ა.
არის ორი მწვერვალი ქართულ პოეზიაში: შოთა რუსთაველი ქცეული ლეგენდის ობიექტად და მოცემული გენიალურ და მუმბერაზ ხაზებში ფშაველი ვაჟა.
ორი პოეტური სახე, პოლიუსი ორი ქართული სინამდვილის პოეტურის. უკანასკნელი უმთავრესად ვფიქრობ, იხედება, როგორც არტისტული მოგრეხა ქართული ყოფის. აქ უკანასკნელ სივიწროვემდეა დაყვანილი სიტყვა იაფეტური, რომელსაც ჩამობერტყილი აქვს მტვერი გავლილ უდაბნოების და ნიაღვარი ცხელი სილის. სიღაბი მისი არისტოკრატიულ იერით იყურება და ძარღვებში დადის სისხლი გაწმენდილი. რუსთაველი პოლიუსია საუკუნოების პრესში გაყვანილ მაგარ კულტურის, რომელსაც შემდეგში მოელის გადავარდნა მონგოლთა ურდოების კოლონებში.
ამიტომ მის ლითონ სიტყვაში უკვე ისმის 7 ცარიელ საუკუნის განწირული ხმა გამზადებული დაცემისათვის. სიტყვა მისი გახეხილია ბოლო კუთხემდე და ამღერებული ბიზანტიური მოზაიკით. სუნთქვა მისუსტებული თითქოს, სიცოცხლე დალეული და მოვლებული მთვარის სითეთრით.
ვაჟას შეგნება სიტყვის მოდის ბარბაროსული საწყისით, აქ სიტყვა პირველად დღესასწაულობს გაჩენას და კიდევ გაშლილია მიწის – დედის გულზე. მის ტანზე ჩამოდის ღელეებათ რძე. იგი მასიურია და მძიმე, სავსე უვერტიურების მოლოდინით, მოჭარბებული ენერგიით. მასში ისმის დიდი აკკორდებით საშინელი გრიგალი, მოვარდნილი მიწის გულიდან. ხვრელებით. იმართება სიცოცხლის გადამეტებული სურვილით.
ვაჟას სიტყვაში იღვიძებს ბრძოლის პათოსი და რკალის სიმკაცრე. იგი ძლიერია ქალაქის კულტურის მძულვარებით დი გალესილი დანის პირამდე. ყნოსავს მთების სურნელებით და ვულკანის ნიაღვარით. შემორტყმულია არაყის და სქელი ლუდის ატმოსფერით, მთელი ჯოგის ხორცის სიმსუქნით.
თითქოს სახნისია გავლებული სოველ და პოხიერ მიწაზე და როგორც მოუდრეკელი ბელტები დაყრილია ბალნიანი სიტყვები: წვივმაგარნი და აზიდულნი:
„არ რადმე მექაშნიკება
სიტყვა კოჭლი და ლუგუმი“.
ასეთია პოლიარული შეგნება სიტყვის და შემდეგ შემოქმედების ორი საუკუნის, კულტურის კულტურის წვერზე დასულის და სიცოცხლისათვის მოწოდებულ გენიის.
იქ სიტყვაში დატრიალებულია ნაპირზე მომდგარ სიკვდილის ინტუიცია, აქ – სიცოცხლის წინაგრძნობა.
იქ სიმფონიური რკალით მოდის ძველი რასის მაისის მზემდე ასული კულტურის ციკლი, აქ – დისგარმონიულ ხვეულებში დუღს მომდგარი სიხალისე ცხოვრების გმირული ხილვისა.
ამიტომ ჩემთვის უფრო ახლოა, როგორც ობიექტი ფსიქოლოგიურ და პოეტური განცდის პოლიუსი პირველი, რომელშიაც გაიშალა საუკუნე კატასტროფის მოლოდინით; უფრო საყვარელია შორეული ვაჟა მოულოდნელ პერსპექტივით, ხელუხლებელ მადანებით, მაყვალ ფშანით და ბარბაროსულ ეფექტით.
ბ·
ვესელავსკი ერთ გამოკვლევაში „ეპიტეტის ისტორიიდან“ სწერდა: „არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ისტორია ეპიტეტის არის პოეტურ სტილის შემოკლებული ისტორია“.
