პოეტი. პოეტის სახეობას აქვს მნიშვნელობა საკვირველი. ინტიმურ საუბარში ორდენის წევრები ორი სიტყვის ასპექტში ახასიათებენ პოეტის ხაზებს – სიცოცხლის კატეგორია დამაჯერებელი აკსესუარია პოეტის საერთო ფიგურაციაში. ორდენს ახასიათებს არა ჯავშანში ჩამჯდარი ფორმულები არამედ თავისებური ათვისება პოეზიის, სოფლიოსთან მისვლა, თავისებური შეცნობა უკანასკნელის, მაგალითად…
ლიტერატორი. უკაცრავად მაგრამ უნდა შევაჩეროთ. რას გულისხმობთ თქვენ სიცოცხლის კატეგორიაში?
პოეტი. პოეტის მეტყველობა, უკანასკნელი ჟესტი პლასტიური თუ სიტყვიერი, გამამხილებელია მისი შემოქმედების ხარისხის და სიმძიმის. უკანასკნელი მოდის ირრაციონალიდან: პოეტურ ხილვასა და პოეტის ფიგურაციის შორის არის კავშირი უხილავი და უცნობელი. ამით აიხსნება ორდენის წრე, სადაც ხშირია პორტრეტის მოცემა არა მხოლოდ ესთეტიურის, ფიზიოლოგიურისაც, თუ გნებავთ დააკვირდით: ავტოპორტრეტის შემოღების სიახლე უეჭვოდ ჩვენი ორდენის კუთვნილებაა: სახელდობრ, ტიციან ტაბიძის. ავტოპორტრეტში არის ორსახიანი პრობლემა დასმული.
ლიტერატორი. იყავით კონკრეტული – ეს ჩემი თხოვნაა თავხედური შეიძლება.
პოეტი. პატივცემულო კოლეგა, მე ვასრულებ თქვენ თხოვნას. მაგალითი საუკეთესო პასუხი იქნება. ტიციან ტაბიძე. ჩემთვის, როგორც პოეტისთვის ძვირფასია მისი ხატი–სახე. არის უკანასკნელის მისტიკა უთუოდ. იგი მხილდება დღიურ ყოფის მანერაში. ტ. ტაბიძეს რომ არ გაეტარებია სოფლიო მხატვრულ მზერაში, იგი პოეტი იქნებოდა მაინც დასრულებული. ცხოვრების არტისტული ათვისება მისთვის პოეზიაა მახვილი და მოქნილი განათება მოვლენის თვისებაა ჭეშმარიტი ხელოვანის. მიაქციეთ ყურადღება ტაბიძის საუბარს: უეჭველად იყნოსავთ, რომ ხდება, იდუმალი ქიმიური რეაქცია, პაპიროსის ბოლი რგოლებათ ესევა დარბაზს: და მდინარეობს ხმებათ დაღვრილი ქიმერები. ბოლოს რკალებს გიპერბოლები მოყვებიან კავალერებად: თითქოს სოფლიო ერთი უსახო და საზარი გიპერბოლაა. უკანასკნელი უკვე არის შეცნობის პლასტიურათ დაშლა და არტისტის გამოუცნობი მანერა. პოეტი არტისტია მარადი, რომლის სცენას არ აქვს საზღვარი.
სქელი ტუჩები, და გასულ საუკუნოებში გახედული თვალები ცისფერი, ხაზებით გავლა, რომელშიაც შეჭრილია დაწყევლილი სურნელება სივრცის რიტმიული მოხაზვის დაშლისა, უცილო ხაზია გარდასულ რასის, რომელმაც თავგანწირვით იკივლა ტიციან ტაბიძის სახეში. თითქოს ეს სახე გადმოდის გადარუჯულ ქალდეას ფრესკებიდან და იშლება ატავისტური ძლიერებით შორეულ მოდგმის ბიოლოგია.
