყოს, გადმოვფრინდებოდი (ამბობენ 6 1/2 ზე იქნება ეხლა გადმოფრენა მოსკოვიდან თბილისამდე). მე დარწმუნებული ვარ, რომ მე უფრო მენატრები. გიყიდე სამი საპერანგე, მშვენიერი ზოლიანი ჩითებია თუ რაღაც, და 6 წყ. ნასკები. ამით მაინც გამოვხატე ჩემი შენდამი ხსოვნა და ყურადღება, რომ შემეძლოს, თავით ფეხამდე შეგმოსავდი. აქ იმდენი კარგი რამეებია მაგრამ… რომელიც ყველგან და ყველაფერში უშლის ეს ოხერი „მაგრამ“, რომელიც ამ შემთხვევაში უფულობაში გამოიხატება. ჩემო ძვირფასო, შენ ჩვენზე ნუ სწუხარ, მე საკმაოდ ბევრს ვყიდულობ ყველაფერს და შენ არ იზრუნო ზედ-მეტზე, როგორც შეიძლო, ისე გამოგზავნე. ძალიან მინდოდა, მელიტასთვის ან მზად პალტო ან რამე მეყიდა აქვე. ჯერ არაფერი არც ვიცი, რა ღირს და სად არის. ტუფლები სწორედ ის ფასი ღირს, როგორც მანდ. არც არაფერი შვილია, რაც ვნახე შორიდან. შენი საბლუზე არ გეგონოს, რომ მე დამავიწყდა, თეთრი „კოსოვოროტკები“ არ არის, არის მხოლოდ მუქი ფერი льняное суровое полотно. მე ასე მახსოვს, შენ თქვი, ეს ძალიან `грубое~ არისო, და ამიტომ არ ვიყიდი. თუ მომწერ, ვიყიდი.

შალიკონა! ჩემო საყვარელო, წარმოიდგინე, რომ მოსკოვში ჩამოვედი ნორას შესახვედრათ და მატარებელმა 6 წუთით გამასწრო. წამოვედი და ვნახე ბორისი, როგორ გამიხარდა ვერ აგიწერ. ტრამვაიდან დავინახე, თურმე ჩემთან მოდიოდა. ის და კურსმანი. მალე აპირებს წამოსვლას. ვფიქრობ, წამოვყვე მას, შეიძლება ჭკუასთან ახლო იყოს. აბა, შენ იცი, იფიქრე და თუ გამიპირდები, წამოვალ. ჩემი თავი და თავი იყო თეატრების ნახვა. არ გამოდის მაინც. მელიტას რომ ჳ-ში არ ეწყობოდეს, მაშინ მოვასწრებდი, და გაცდენა კი არ მინდა არც ერთი დღე მისთვის. მელიტა ისე გამოიყურება, თითქოს აგარაკზე არც კი ყოფილა, ეს ოხერი აგარაკი რაღაც ნაირათ ვერ მოქმედებს კარგათ მასზე. წავსულიყავით წყნეთში, შენც ჩამოხვიდოდი, და ინგას მადლსაც მოვიკიდებდი ისე, რომ სამოთხეში ღმერთთან დაგვსვამდენ ალბათ. ეს უკანასკნელი ზაფხული იყოს მელიტასთვის მოსკოვის აგარაკი, არ უხდება არაფრათ. ამინდები საუცხოვო არის ეხლა. ბორისი ჩამოვა აქ ჩვენთან აგარაკზე, ვიფიქრე ეგებ წავყვე მას ოდესაში, და მერმეთ გემით ბათუმამდე თქო. მელიტას საშინლათ უნდა, ირევა ზღვისთვის, მე კი მართალი გითხრა, მეზარება თრევა. ოდესაში ჩასვლა, იქიდან გემის ლოდინი, თუ, მგონი, აქედანაც შეიძლება გაგება, როდის მიდის გემი?! ერთი სიტყვით, მიპასუხე, ვნახოთ, რას ვიზამ. ოლას ვთხოვე, გამოეგზავნა ჩემთვის კლავირი ტრავიატა. მგონი, დაიკარგა. 17 ივლისს გამოგზავნილი ჯერაც არ მიმიღია, გაუჭირდა, მოეწერა, სად გამოგზავნა? ძალიან მეწყინება, თუ დაიკარგა ვერაფერ ფულათ ვერ იშოვნის ეხლა ადამიანი, და რათ დაიკარგოს?

ჩემო ძვირფასო შალიკოშკი! შენი ლექსები მეც ძალიან მომეწონა. ვწუხვარ, რომ შენი ლირიკული ლექსები არ გაუშვიათ. მე ძალიან მიყვარს შენი ლირიკა!.. მელიტტას მოეწონა `ნასაკირალი~ ყველაზე უფრო. აქ საშინლად ნერვიულობს რაფა, გაცოფებული მოდის ხოლმე. ეს საერთო გლახა სენი ყოფილა ყველგან. ამას დაერთვება მისი და ალიოს ჩხუბი. პირდაპირ მომკლა მაგათი ყურებამ. ძალიან მძიმე ხასიათის კაცია უსათუოდ. სტოლზე არის თაფლი, მურაბა, შაქარი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის აქაური ლუკმა გემრიელი და ტკბილი. მე ძალიან მეცოდება ალია. ტანჯული და წმებულია მაგის ხელში, რომ კითხო, უყვარს ძალიან რაფას. მე კი თავს ვგრძნობ ბედნიერათ. თურმე რა ბედნიერი, რა ბედნიერი ადამიანი ვყოფილვარ, რომ უყურებ ამათ. მე ცოტაც, ოდნავი ნიავის შენძრევაც კი არ მინდა მოვითმინო თურმე. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი არსება მანდ არის, ჩემ საყვარელ ტკბილ ოჯახში. იყავი კარგათ, წყნარათ და მშვიდათ. შენი სინიდისი და პატიოსნება ყოველთვის შენი გზის გამნათებელი იყო, და მუდამ იქნება. ვინც თავისს სინდისს მტვერში აგდებს, იმის ბოლოც ცუდი იქნება, რა თქმა უნდა, ამის მაგალითი აქაც და მანდაც ბევრი ყოფილა. იყავი კარგათ, ჩემო დაუვიწყარო შალიკოშკი. გაკოცებ ბევრს მუდამ შენი ნინა.

შალიკო! მიიღე თუ არა ჩემი ღია ბარათი რუსულათ დაწერილი. სეიფულინის და მ. შაგინიანის თარგმანების არსებობის შესახებ? მომწერე ხოლმე ღია ბარათი, რომ კარგათ ხარ.