მეტი გამბედაობით და დაჯერებით ითქმის ესევე ტროპის შესახებ, რომელშიაც მოცემულია მეტაფორა – ეპიტეტი, სინეკდოხი, შედარება და სხვა.
ეპიტეტი (ეპიტეტი მეტაფორა) პოეტური შემოქმედების ძლიერების სახეა. იგი არ არის გაყინული მოცემულობა, არამედ ბიოლოგიური მოვლენა. პოეტის ამღვრეული ხედვა, რომელშიაც მოდიან მოჩვენებანი სერაფიმებად, გადადის ტროპაში და სახეებში. უკინასკნელნი, როგორც ირრეალურის რეალური განცდანი, ხელშესახებ ნივთების სილუეტებით არიან გაცოცხლებულნი. სიტყვაში მოცემულია სახე (პირველი თესლი და იდეია). სიტყვა პრიმიტივში ძლიერია უფრო სახეობა, ვიდრე იდეურობა.
ამით აიხსნება ვაჟა-ფშაველას პოეზიის სიმდიდრე სახეებით. მისი პოეტური მახვილობა პირდაპირ პროპორციულია ხალხის გენიისა. პოეტის სიმაღლე და სისრულე განიზომება მისი სახეობითი „მსჯელობით“, წარმოდგენათა შორის სწორი პარალელების გაყვანით და დასკვნების სისტემატიზაციით.
უნდა ითქვას გადაჭრით: ამ მხრივ ვაჟა განმარტოებულია სპირალზე, რომელიც მოდის მეცხრამეტე საუკუნის გზატკეცილებით.
შეიძლება სტატისტიკით დამტკიცება დებულების, რომ ვაჟამ უკანასკნელი გაშლა მისცა ეპიტეტის სვლას ქართულ პოეზიაში. მისი სიტყვა ჯერ კიდევ სახეა უფრორე და გაზომილია ემოციალური მხარით.
სახეები მისი „ქოთით მოდიან ღვარეებათ“, და ეს არის ვაჟას დიდი მიღწევის მამხილებელიც. აქ აღარ არის ის ტრივიალობა და ეპილეპსია სიტყის სახის, რომლითაც მოწამლული იყო ბარის პოეზია.
ვაჟას პოეტური სახე გამჭვირვალეა პრიმიტივით და მის გადაღმა მოსჩანს იდუმალება თავგანწირვის. ორი მიმართულებით მოდის პოეტური შემოქმედების რეალიზაციის ობიექტი: თვისებითის და ოდენობითის.
ვაჟამ არა თუ გაამრავლა ეპიტეტი მეტაფორა (მნიშვნელოვანი უფრო) და შედარება, ამავე დროს აამაღლა მისი თვისება შემჭიდროებით (ხშირად შედარება რამდენიმე სიტყვამდე აქვს დაყვანილი).
დებულების დამტკიცებისათვის საჭიროა ვაჟას ლექსების და პოემების მუყაითი ანალიზი და მისი ერთი კოეფიციენტის ქვეშ მოყვანა. პატარა საგაზეთო წერილი ამისთვის მეტად ვიწროა და დაუტევნელი.
სხვა და სხვა შედარებათა ობიექტი. პოეტური სახის წონა და ღირებულობა ბევრად დამოკიდებულია შედარების მეტოდისაგან. მეტი სიცოცხლე გარკვეულობა და მხატვრული სილამაზეა მატერიით და ფორმით მოცემულის ასეთივე თვისების საგანთან შედარებაში. ასეთ შემთხვევაში უფრო ბალოვანია წარმოდგენითი ენერგია და მისი ზღუდეები შემოფარგლული.
ამ შემთხვევაში ვაჟას ფანტაზია და წარმოდგენითი პლასტიურობა სრულყოფილია:
საკმაოა მოყვანილი დებულების დამტკიცებისათვის შემდეგი სახეების დასახელება:
„ველზე ბრწყინავენ ყვავილნი –
თამარ დედოფლის თვალები“,
აქ ხელ სახებ, მატერიით და ფორმით შემოფარგლულ საგანთა შორის წაშლილია შედარებითი ნიშანი და იგივეობამდე არიან დასულნი: ნიშანი „როგორც“ განდევნილია როგორც უდროვოთ შემოსწრებული სტუმარი.