ლიტერატორი. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კიდევ უნდა შეგაწყვეტიოთ აზრი, რომ სურათი სრული გამოვიდეს, საჭიროა აზრის სახრჩობელამდე მიყვანა. თქვენ სთქვით, რომ ავტოპორტრეტში არის პრობლემა ორი სახის მოცემულიო, რაში ხედავთ ამ პრობლემას ტიციან ტაბიძის „ავტოპორტრეტში“.
პოეტი. ასეთი მეთოდი საკითხის გარკვევამდე მიგვიყვანს. მისი „ავტოპორტრეტი“-ს რიტმიული მოდულაცია თავისებურია. მახვილი ყური გაიგონებს რიტმის მოზღვავებას და მის უეცარ დაწურვას. მოზაიკურ ვარიაციებში მოცემულია ავტორის პორტრეტი ფიზიოლოგიური:
„უალდის პროფილი, ცისფერი თვალები“.
ეს ერთი სახე პრობლემის. შემდეგ ავტორის ხედვა საკუთარ თავის, ინტიმური მისვლა თავის თავთან. ასეთი მისვლით არის ათრთოლებული ლექსის მთვარეული სტრიქონები. უკანასკნელის, ქიმიური ანალიზი მთლიან სახეს შეკრავს.
„აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდადზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს „Divigation“-ს“.
ლიტერატორი. „ავტოპორტრეტში“ როგორც მახსოვს, ასეთი სტრიქონიც არი: „სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები“. მე არ მესმის ამ მუსიკის ხმები.
პოეტი. ეს არის თავისებური ათვისება პოეზიის და მთელი სოფლიოსი, რომლის შესახებ ზევით მოგახსენებდით. რასიულ წვეთის ქერძაფში გარევა – ეს ტ. ტაბიძის პოეზიის აქცენტია. სამუმის ცეცხლში მოსჩანს შორეული კონტურები ქალდეას და შემდეგ ქიმერიის: ლითონად დამდნარის:
„მეც თავს დამნათის ჩემ ქალდეას ცეცხლის კელთები:
ლექსი ელვარე კრსმიტით არის შეკრული“.
გაგახსენებთ მეორე ადგილს:
„მზის სადიდებლათ აზიდული დიდი ტაძარი,
ზვიად ქვის სვეტებს თითქოს ადნობს ჰანგი მხურვალე
და მღერის მაგი, ვინც რომ ჩემი დაიწყო გვარი.
ასე ადიდა წინაპარმა ასტარტა მწველი“.
სტრიქონები პლანეტარულ ცეცხლით არის დამწვარი, და იძლევა ქალდეას მისტერიის სარჩულს. „ქალდეას ქალაქები“, საიდანაც ისმის გრიგალი საქართველოს დაკარგულ თესლის კივილის, მარადი ძიება უდაბნოების კალთებში მომწყვდეული ნათესავ მოდგმის. ლექსში დანთებულია კოცონი, რომელზედაც იწვის პოეტის შორეული მოდგმა და ხრაკის სული იპარება დანგრეულ ნეშტოებში. უკიდურესი გამძაფრებული ბიოლოგიური გრძნობა დაკარგულ ნათესავის არის „ქალდეას ქალაქების“ ესენცია, უჩვეულო გიპერბოლით ამჭევრებული:
„გადახდილ წირვის დათვლა თვითონ ღმერთს დააბერებს“.
დამეთანხმეთ ასეთი ნერვით და საოცარი პოეტური დაჯერებით ძვირათ გადაუხდიათ ჩვენი ერის მიუწდომელ ნაპირებში.
რკალში გამოტირებულია უკანასკნელი ცრემლით ქალდეას მზით დამწვარი ყავრები და მოდის ნიაღვარი მონუმენტალური ფორმებში მოქცეულ უდაბნოს სურნელებისა. იბმება უხილვი ძაფი შორეულთან.
„ქალდეას“ რკალში მოქცეულია მეორე მხარე წარსულის. მე ვყნოსავ იქ ცხოველ კერპთაყვანისმცემლობის დასაწყის მოცემულს როგორც პოეტის შინაგან გამოცდილებას უკანასკნელი აძლევს ლექს თავის ფერს და მითი არის მოგრეხილი საერთო კოლორიტი.
