ერთი სურათის გამო – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 24.07.1934

ადგილი : ბათუმი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26944-3-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ერთი სურათის გამო

უფრო აგრილებს სხივიან თვალებს

ციური ჩერო წამწამებისა.

ნეტავ ვიცოდე, თუ რას მავალებს,

ეს აღტაცება დღეს რომ მეღირსა.

 

მოუტანიხარ კვიპროსის ტალღებს,

ჰყვავის, ბიბინებს თავზე ბუჩქნარი.

ვიცი, მოვნახავ გულის გასაღებს,

თუ არ დამიფრთხე ოცნება წყნარი.

 

ამ საყურეთა სათუთ წკრიალთან

შენი შრიალიც თან მყვება ძილში…

ვხედავ: უეცრად ყურთან ინათა,

რომ შევასვენო ცქერა მის ჩრდილში.

 

შენ აბდღიალდი წინანდლის ვარდათ,

გული ტრფიალით შემოისირმა.

და საკალმახედ წყალიც მოვარდა

მთვარის შუქთაგან ნაქსოვი სიმა.

 

ტრფობა შხამია – ძველებსაც უთქვამთ.

რას არ იფიქრებ ცოდვილი კაცი.

ვიცი, რომ შენმა სხივმა დამთუთქა

და ჩამაფრინდა რაღაც წარმტაცი.

 

რა სიმეა, რომ ვიღაც არის

და შენზე ფიქრობს, ოცნებობს კიდევ.

თითქოს ხალისი გიბერავს ქარის

და გული გულზე ფარჩით დაჰკიდე.

 

სტეპების ლხენა მესმის შენს ხმაში,

შენს თეთრ გულმკერდზე ჩამოდის დონი.

და ისე ვაბნევ სხივებს ამ ზღვაში,

თითქოს მე ვიყო ასარგადონი.