„მთისკალთებს შვენის ცხვარ-ძროხა,
როგორც ლამაზ ქალს ხალები“.
„მთებში მოსჩანან ქალები
როგორც ყვავილნი მთისანი“.
„მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა“.
(მაგალითები შეურჩევლად მოყვანილნი არიან).
ვაჟას პოეზიას ჯანსაღ და ამღვრეულ სახეების დიდი ტვირთი მოაქვს. მისთვის სახე (образ) პოეტური შემოქმედების მთავარი ხერხია.
ვაჟამ ხალხურ გადმოცემაში ნახა დასაბამი მაღალი შემოქმედების და მდიდარი ინტუიციის.
ვაჟას ჰქონდა რეტროსპეკტიული თვალი და მარჯვედ იხედებოდა ფშავეთში ფენებად დაწყობილ თქმულებათა შორის. როგორც ჯადოსანს გამოყავდა ძველი მოჩვენებანი და უმორჩილებდა მათ თავის ძლიერ ხასიათს.
ზვავებათ მოდიან რკინაში ჩამჯდარნი ახოვანნი: ზეზვა, ლუხუმი, გოგოთურ, აფშინა,
„ხუზაურ გოგოლაური
შავარდენივით ჩქარია,
იანვარ ელისბარის ძე
გორის მდრეკელი არია,
სუმელჯი სუმელჯიშვილი
ამომავალი მთვარია“.
ეს არის ახალი ფანტასმაგორია, სადაც მოცემულია ჰომეროსის კოსმოგონია და ხალხის პირვანდელი პანტეიზმი.
შეუძლებელია გაგება ვაჟასი გარეშე ხალხის ლეგენდარული ყოფისა. მისი ეპოსი ამოსულია კოლექტიურ შემოქმედების წიაღიდან და როგორც ზვინი დგას წელ მაგარი და ზვიადი. პერსპექტივაა საჭირო, რომ გახდეს შესაძლებელი მიჯნის გაყოლა პიროვნულ და კოლექტიურ შემოქმედებათა შორის.
გველეშაპების და დევების ფონზე, ამოჭრილია ახალი სახეები ჩვენთვის მისაწვდომ განცდებით და ჟესტებით.
ეპიურ მსოფლმხედველობით არის შეკრული ეს მოგლეჯილი მთა. არის სხვაობა დიდი -ინდივიდუალური შემოქმედების ნიშანი.
ხალხურ პოეზიაში ეპიტეტი სახე მუდმივია და კონსერვატიული. ვაჟამ მისცა მას დინამიურობა და ცვალებადობა: გამოიყვანა აგრესიული ბუნებით.
როგორც ხალხურ ლირიულ ეპოსიდან მომდინარე იგი გამართულია და თავდადებული.
სხვა მოტივებიც აქვს ვაჟას პოეზიას: ეს არის ეროვნულ სიდიადის ხილვის წყურვილი.
ეროვნული დაშლა და დეფორმაცია პოეტში იწვევდა რეაქციას და ნების კონცენტრაციას სხვა მიმართულებით. და ხედვა გადაიტანა წარსულში, სადაც დაცულია სრულყოფის პათოსი და იმპულსი. ვაჟას ჰქონდა მომავლის ნათელი წინაგრძნობა და ამიტომ წარმოიდგინა ასე ცოცხალ ფერებში წარსული. დაასახლა იგი გმირებით: ლეგენდარულ გველეშაპებით და ადამიანებით, რომლებშიაც უფრო მოცემულია ღვთაებრივი ხაზები. ეს ფანტასტიური მოჩვენებანი დადიან შუადღის გალიუცინაციებივით „ღრიალით და დგანდარით“ ეპიურ სიდარბაისლით დასეტყვილ პოემებში.
ვაჟა მისწვდა მითიურ საწყისს. მას ჰქონდა ამისთვის გენიალური ინტელექტი და ნდობა წარსული საუკუნოების.
„ჰქონდა ქმედითი რწმენა იმისა, რაც სწამდათ მის გოლიათ წინაპრებს“.