რომელი საწყისი მოდის ჩვენ რასიულ სისხლში: ეს საკითხი დამიყენა „ქალდეას ქალაქებმა“. უკანასკნელში ვიგრძენი: ქართული რასა, მომავალი ქალდეიდან დახვეწილია იმ თავითვე, მისი ლექსი არისტოკრატიზმით არის მორკალული.
ლიტერატორი. თქვენ საინტერესო საკითხი დააყენეთ, გთხოვთ განაგრძოთ თქვენი ანალიზი.
პოეტი. „ქალდეას ქალაქიდან“ იწყება ახალი მუსიკის ხმების დაწვრილება.
„და მე ხანდახან მეჩვენება, ვითომ სამყარო ბაღია დიდი, დაწყევლილი და შხამიანი.“
ახალი გაგება სამყაროსი. უკანასკნელი დაფარულია ბოროტ ყვავილებით. მეტაფიზიკური ტალახი, მიწა – გაჟღენთილი ჭაობის სუნით, სასაცილო ფიგურებში – ქონდრის კაცები დადიან მასზე ჩვრებში გამოხვეულნი, ორბიტრი მისი შემოვლებულია ლორწით და მიაზმი რადიუსებად არის დაბნეული. ნივთი გახრწნილია: ხორცი მისი ლეშად დავარდნილი და სუნი შხამიან ყვავილებთან შეუღლებული, ცაზე მწვანე ვარსკვლავების ადგილზე ბაყაყებია წამომჯდარნი, თაღი ობობას ქსელით დაფენილი. არის ერთი კოსმიური წუმპე, რომელიც ამრავლებს ორგანიზმის დამშლელ ბაცილებს, მალიარიას. ეს არის შედეგი სამყაროსთან დადებითი ცოდნით მისვლისა: ორგანიზმი დავარდნილი. აქედან მოდის პოეტის ნაღველი, სულში ყინვის შეპარვა:
„ცივია გული, ისე ცივი, ვით ქვა სალესი“.
ლიტერატორი. ორპირის სეზონი ორგანიული ქვეყნის ასეთი მამებით ყოფილა წელგამაგრებული.
პოეტი. არ სცდებით. ორპირის სანაოები, დამშრალი ფშანები და ლიპი ორგანიზმის მაჯისჯცემა, შეადგენენ ხვეულ ფონს: ნაირი ტემპით ატრიალებს ქვეყანას მალიარიის არია. უკანასკნელი საბედისწერო გამოძახილათ მეორდება ლექსის ტანში:
„ძვირფასი მამა – გიჟი ღვდელი და მალიარია“.
ეს არის შორეული გარმონია.
ლიტერატორი. ეს ძველი თემაა.
პოეტი. თქვენი რეპლიკა შეუფერებელია. ტ. ტაბიძე თვით ამბობს: „ძველია თემა: გიჟი ღვდელი და მალიარია“. მხოლოდ იქ სხვაა ემოციები, ტ. ტაბიძეს სხვა ასოციაციები აწვალებს. მისთვის სამყარო ყირამალაა დატრიალებული და როგორც ჯამბაზი ყოველ წუთში ელის წელში გატეხას. ისმის მისი წვალება და აგონიით გაჭედილი გამოძახილი.
ლიტერატორი. მე არ მესმის სამყაროს უკუღმა დაყენება.
პოეტი. ფიგურალური გამოთქმა: ძილი ძილში ცხადებული. ან პოზა, რომელსაც იღებს ორგანიული ბუნება, ხილული და შეცნობილი გადავარდნილი მდინარეებში .
ეს არის უკუღმა დაყენება სამყაროსი იდუმალ კუზით.
აქედან არის ირონია. შეიძლება ოდნავათ ითქვას, პოეზია ირონიული ჭვრეტაა არსებულის და შეიძლბა, საბოლოოდ პოეზია მითი გამართლდეს.
არის ერთი პრობლემატიური წერტილი ტ. ტაბიძის პოეზიაში: ირონია – დამოუკიდებული პრინციპი.
