ზამთრის ქიმერა – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „შვილდოსანი“, 1920, თებერვალი-მარტი, №2-3

პროზა, შემოქმედება

ზამთრის ქიმერა

კრძალვით და სიცივით მოკუნტულმა შეაღო ყავახანის კარები. კალთა მოხეულ სმოკინგს თოვლი ადნებოდა.

ჩირაღდნებიან სუფრებზე ქეიფობდენ სტუმრები. დამჭკნარი სახე გაუსწორდა, მოწყენილი თვალებით დოქებს გაუღიმა. ათქმევიეს ლექსები სიყვარულზე, სიცილზე. ვინმე ზარხოშმა ღვინის ნაჟური მიაწოდა: ეზიარა ქეიფს.

სუფრიდან სუფრასთან გადადიოდა.

შეკრთა. სმოკინგის მოხეული კალთა ხელით დაიფარა. მოიკუნტა. ამღვრეულმა თვალებმა მოიწყინა და კანკალით გამოვიდა გარეთ.

სიცილი და სითბო დარჩა ყავახანაში.

გათენებამდი დაბორგავდა თოვლიან ქუჩებში. ბრილიანტებათ ბრწყინავდა გაყინული ფიფქი. სმოკინგზე, თმაზე ათოვდა მეოცნებეს: აშენებდა სასახლეებს, ქალაქებს. ფარნის ქვეშ ატირდა თეთრ დედოფალზე.

სანდრო ცირეკიძე

ჟურნალი „შვილდოსანი“, 1920, თებერვალი-მარტი, 2-3