მისი გზა იყო სასწაულის, მაშასადამე, ხელოვნების და ამიტომაც შემოქმედებაში ბევრია გამოუცნობი დეტალები.
არის მეტაფიზიური იეროგლიფებიც, რომელთაც სჭირიათ გახსნა და ეს იქნება მომავალში, როცა პოეზია ისევ დაუბრუნდება თავის თავს – რელიგურ საწყისს.
ხშირად ვაჟას განცდა დადის მისტიკის ძირამდე და მითიური სახეები იზომებიან სიმბოლოს მერიდიანებით.
„ფერი ჯანსაღი და რომანტიული ყოველი ავათმყოფური“-ო·
თუ მივიღებთ ამ ფორმულას ვაჟა იქნება პირველი კლასიკი, თუმცა ამავე დროს მასში მოცემულია მთელი რომანტიკა წარსულის, მთლიანი შეცნობით. მოულოდნელი ფენომენია ქართულ პოეზიაში „გველის მჭამელი“. დიდი მაშტაბის და ტემპერამენტის, აღსანიშნავია ეს პოემა როგორც გადახვევა პოეტის მსოფლიო მზერის სისტემაში: მარადი ტრაგედია, რომელიც იხსნება, როგორც დაუღწეველი ანტონომია ცხოვრებასა და შემოქმედების შორის. პირველი გადასული პოეტის ინტუიციაში როგორც მთელი, ყოვლადი და მეორე როგორც გამოჩინება ერთეულის, პიროვნული ქმედითი ძალის. უფრო შორეულოგია: კოლიზია ინდივიდუალურსა და კოსმიურს შორის.
პირველი ცხოველია მეორის რკალში, თუ არის ეროსი, უზენაესი ჩაწვდომა სულში. ეროსი უზენაესი ჩაწვდომა სულში. ეროსი გზა ჭეშმარიტების შეცნობისაკენ მიმავალი – გზაა მხატვრული შემოქმედების მასთანავე. სხვა გზები პოეტისთვის მოჭრილია იმ თავითვე. მინდია პირველი ფენომენის ხატულობაა და მასში მოცემულია ჭეშმარიტება როგორც განცდილი სინამდვილე.
იგი სიმვოლიკის კოლორიტითაა მაგარი, ვინაიდან აქ სჩანს პოეტის გადასვლა მისტიურ სამყაროში და უკანასკნელი მისთვის უფრო რეალური განცდის ობიექტია.
„ჩვენა გვწამს, შენაც ხომ იცი
რომ ლაპარაკობ ღმერთანა“.
ეს არის უმაღლესი ჭეშმარიტება, ერთი რეალობა მხოლოდ დაღვრილი ყოველ მოვლენაში. აქ წაშლილია დისტანცია მიღმა არსებულსა ადამიანს შორის. პირველი მეორეშია ჩასული. ასე იხსენება მისტიური ხვეულები ვაჟას პოეზიაში და ყოველ მოვლენაზე აღბეჭდილია ღვთიური სიხალისე,
ეროსი ნატეხია სიბრძნის, ვინაიდან იგი აძლევს ერთ ფორმას და სულს ქაოს, დატეხილ სტიქიას. „ეროსი – შეცნობაა სამყაროს იდუმალების“, მინდიამ „შეჭამა გველა“ და გახსნა საიდუმლოება.
„მას მუსაიფი დაუწყო
ცამ, დედამიწამ, ტყემაო,
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც ვაშას უძიხის
მდიდრად მორთულის ალმითა,
ყვავილნი ყელ გადაგდებით
დახატულები კალმითა.
ნუ დამიბნულებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ
მიტომ მიყურებ ხესაო?“
და მინდიას სავსეს და მდიდარს ეროსის სხივებით „დაუნდუნდება მკლავები“. მაგრამ არის გადაულახავი ფატუმი, წერა, ნასკვი ტრაგედიის ძაფების და მორჩილი მისი ადამიანის (გარე ადამიანის და არა ადამიანი ადამიანში „პლატონის გამოთქმა“) ნება, სუბიექტური მისვლა საგანთან: აქ ჩდება მოჩვენება ცხოვრების კოლიზიისა. მინდია, რომელმაც მიაღწია იდეია-ჭეშმარიტებას, იღუნება გარდუვალ წერის წინაშე, ქრება ეროსი სიბრძნე. ჩდება უხილავი დისტანცია და იკარგება ნისლიან მთებში ღმერთი ჭეშმარიტება.
