ლეწავდა ტალღებს გემი „ლენინი“
და ქარიშხალი მიჰქონდა ძირით.
თითქოს სკდებოდა ზღვა – მოფენილი
დიოსკურიის სქელი ქვირითით.
მზე იყო როგორც მედეას ძუძუ
და მთვარე როგორც თაფლი დაღვრილი.
გულმა სიხარულს როგორ გაუძლოს,
თუ ცამ აიშვა მწვანე აღვირით?
ვნატრობდი ბიჭი, რომ ერთხელ კიდევ
საქართველოზე მემღერა ტკბილათ!
თვალი ნაპირებს გმოვაკიდე,
ცას ვარსკვლავები დავაძრე კბილით.
იაზონ, პონტი და ისევ არგო!
დღე გავარდნილი სიცხეში – ლაფშა.
წარსული სიტყვას როგორ მოვარგო,
ამ სიხარულმა თუ გამაბავშა?
ძმაო ტიციან! გახსენებ გზაში!
სალამი დილის, ხელი კეთილი!
ხარ ისე, როგორც ღია სიზმარში
ხმალი ლეკეთში გამოკვეთილი.
შენში ადუღდა ქალდეა ცხელი
და პოეტების ძველი წოდება.
მზე გაწოლილი როგორც მხარგრძელი
ხედავ! იმტვრევა ნატეხ ზოდებათ.
ანაპა! ქარმაც ზღვა გადაკეცა –
ცა აიბურძგლა მთვარით ნარჩოლი,
ლენინმა მზე თუ გააათკეცა –
გემი „ლენინი“ ხომ გადამარჩენს?
ასე ვმღეროდი მე გემზე მაშინ,
ასე ხარობდა გული წმინდანი
და ახლაც მესმის სირენას ხმაში
ხმა ქარიშხალის დაუწმინდივი.