ირონიის აზრი დაშლილ ნივთთან შერიგებაა. საგანი ირონიის აღვირით არის დაკავებული. შესაძლებელია, გაწყდეს აღვირი. ირონია სტიქიურ ძალას მიიღებს და დაამახინჯებს ნივთის ხატს. ჩდება საფრთხე გრიმასების ამოჭრის. გრიმასების პრინციპი ფუტურიზმის ძარღვია. ტ. ტაბიძის პოეზიაში ეს საფრთხე არის:
ტ. ტაბიძე მჭიდროდ გადაეზარდა ქართულ კულტურას. საქართველო მისთვის თეატრია თავის თავისათვის.
ტ. ტაბიძემ მოიყვანა საქართველოში ახალი სტუმრები. გთხოვთ, გაიცნოთ: ბატონი პიერო, და ქალბატონი კოლომბინა. პოეტის ორეული და… პიერო თანამედროვე მეოცნებე ტიპი ირონიით სახე შეღებილი, მოწყენილი საერთო ბუტაფორიაში ტირის. იუმორის მანჭვით ლესავს. კოლომბინა – ჭლექით ავათმყოფი.
„მხოლოდ შენ ტანჯვას კოლომბინა და შენ წამებას,
პიეროს მეტი არ იტირებს სხვა დანანებით,
ვერ ნახავთ რაინდს ჩემზე უფრო რომ უერთგულოს
შენ განწირულ სულს, კოლომბინა, შენ ტუბერკულოზს.“
ტუბერკულიოზის რაინდი. განწირული არსება კოლომბინაა, რომელსაც ჭლექის ბაცილებით ძირიმდე დაყავს სამყაროს დეფორმაცია და სპლინს ასხამს მას.
ტ. ტაბიძის პოეზია ლირიზმით არის დაწმენდილი სწორედ. ირონია ლირიული საწყისია უკვე, როგორც ექსპრესიული ხაზი. აქ იხატება სხვა გვარი ტირილის ჩრდილები, ნიუანსები.
„ძვირფასო მამა, ვით ყოველთვის იყავი მშვიდი, გახსოვდეს ქვეყნად, რომ დატოვე შვილი პოეტი. მეათასეჯერ გადიხადე იქ პანაშვიდი, რომ დამიწყნარდეს მე ცხოვრება მიეთ-მოეთი. ან: „დამწვარ ქალაქის ვინ აუშვა ჩემ სულში ბოლი“ ან „ო, მეგობრებო, ჩემი სული სხვენია ჭვარტლის“. აქ ლირიზმი მედიუმია, რომელიც სხვა ენით და განცდებით მეტყველებს.
ლიტერტორი. როგორც სჩანს, ლირიული ატირება ტ. ტაბიძის პოეზიის ძვირფასი სამკაული ყოფილა.
პოეტი. სცდებით. იგი პოეზიის შიშვეული ხორცია, ჭრილობებით დაფარული. მე როგორც ვატყობ, თქვენ მიგეჩქარებათ, ბატონო ლიტერატორო: ეს სჩანს თქვენ მოწყვეტილ და დაუმთავრებელ ფრაზებიდან. უკანასკნელად მინდა გაგახსენოთ ადგილი. ლექსიდან „ცხენი ანგელოსით“, აქ მე მგონია, გამართლებულია პოეტი, ისე როგორც არსად ლექსში ისმის ყრუთ ტირილი გულსაკლავი და შეკრული ირონია: „ფრჩხილბი იხსნება: ჩნდება მეწამული სახე პოეტის და დასაღუპად განწირულ რასსის ცხელი კივილი. მე ვგრძნობ ამ სტრიქონებით ფიზიოლოგიურ ტკივილს, საშინელს. გარდასულ დიდების ფონზე ინასკვება ირონია და როგორც უკანასკნელი აკკორდი: რკალავს ლექსის ნაპირს: „გრძელი ულვაშებით ქონდრის კაცები სიონში მღერიან არშან-მალ-ალანს“.
შალვა აფხაიძე
გაზეთი „ბახტრიონი“, 1922, №2