ასე მოდის მეორე სახე ერთი სინამდვილის დაყვანილი მსხვერპლამდე.
„დავცარიელდი ცოდნითა.
ყვავილნი არას მეტყვიან,
აღარც ცნობა აქვთ იმათი;
განა მეტი და იქნება
კაცმა თავს უგდო ხიფათი?
აღარა მესმის ფრინველთა
აღარა მესმის ყანისა.“
ამაო პათოსი და მატერიის შთაგონებითი ათვისების ტრადიცია.
ვაჟას პეიზაჟი მოცემულია, როგორც პოეტის სულის ლანშაფტი თავისი მკაცრი ხაზებით და ქუში კოლორიტით. არის ორი მიდგომა პეიზაჟთან და ორი განწყობილება სულის გადასული სიტყვის მუსიკაში.
პეიზაჟი გაშლილი, მოხაზული რბილი ხაზებით და დახურული ღვთაებრივ ლაჟვარდით. საგნები იკარგებიან ჩრდილებში და მოსჩანან მკრთალი ანარეკლები მხოლოდ. შეიძლება ხილვა. მათი მხოლოდ ნიუანსებში მასსა ძლეულია სივრცით და ამიტომ პოეზია ფორმალურია უმეტესად. ასეთია იმერეთიდან მოსული პოეზია.
ლარძი ყინებივით დალაგებული უწვდენი მთები და ძირს გადაჩეხილი ნაპრალები სულში იწვენენ განწყობილებას მასიურს და სასტიკ რკალში მომწყვდეულს. ასეთი პეიზაჟი შესულია პოეტის შთაგონებაში როგორც მისი სულის იმანენტური მოცემულობა.
„მოგესალმებით ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსაც სამარეს ამკობენ,
თქვენი დეკა და ღვიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთი
ვსუქდები ცოდვილიანი“
და მოდის შემდეგ მთის პეიზაჟი, სადაც აღარ არის მოგზაურობა შორეულ გამოუცნობისაკენ და უსაზღვროებისაკენ, იგი დამდგარია როგორც მთა გამსკდარი, უფორმო მასსა, ვინაიდან ფორმა მატერიის ძლევაა მხოლოდ. აქ ყველაფერი კონკრეტული და გაზომილია. ვაჟას პოზია მოდის როგორც სტიქიონი, რომელსაც ვერ უძლებს ფორმის სათუთი კანი და ამიტომ არის, რომ იგი ფორმის მხრით პრიმიტიულია და მონოტონური. იგი შორს დგას ესთეტიური ფორმალობიდან და ხშირად უახლოვდება ძირს რელიგიურ მოტივს. ვაჟას პეიზაჟი ცალკე თემაა სრულიად. მის შესახებ შეიძლება ტომებით ლაპარაკი, მხოლოდ აღსანიშნავია მეორე პოლიუსი: პეიზაჟი მალიარიის, რომელიც შექმნა ტიციან ტაბიძემ. ამის შესახებაც თავის დროზე ცალკე მონოგრაფია დაიწერება უთუოდ.
იშლება კიდევ ახალი რკალი ვაჟას პოეზიიდან: კულტი ლაშა გიორგის და თამარის.
ეს არის ახალი თემა და მის შესახებ ცალკე ვიტყვი მხოლოდ, რომ ვაჟა პროტოპლაზმივით იყო შესული ხალხის გულში და მისი ინტიმურ განცდების მატარებელია; ამიტომ ჰქონდა მას მითიური შეგნება ისტორიულ პერსონაჟების და რელიგიური კრთოლვა მეორე მხრივ.
მთელი ვაჟას პოეზია ჩემ ყურში ისმის როგორც ძალოვანი მოწოდება: უკან დაკარგულ ბუნებისა და დედამიწისაკენ, სადაც სულია და ლტოლვა შორეულისაკენ.
შალვა აფხაიძე,
გაზეთი „ბახტრიონი“, 1922, №7